კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვების კარადაში შენახული ავტომატი, ანუ როგორ ჩნდებიან პოლიტპატიმრები

30 ივლისი, 2010

თეა თოფურია

კონსერვატიული პარტიის წევრი დემურ ანთია 2008 წლის 5 სექტემბერს, დილის ხუთ საათზე დააპატიმრეს. მის სახლში ჩხრეკა გამთენიისას ჩატარდა. პოლიციამ სახლის მეორე სართულზე ბავშვების ოთახში იარაღი აღმოაჩინა. მიუხედავად მის საქმეში არსებული აშკარა დარღვევებისა, ანთიას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სისხლის სამართლის საქმის (# 083080163) მიხედვით, შსს ზუგდიდის პოლიცის სამმართველოში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ დემუ ანთია სახლში არალეგალურ იარაღს ინახავდა. ჩატარდა ჩხრეკა, რომელსაც ორი მეზობელი ესწრებოდა. ჩხრეკის ოქმზე ხელი სწორედ ამ ორ მეზობელს და თავად პოლიციის თანამშრომლებს აქვთ ხელი მოწერილი.

დემურ ანთიამ ბრალი არ აღიარა და განაცხადა, რომ მას პოლიტიკური მოტივით დევნიდნენ.

თხუთმეტი პოლიციელი ერთი სახლის გასაჩხრეკად

დემურ ანთია ორსართულიან, ძველ სახლში ცხოვრობს, სახლს უამრავი კარი და ფანჯარა აქვს, რომელიც ზაფხულში მუდმივად ღიაა. ანთიას, მისი მეუღლის, ასევე მოწმე მეზობლის განცხადებით, ჩხრეკვის დაწყებამდე პოლიცია თავისუფლად გადაადგილდებოდა ოთახებში, მაშინ როცა ოჯახის წევრები ერთ ადგილად იყვნენ მოგროვილნი და არსად უშვებდნენ. მოწმეებს პოლიციამ დაუძახა მხოლოდ ჩხრეკის დაწყებისას და არა იმ წუთას, როდესაც სახლში შემოვიდა. შესაბამისად, პოლიციას ჰქონდა შესაძლებლობა, იარაღი ისე შემოეტანა სახლში, რომ ეს ვერავის დაენახა.

დარეჯან ქობალია, დემურ ანთიას მეუღლე: ,,ჯერ კიდევ ღამე იყო, სახლის უკანა მხრიდან ხმაური შემომესმა. მეგონა, მეზობლის ძროხას იპარავდნენ და წამოვდექი. ამ დროს წინკარზე ბრახუნი ატყდა. კარი, რომ გავაღე, პოლიციელები დავინახე. ჩვენ, ყველანი ქვევით ჩაგვიყვანეს და ოთახიდან არ გვიშვებდნენ. ამ დროს თხუთმეტამდე პოლიციელი სახლსა და ეზოს იყო მოდებული. ყველაგან იყვნენ: წინ, უკან, მეორე სართულზე. ოთახებში თავისუფლად დადიოდნენ, ძალიან ადვილად შეეძლოთ, იარაღი ჩაედოთ. ისედაც, დამალვა თუ უნდოდა დემურს, სხვაგან ვერ დამალავდა?! ვინ დებს ავტომატს და ვაზნებს ბავშვების, არასრულწლოვანი ბიჭების კარადაში”.

საქმეში ასახულია მოწმეების, შერმადინ სარსანიასა და ჯონი ჭითანავას ჩვენებები. ისინი ადასტურებენ, რომ დაინახეს, როგორ ამოიღო პოლიციამ კარადიდან იარაღი. შერმადინ სარსანია აცხადებს, რომ  მაშინ ოქმზე ხელის მოწერა არ უნდოდათ, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ იარაღი იქ თავად პოლიციამ ჩადო.
 
შერმადინ სარსარია, მოწმე: ,,გამოაღეს კარადა და გადმოვარდა ავტომატი. დარეჯანმა კივილი დაიწყო. არ ვაწერდით ჩვენებაზე ხელს, რადგან სახლში ყველგან პოლიციელები იყვნენ და მაგათი ჩადებული იყო ეს იარაღი, მაგრამ მერე სამმართველოში წაგვიყვანეს და იქ მოგვაწერინეს”. 

გარდა ამისა, საქმეში დევს თავად პოლიციელების ჩვენებებიც (უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ლექსო რაფავა და ირაკლი ჯობავა). ამ ჩვენებში ნათქვამია, რომ სახლში სამი პოლიციელის გარდა არავინ შესულა.

მიუხედავად სხვადასხვა ავტორებისა, ჩვენებების ტექსტი აბსოლუტურად იდენტურია. მეორდება არა მხოლოდ შინაარსი, არამედ სიტყვა-სიტყვით მთელი ტექსტი, მათ შორის გრამატიკული შეცდომები და სასვენი ნიშნებიც. ეს ფაქტი ცხადად მიანიშნებს იმაზე, რომ მოწმეები კი არ დაკითხეს, არამედ წინასწარ გამზადებულ ტექსტზე მოაწერინეს ხელი.

ორმაგი სტანდარტი

მიუხედავად იმისა, რომ სახლში დემურ ანთიას გარდა მისი მეუღლე, სიდედრი და ოთხი შვილი ცხოვრობდა, იარაღის შენახვისთვის მხოლოდ დემურ ანთია დააკავეს. თუმცა არაფერი მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ იარაღი მაინც და მაინც მისი იყო.

