კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაირა გელაშვილი იმედოვნებს, რომ „კავკასიური სახლის“ გამოსახლების შესახებ ბრძანებულებას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს

30 ივლისი, 2010

ნაირა გელაშვილი იმედოვნებს, რომ ტაბიძის #20-დან „კავკასიური სახლის“ გამოსახლების შესახებ ბრძანებულებას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს.

გავრცელებული ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური სახლი“, ისტორიული, ე.წ. სმირნოვების სახლიდან უნდა გამოასახლონ და აღნიშნული შენობა სმირნოვების მუზეუმად გადაკეთდეს.

როგორც „კავკასიური სახლის“ დირექტორმა, მწერალმა ნაირა გელაშვილმა განაცხადა, შესაბამისი ბრძანებულებისთვის პერეზიდენტს ჯერ ხელი არ მოუწერია. „მაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში კულტურის სამინისტრომ და პირადად მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ. რამდენადაც ვიცი, ამ საკითხის შესწავლით მიხეილ სააკაშვილი დაინტერესდა და ვიმედოვნებ, იგი „კავკასიური სახლის“ გამოსახლების შესახებ ბრძანებულებას ხელს არ მოაწერს“, - განაცხადა გელაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს მოეხსენება, რამდენად დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს კავკასიური სოლიდარობის იდეას და ამ სახლის არსებობას თბილისში.

„კავკასიური სახლი“ უკვე ათ წელზე მეტია, საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. აღნიშნულ სახლში სმირნოვების სახლ-მუზეუმს რამდენიმე ოთახი უკავია, რომლებიც წელიწადზე მეტია, დალუქულია. ნაირა გელაშვილის თქმით, ორგანიზაციის წინააღმდეგ მრავალი წელია, ბრძოლა მიმდინარეობს.

„როგორც კი ამ ორგანიზაციას „კავკასიური სახლი“ დაერქვა, ჩვენს წინააღმდეგ ფრონტი გაიხსნა. პირველ რიგში - რუსეთიდან, ოღონდ ადგილობრივი ემისრების საშუალებით“, - განაცხადა გელაშვილმა.

მისი თქმით, „კავკასიური სახლი“ საკუთარი ძალებით მოპოვებული გრანტებით არსებობს. საერთაშორისო ფონდმა „ჰორიზონტი“ შენობის რეკონსტრუქცია-რესტავრაციაც დააფინანსა.

ნაირა გელაშვილის ინფორმაციით, არსებობს კულტურის სამინისტროსა და ფონდ „ჰორიზონტს“ შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, თუ კულტურის სამინისტრო აიძულებს „კავკასიურ სახლს“ დატოვოს შენობა, მაშინ კულტურის სამინისტრომ ფონდს შენობის რესტავრაციაში გადახდილი ნახევარი მილიონი დოლარი უნდა დაუბრუნოს.

კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფიო ხუნწარია აცხადებს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით, „კავკასიური სახლის“ ბაზაზე უნდა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სმირნოვების მუზეუმი. რაც შეეხება „კავკასიური სახლის“ ბედს, ამის შესახებ სოფო ხუნწარია ამბობს, რომ მუზეუმსა და „კავკასიური სახლის“ ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა, რა იქნება მოლაპარაკებათა პირობა, ეს ჯერ უცნობია.

„კავკასიური სახლი“ გალაკტიონ ტაბიძის #20-ში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ე.წ. სმირნოვების სახლი თავის დროზე ცნობილ თბილისელ დიდვაჭარს, თამამშევს ეკუთვნოდა (მე-19 საუკუნე). მისი ქალიშვილის სმირნოვზე გათხოვების შემდეგ სახლი მას მზითევში მისცეს. მოგვიანებით, ამ სახლში დასახლებული სმირნოვების ბოლო შთამომავალმა, მიხეილ სმირნოვმა, რომელიც 1985 წელს გარდაიცვალა, ანდერძით ეს სახლი ამ შენობაში განთავსებულ მთარგმნელობით კოლეგიას დაუტოვა. მოგვიანებით იქ „კავკასიური სახლი“ განთავსდა, რომელმაც ფონდ „ჰორიზონტის“ ნახევარმილიონიანი დაფინანსებით შენობა მთლიანად აღადგინა და მუზეუმში დაცული ექსპონატებიც შემოინახა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები