კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მხარს უჭერს „კავკასიურ სახლს“

3 აგვისტო, 2010
2 აგვისტოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიურ სახლში“ მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ და ორგანიზაციის მოსალოდნელი გაუქმება გააპროტესტეს.

როგორც „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელმა ნაირა გელაშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის 25 ივლისის განკარგულებით, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სმირნოვების მუზეუმი“ და ის „კავკასიური სახლის“ უფლებამონაცვლედ ცხადდება. ეს კი ფაქტობრივად „კავკასიური სახლის“ გაუქმებას ნიშნავს.

„ამ ცვლიელების შესახებ „კავკასიურ სახლს“ დღემდე ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია. კულტურის სამინისტრო, წლებია, იგნორირებას გვიკეთებს და კითხვებზე პასუხს არ გვაძლევს. ასე გრძელდება დღესაც. 1998-99 წლებში დაიდო ხელშეკრულება ევროპულ ფონდ „ჰორიზონტსა“ და საქართველოს მთავრობას შორის, რომლის თანახმადაც, ევროპულმა ფონდმა გალაკტიონის #20-ში მდებარე შენობის რესტავრაცია უზრუნველყო მხოლოდ იმ პირობით, რომ მასში `კავკასიური სახლი~ განთავსდებოდა. თუკი „კავკასიურ სახლს“ ამ შენობის დათმობას მოსთხოვენ, მაშინ მთავრობამ „ჰორიზონტს“ მის რესტავრაციაში დახარჯული ნახევარი მილიონი დოლარი უნდა დაუბრუნოს. ასეთი პირობით არის დადებული ხელშეკრულება და როგორც ჩვენ გვითხრეს, ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გვიან შეიტყო. იგი შეცდომაში შეიყვანეს, როცა განკარგულებას ხელს აწერდა“, - განაცხადა ნაირა გელაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ხელისუფლების გადაწყვეტილება შესაძლოა, რამდენიმე მიზანს ემსახურებოდეს: „ეს არის ან სადამსჯელო ოპერაცია, ან შენობის ხელში ჩაგდების მცდელობა, ან რუსეთისთვის გაგორებული კოჭი“.

შეკრების დასასრულს შეიქმნა „კავკასიური სახლის“ მხარდამჭერთა დარბაზი და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ორგანიზაციის მხარდასაჭერად. გთავაზობთ განცხადების ტექსტს, რომელსაც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეუერთდა:

„კავკასიური სახლის“ მხარდამჭერთა განცხადება

„ვაცხადებთ პროტესტს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის - „კავკასიური სახლის" გაუქმებისა და კულტურის სამინისტროს მხრიდან მისთვის იმ შენობის წართმევის მცდელობის გამო, რომელიც ამ ორგანიზაციამ  მეგობარი ევროპული ფონდების დახმარებით გადაარჩინა დანგრევას, აღადგინა და გადააქცია მულტიეთნიკური საქართველოს კულტურული ცხოვრების კერად, განათლებისა და კავკასიური სამშვიდობო პოლიტიკის ცენტრად.

„კავკასიური სახლი“ ეს არც მხოლოდ ერთი ლოკალური ორგანიზაციაა და არც მხოლოდ მისი შენობა.

„კავკასიური სახლი“ ეს არის სიმბოლო, ეს არის მომავლის უზრუნველმყოფელი, სასიცოცხლო იდეა, იდეალი, ღრმა წარსულში რომ იღებს სათავეს, ცოცხლობს ყველა შორსმხედი კავკასიელის გულში და საუკუნეებს მოჰყვება.
 
ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ოცნება და ზრუნვა მშვიდობიან კავკასიაზე, სადაც ხალხები ერთმანეთს პატივისცემითა და თანაგრძნობით ეკიდებიან, ერთმანეთთან თანამშრომლობენ და ერთად უვლიან  კულტურულ მემკვიდრეობას და საერთო სასიცოცხლო სივრცეს;

და სწორედ საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლი“ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ოც წელიწადზე მეტია, ამ იდეალს ემსახურება, მიუხედავად იმ განუწყვეტელი წინააღმდეგობებისა, რასაც მას უქმნიდნენ სხვადასხვა მხრიდან.

„კავკასიურმა სახლმა“ ასეულობით ლტოლვილ და სოციალურად დაუცველ ბავშვს უპატრონა, მოახერხა მათი სულიერი რეაბილიტაცია, ათეულობით ახალგაზრდა აღზარდა ზოგადსაკაცობრიო  და დემოკრატიული ფასეულებების საფუძველზე, უამრავ ადამიანს გააცნო და შეაყვარა კავკასია.

„კავკასიური სახლი“ ყველა მშვიდობისმოყვარე კავკასიელის და მშვიდობით მოსულ სტუმართა სახლია;

ის არის შეხვედრების, საუბრების, გაზიარების სახლი; შემოქმედებითი და საზოგადოებრივი ცხოვრების ნამდვილი კერა.

ამ ორგანიზაციამ აამაღლა საქართველოს პრესტიჟი როგორც კავკასიაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაეთანხმოს ევროპული ფონდის „ჰორიზონტის“ წინადადებას და დაუმტკიცოს არასამთავრობო „კავკასიურ სახლს“  
მთელი შენობა, გარდა იმ ფართისა, სადაც ამჟამად განთავსებულია „სმირნოვების მუზეუმი“. ამისთვის გამოსასყიდ თანხად ჩათვალოს ფონდის მიერ შენობის რესტავრაციაში გადახდილი თანხა. ან დაუბრუნოს ფონდს ეს თანხა, რათა მან შესძლოს ახალი შენობის შეძენა ორგანიზაციისათვის. ფონდ „ჰორიზონტსა“ და კულტურის სამინისტროს შორის 1998-1999 წლებში დადებულ ხელშეკრულებებში ხომ ნათქვამია, რომ ამ შენობის სხვა ორგანიზაციისთვის გადაცემის შემთხვევაში ფონდი იტოვებს უფლებას, უკან დაიბრუნოს ეს თანხა (ნახევარ მილიონზე მეტი დოლარი).

ჩვენ, ამა წლის 2 აგვისტოს „კავკასიურ სახლში“ შეკრებილი მოქალაქეები,  ვაარსებთ „კავკასიური სახლის“ მხარდამჭერთა საზოგადოებას, და მოვუწოდებთ თანამოაზრეებს შემოგვიერთდნენ.

P.S. თუ ეთანხმებით ამ განცხადებას და გსურთ შემოგვიერთდეთ, გამოგვიგზავნეთ წერილი „კავკასიური სახლის“ ელ.ფოსტაზე: caucasianh@hotmail.com

ახალი ამბები