შეიძლება პარალერი მოვიყვანოთ პოლიტპატიმარ ნორა კვიციანის საქმესთან. ნორა კვიციანი სწორედ მის ბინაში აღმოჩენილი არალეგალური იარაღის გამო დააკავეს, მაშინ, როცა იგივე სახლში კიდევ მისი ქმარი და ვაჟიშვილი ცხოვრობდა. მაშინ სასამართლომ ჩათვალა, რომ იარაღი ოჯახის სამი წევრიდან მაინცდამაინც ქალს ეკუთვნოდა. ამ შემთხვევაში კი, პირიქით, ავტომატი ანთიას მიაკუთვნეს, რადგან ის მამაკაცი და ოჯახის უფროსი იყო.

რაც შეეხება თავად იარაღს, ექპერტიზის დასკვნაში არ წერია, თუ ვისი თითის ანაბეჭდები იყო აღმოჩენილი ავტომატზე. ამგვარი სახის ექსპერტიზა იარაღს არ ჩატარებია, რაც ამძაფრებს ეჭვს, რომ რეალურად ავტომატზე არა ანთიასა და მისი ოჯახის წევრების, არამედ პოლიციელების თითის ანაბეჭდები იყო დატოვებული. ამასთან, ჩხრეკის ოქმში აღნიშნულია, რომ იპოვეს ერთი ცალი უნომრო ავტომატი და 30 ვაზნა. უკვე ექსპერტიზის დასკვნაში კი ნომრიანი ავტომატია მოხსენიებული (AK 74, #1114). შესაბამისად, გამოდის, რომ ანთიას სახლში ერთი ავტომატი იპოვეს, ექსპერტიზა კი მეორეს ჩაუტარდა.

დემურ ანთიას ადვოკატი თემურ ქარდავა ყურადღებას ამახვილებს ჩხრეკის ჩატარების დროზე. თუ იარაღის შესახებ ინფორმაცია სამუშაო საათებში შევიდა, ჩხრეკაც მაშინვე უნდა ჩატარებულიყო. სხვაგვარად გამოდის, რომ პოლიციას ინფორმაცია ღამის 4 საათზე მიაწოდეს.

დავით ბაქრაძე: „დაიცავით თავი ყველა საშუალებით“

ყურადსაღებია კიდევ ერთი გარემოებაც. 2008 წლის აგვისტოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ტელევიზიის მეშვეობით მოუწოდა სამეგრელოს მოსახლეობას თავი დაეცვა ყველა შესაძლო საშუალებით, რადგან არსებობდა აფხაზეთიდან ოკუპანტების შემოჭრის საშიშროება. რეალურად რუსები მართლაც შემოვიდნენ სამეგრელოში, რამაც ამ ტერიტორიაზე ქართული ხელისუფლების სტრუქტურების პარალიზება გამოიწვია. იმ პერიოდში, როდესაც ანთიას სახლში ჩხრეკა ჩატარდა, სამეგრელო ჯერ კიდევ რუსების მიერ იყო ოკუპირებული, შესაბამისად საფრთხეც არსებობდა. აქედან გამომდინარე, ოჯახში იარაღის არსებობა, თუნდაც ეს ასეც ყოფილი, იქნებოდა პასუხი პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებაზე, რაც სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა.

თავად ანთია მისი დაპატიმრების ფაქტს მისავე პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირებს. ანთიას თქმით, ხელისუფლება განსაკუთრებით ერთმა ფაქტმა გააღიზიანა.

დემურ ანთია, ყოფილი პოლიტპატიმარი: „ბაქრაძის მოწოდების მერე, სამეგრელოში ხელისუფლების არც ერთი შტო აღარ დარჩა. რა მექნა, მივედი გაეროს ოფისში, სადაც ოფიცერ კლაივ ტროტს შევხვდი. ვუთხარი, ქალაქი უპატრონოთაა დატოვებული, ხალხში პანიკაა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსების ჯარს მოროდიორებიც მოჰყვებიან, რამე ზომები მიიღეთ-მეთქი. ტროტი რუსეთის სამხედრო ძალებს დაუკავშირდა და მითხრა, არანაირი საფრთხე არ არსებობსო. ჩემი ტროტთან მისვლის და არსებული სიტუაციის შეტყობინების ამბავი გახმაურდა. ეტყობა, ამ ფაქტმა ვიღაცეები გააღიზიანა“.

დემურ ანთიას საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით მივმართეთ და კომენტარი ვთხოვეთ. წერილი უპასუხოდ დარჩა. შსს-ს არ მოისურვა, პასუხი გაეცა იმ ბრალდებებზე, რომელიც ანთიას სამინისტროს სტრუქტურების მიმართ აქვს.

სამი სასამართლო და ერთი განაჩენი

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი მტკიცებულება საქმის ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით, არც ერთმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი არ გამოიტანა. დემურ ანთიას მიესაჯა   ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა (სისხლის სამართლის კოდექსი 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო, როგორც ქუთაისის სააპელაციო, ასევე უზენაეს სასამათლოებში, თუმცა უშედეგოდ. ანთიამ სასჯელი სრულად მოიხადა.

ამჟამად დემურ ანთიას საქმე გადაგზავნილია სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სასამართლში. ანთია სამართლიანი სასამართლოს უფლების აღდგენასა და მორალურ კომპენსაციას ითხოვს.

ჟურნალისტური გამოძიება მომზადებულია დანიის საგამოძიებო ჟუნალისტიკის ასოციაციის მხარდაჭერით.

ახალი ამბები