კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რადგან შიზოფრენიითაა დაავადებული, ერთადერთი ეს მიზეზი ჰქონდათ, დაესკვნათ, რომ ის მკვლელია“

3 აგვისტო, 2010
ნინო გელაშვილი

44 წლის ალექსანდრე ჩ.-ს შიზოტიპური აშლილობის დიაგნოზი აქვს დასმული. ამის მიუხედავად, ორი წელი დედის მკვლელობისთვის სასჯელს რუსთავის #2  საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდიდა. საქართველოს კანონმდებლობით („კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“), როცა საქმე ასეთ დაავადებას ეხება, ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, პატიმარი სპეციალურ საავადმყოფოში გადაიყვანოს. მას შემდეგ, რაც პაციენტი მკურნალობას ჩაიტარებს, ის აგრძელებს სასჯელის მოხდას. ასეთი საავადმყოფო საქართველოში ორია: კუტირსა და გლდანში.    

ალექსანდრე ჩ.-ს უფლებებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს. მას შემდეგ, რაც ცენტრმა საქართველოს უზენაესი სასამართლოდან პატიმრის მკურნალობაზე უარი მიიღო, საქმე სტრასბურგში გააგზავნა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ალექსანდრეს საქმე წარმოებაში მიიღო და საქართველოს მხარეს მალევე მოსთხოვა ინფორმაცია პატიმრის მდგომარეობის შესახებ. საქართველოს მხრიდან მოპასუხე იუსტიციის სამინიტრომ უპასუხა, რომ ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ იყო დაფიქსირებული მუდმივი ფსიქოზი და ამასთან, ავადმყოფი მუდმივი მკურნალობის ქვეშ იყო. ამ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არ ადასტურებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიმართვის შემდეგ ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას პატიმრის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში 24 ივნისამდე მოსთხოვა. ამ ვადის ბოლო დღეს ალექსანდრე მართლაც გადაიყვანეს გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ალექსანდრეს უფლებებს რამდენიმე მიმართულებით იცავს. ბევრი ხარვეზია ალექსანდრეს მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეშიც, სადაც მისი ბრალდების დასადასტურებლად მტკიცებულებები აშკარად არასაკმარისია.

უკრაინის მოქალაქე დედა-შვილი ბიზნესის დასაწყებად საქართველოში 2008 წელს ჩამოვიდა და თან მნიშვნელოვანი თანხა ჩამოიტანა. მათი ბინა პირველ სართულზე იყო. ღია ფანჯარაში გადასვლა სირთულეს არავისთვის წარმოადგენდა. ცენტრში მიიჩნევენ, რომ გამორიცხული არ არის ძარცვის მიზნით, მკვლელობა სხვამ ჩაიდინა და ფსიქიურად ავადმყოფ ალექსანდრეს დაბრალდა.

„არ არსებობს არავითარი საბუთი, რომელიც შვილის მიერ დედის მკვლელობაზე მეტყველებს. რამდენადაც ვიცი, მკვლელობის დროს ის სახლშიც კი არ იყო. არც ანაბეჭდები აღმოჩენილა. თუმცა, რომც აღმოჩენილიყო, ესეც არაფერია, რადგან ის იქ ცხოვრობდა. თანაც ეს ფული მასთან არ აღმოჩნდა. ყველაზე საინტერესო დეტალი არის ის, რომ სასამართლოს დროს ეს ადამიანი ჯანმრთელი რომ ყოფილიყო, შეიძლება ასეთი განაჩენი არც ყოფილიყო მიღებული. ერთადერთი დასკვნა, რომ ის არის მკვლელი, გააკეთეს იმიტომ, რომ ის შიზოფრენიითაა დაავადებული“, - ამბობს ოლღა კალინა, კოორდინატორი პროექტისა „იურიდიული დახმარება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის საქართველოში“.
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ნიკოლოზ ლეგაშვილის თქმით, საქმეში არსებული დოკუმენტებით და სამედიცინო დასკვნებით დგინდება, რომ უკრაინის მოქალაქე ალექსანდრე ჩ.-ს, რომელიც ვერ კითხულობს და შეზღუდულად მეტყველებს ქართულად, მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში არ დანიშვნია თარჯიმანი, რის გამოც იგი ფაქტობრივრად ვერ იგებდა, რაზე მიმდინარეობდა მსჯელობა და დოკუმენტებზე ბრმად აწერდა ხელს. ამასთან, ალექსანდრე ჩ. დაავადებულია შიზოტიპური აშლილობით და ფსევდოფსიქოპათური შიზოფრენიით. ამდენად, მას არ შეეძლო, მონაწილეობა მიეღო სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებებში. ზემოთხსენებულის მიუხედავად, ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2009 წლის განჩინებით უცვლელად დატოვა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 მარტის განჩინება.

ნიკოლოზ ლეგაშვილის თქმით,  ალექსანდრე ჩ.-ს მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: მე-6 მუხლი (სამართლიანი განხილვის უფლება); მე-13 მუხლი (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებაზე) და მე-12 დამატებითი ოქმი (დისკრიმინაციის აკრძალვა).  

ოლღა კალინა მიიჩნევს, რომ პატიმრის მდგომარეობა სერიოზულია. შიზოფრენია საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, მით უმეტეს თუ ქრონიკულია და დიდი ხანია გრძელდება. თუ ეს ადამიანი დიდხანს არის მკურნალობის გარეშე, მას საფრთხე ემუქრება. შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი ძალიან ხშირად უარს ამბობს ჭამაზე; ამ დროს თვითმკვლელობაც შეიძლება თავისუფლად ჩაიდინოს, რადგან ჰალუცინაციის დროს ძალიან ხშირად არის ასეთი იდეები, რომ ვთქვათ, ოპერაცია უნდა გააკეთოს ან სხვადასხვა ასეთი აზრი, შეიძლება იფიქროს, რომ ფანჯრიდან გაფრენა შეუძლია და სხვა.

პატიმარი შეიძლება სხვებისთვისაც იყოს საფრთხე. მართალია, ეს უფრო სტიგმის ბრალია, თუმცა როცა ადამიანი არის ასეთ მდგომარეობაში - აქვს ჰალუცინაციები, ყვირის, სხვები მის მიმართ აგრესიულები ხდებიან.

ოლღა კალინას თქმით, შიზოფრენიით დაავადებული პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანა საქართველოსთვის უცხო არ არის. ის სერგო მ-ს შემთხვევას იხსნებს, როცა პატიმარი კუტირის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ალექსანდრეს მამას უარი უთხრეს შვილის დეპორტაციაზე. მამამისმა, რომელიც მოსკოვში მოღვაწე საკმაოდ ცნობილი მეცნიერია, საქართველოს საელჩოს შვილის დეპორტაციის თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.

ალექსანდრე ჩ.-ს საქმე ევროსასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი პირველი საქმეა, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმარს ეხება.

ახალი ამბები