კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველებმა პრეზიდენტს სააკაშვილის რასისტული გამონათქვამები და მილიტარისტული პოლიტიკა დაგმეს

29 ივლისი, 2010

ნინო გელაშვილი

29 ივლისს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ „თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა, ირაკლი კაკაბაძემ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენცია მიეძღვნა რასიზმის, ქსენოფობიისა და მილიტარიზმის აქტიურ გამოვლინებებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებსა და ხელისუფლების პოლიტიკაში.

უფლებადამცველებმა გააკრიტიკეს ორი დღის წინანდელი სააკაშვილისეული რეპლიკა საქართველოს საბაჟოზე ჩანთების გახსნის მავნე ტრადიციების  შესახებ, სადაც მან სიტყვა „ზანგი“ ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენა და ის ველურ ადამიანებს შეადარა - „ჩვენ ზანგები ვართ თუ რატომ ვიქცევით ველურებივით, ამიხსენით?“

ირაკლი კაკაბაძის თქმით, სიტყვა „ზანგი“ თანამედროვე ლექსიკიდანს საერთოდ ამოღებულია და პრეზიდენტი ვალდებულია, დაიცვას ეს სტანდარტი. ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს მსოფლიო მასშტაბით ყველა ფერადკანიანს, განსაკუთრებით კი - საქართველოს მოქალაქეებს. ირაკლი კაკაბაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს სიტყვები შემთხვევით არ წამოსცდენია და რასიზმი დღეს სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.

პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტებს და საელჩოების წარმომადგენლებს უჩვენეს „თავისუფლების ინტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარის, ლევან რამიშვილის ბლოგი, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაქ ობამას არაერთი შეურაცმხყოფელი კარიკატურაა. უჩა ნანუაშვილის თქმით, ბლოგს ფოტოები უახლოეს დღეებშიც დაემატა, სართო ჯამში, მასზე 80-მდე შეუარცხმყოფელი ფოტოა, რომელა ნაწილის მიხედვით, ფერადკანიანი მოსახლეობა უსახლკარო, მიუსაფარი ადამიანები არიან, რომლებიც უდაბნოში უგზო-უკვლოდ დადიან.  ხოლო ერთ-ერთ კარიკატურაზე ბარაკ ობამა კგბ-ს მიერ „დავერბოვკებულ“ აგენტად არის წარმოდგენილი, სადაც მას რასისტული დაცინვით მეტსახელი „თეთრი“ აქვს შერჩეული.

ირაკლი კაკაბაძე მიიჩნევს, რომ „თავისუფლების ინსტიტუტი“ თავისი გავლენით პირდაპირ კავშირშია ხელისუფლებასთან, ამიტომ ბლოგის ქსენოფობიური პოლიტიკა სამთავრობო გუნდის პოლიტიკად შეიძლება მივიჩნიოთ.

კაკაბაძის თქმით, რასისტული პოლიტიკა ყოველთვის არის კავშირში მილიტარიზმთან, რამდენადაც სამხედრო მზადებას ყოველთვის სჭირდება მტრის და ბოროტების იმიჯის გამონახვა, რათა მოხდეს იარაღის შესყიდვა. „ამაზე გარკვეული წრეები საკმაოდ დიდ ფულსაც აკეთებენ. მერე უკვე მოხდება ჯარის მობილიზება გამოგონილი ბოროტების წინააღმდეგ. მერე უკვე ეს ჯარი გამოიყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ხშირ შემთხვევაში, ეს ასეა. სამხრეთ ამერიკული დიქტატურები რომ ავიღოთ, იგივე ჩავესის რეჟიმი და ა.შ. იქაც ასე ხდება - მტრის იმიჯის განმტკიცება რასისტული, ეთნოცენტრისტული, ნაციონალისტური პრინციპით ან კიდევ რელიგიური პრინციპით, და მერე უკვე - საკუთარი მოსახლეობის დაშინება ჯარის მეშვეობით. ასე რომ, რასიზმი, ნაციონალიზმი, ფუნდამეტალიზმი, არის მილიტარიზმის მთავარი მეგობრები. ამის გარეშე მილიტარიზმი არ იარსებებდა“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს 2008 წელს თავდაცვის სამინისტროს სატელევიზიო არხ „საქართველოს“  ეთერით გასული კლიპი უჩვენა. მასში ასახულია თუ როგორ ემზადებიან ახალგაზრდა რეზერვისტები სამხედრო სამსახურისთვის. კლიპი ფაშიზმის მამამთავრის ადოლფ ჰიტლერის სიტყვებით მთავრდება: „ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ დაკარგულ ტერიტორიებს ვერასდროს დავიბრუნებთ ვერც ფორმალურად ქცეული ლოცვით და ვერც ერთა ლიგის იმედზე ყოფნით, არამედ მხოლოდ იარაღის ძალით“. ციტატა დადებით კონტექსტში ჟღერს.

უჩა ნანუაშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილის მილიტარისტული განცხადებები გაიხსენა. მათ შორის ბოლო განცახდება 28 ივლისს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა. „ყველა სოფელს უნდა შეეძლოს თავისი დაცვა. ყველა სოფელში, ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს შესაბამისი მომზადების პატარ–პატარა ჯგუფები მინიმალური რაოდენობის იარაღით იმისათვის, რომ ყველა შეძლოს თავისი მიწის, თავისი სოფლის, თავისი ქუჩის, ქალაქის და რეგიონის დაცვა... თუ მოწინააღმდეგე გადაწყვეტს უკვე დაკავებული და ეთნიკურად გაწმენდილი რეგიონებიდან წინ გადმოსვლას, ყოველი კვადრატული მეტრი ქართული მიწის მის ფეხქვეშ უნდა იწვოდეს – ეს არის ამოცანა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

უჩა ნანუაშვილმა სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, როგორც მილიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯზე ისაუბრა. კანონის ახალი რედაქციით, სამხედრო სარეზერვო სამსახურში სავალდებულო გაწვევას 40 წლამდე პირები დაექვემდებარებიან წელიწადში რამდენჯერმე, თუმცა წლიურად მათი შეკრების ვადა 45 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ამ კანონის დამტკიცებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება არ ფიქრობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე და კვლავ იარაღს აჟღარუნებს.

„სამწუხაროა, რომ ფაშიზმის, რასიზმის, ქსენოფობიისა და მილიტარიზმის წახალისება ხდება იმ დროს, როცა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა კვლავ მხარს უჭერს ქვეყნის გაერთიანებას ევროკავშირსა და ნატოში“, - ნათქვამია პრესკონფერენციაზე უფლებადამცველების მიერ გავრცელებულ განცახდებაში. 

პრესკონფერენციას უნგრეთის კონსული, საფრანგეთის, აზერბაიჯანის, აშშ-ის საელჩოს, ასევე ევროსაბჭოს, ევროკომისიისა და USAID-ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ახალი ამბები