კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჩვენთვის ერთი თეთრიც არავის მოუცია, ფული სულ თვითონ შეჭამეს! ეს რომ მიშამ იცოდეს წაახრჩობდა მაგათ“ - ქვემო ქართლის სოფლების გასაჭირი

4 აგვისტო, 2010
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ქვემო ქართლის სოფლების - აღთაკლიისა  და ქესალოს მოსახლეობა მთავრობისგან ყურადღებას ითხოვს. „მტკვარს მიაქვს ჩვენი დასახლება. უკვე მერამდე სახლი ჩაითრია. ყურადღების მიმქცევი არვინაა. ვერ ვხვდებით, როდის წავა და მოვა სასმელი წყალი. გაზიც არა გვაქვს. დენის გადასახადს კი 13 თეთრის ნაცვლად 27 თეთრს გვახდევინებენ. მთელი სოფელი სანაგვედაა გადაქცეული. ნაგავიც არავის გააქვს  აქედან. ერთადერთი რაც აქ წესიერად მუშაობს, პოლიციაა“, - ჩივის გარდაბნის რაიონის სოფელ აღთაკლიის მცხოვრები ვუგარ გასანოვი.

აღთაკლიაში კერძო ერთსართულიანი სახლების მოშორებით ორი ნაგვის ურნა დგას, რომელსაც ორმოცდაათ მეტრზე ნაგვის კოლონა მიყვება. humanrights.ge-ემ მიმართა ქვემო ქართლის გუბერნატორს, დავით კირკიტაძეს და ითხოვა  ოფიციალური ინფორმაცია  გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობის შესახებ. მოწოდებულ მონაცემებში ვკითხულობთ, რომ აღთაკლიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის 2010 წლის აპრილში 57 362 ლარი მიიღო. მიუხედავად ამისა, სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ხშირად სასმელი წყლის ყიდვა უწევთ. 

„რაც შეეხება აღთაკლიაში ადიდებულ მტკვართან დაკავშირებულ პრობლემებს, ნამდვილად ვადასტურებ, რომ ასეა, თუმცა ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს და ეს საკითხი მოგვარდება“, - ამბობს ჩვენთან სატელეფონო საუბრისას გარდაბნის რაიონის გამგებელი ზვიად ეპიტაშვილი.

გასული ზაფხულის წყალდიდობა პრობლემას დღემდე უქმნის სოფელ ქესალოს. „წინა აგვისტოს სოფლის 300 ოჯახი დაიტბორა. დაგვეხოცა პირუტყვი და განადგურდა საქონელი.  ჩვენი სახლების კედლებზე დღემდე ჩანს იმ წყალდიდობის კვალი. ზოგს სახლიც დაენგრა. მოვიდა გუბერნატორი დავით კიკიტაძე. დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ ჩვენთვის ერთი თეთრიც  არავის მოუცია. ფული სულ თვითონ შეჭამეს. ეს რომ მიშამ იცოდეს წაახრჩობდა მაგათ“, – ამბობს ქესალოში მცხოვრები მუსტაფა უსტაფაევი, რომელიც თავის სახლს გვათვლიერებინებს და ამბობს, რომ მასზე უარესი მდგომარეობა მის მეზობლებს აქვთ.

„ჩემი სახლიც ასეთ მდგომარეობაშია, უბრალოდ, მე სხვა პრობლემაც მაქვს - 25 წლის პირველი ჯგუფის ინვალიდი შვილი მყავს - ელშან ხიალოვი. მისთვის უკვე რამდენი წელია, ეტლს ვითხოვ. გამგეობაშიც არაერთხელ გავაგზავნეთ წერილი, მაგრამ არავინ დაგვხმარებია. აზერბაიჯანის ტელევიზიაც იყო მოსული. გაგვაშუქეს, მაგრამ შედეგი არაფერი“, – ამბობს მუსა ხიალოვი. მისი სახლის პირველ სართლზე ეზოსთან ახლოს საწოლი დგას, სადაც მისი ვაჟი წევს.

„ჩემთან რომ ვინმე მოსულიყოს და ინვალიდის ეტლი ეთხოვოს, ეგეთი ფაქტი არ ყოფილა. ან როგორ არ მივცემდი?! მოვიდნენ და დავეხმარები. რაც შეეხება ქესალოს დატბორვას, ჩვენ რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ - არხები გავწმინდეთ და რაც იყო, იმაზე ბევრად დიდი მილები ჩავდეთ“, – გვიხსნის გარდაბნის გამგებელი.

ქესალოში დატბორვის გარდა სხვა პრობლემებზეც საუბრობენ: „ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყარო მოსავალია. დავტვირთავთ მანქანებს და გზაში პატრული გვაჩერებს. ამბობს - ტვირთი გადამეტებულია დასაშვებ წონასო და მერე ჯარიმებს გვიწერს. ასეთი რამ ადრე არ იყო. ვერ ვხვდებით, აბა, როგორ უნდა ვიარსებოთ?! სარწყავი წყალიც ძვირი გვიჯდება. ვიხდით 70 ლარს წელიწადში, მხოლოდ,  1 ჰექტარის მოსარწყავად. რატომ უნდა ღირდეს ასეთი ძვირი, როცა ამ წყალს ჩვენამდე მოსაყვანად არანაირი ტექნიკა ან მატორი არ სჭირდება. ამისთვის ხომ არც მუშახელი და არც საწვავი არ იხარჯება?! წყალი თავისით მოდის. აბა, არ იცის ეს ამბავი გუბერნატორმა?!“ - ამბობენ ადგილობრივები.

საინტერესოა, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ქესალომ არა წყალდიდობისგან დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია, ან სარწყავი წლის გადასახადის ნაწილობრივი დაფარვა ითხოვა, არამდედ - სოფლის გარეგანათების მოწყობა. ამ საქმისთვის ქესალოს 72 752 ლარი გადაეცა.

რადგან ქესალოს მცხოვრებნი ჩვენთან საუბარში გუბერნატორის გულგრილობაზე საუბრობდნერნ, ჩვენ დაუკავშიდით ქვემო ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურს და კომენტარი ვითხოვეთ.

„გუბერნატორი ერთი კვირით გასულია ქალაქიდან. აღნიშნულ თემებზე მიმართეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. თუ რომელიმე გამგებელი პრობლემას შეგიქმნით და კომენტარზე უარს იტყვის, დამიკავშიდით. მე მოვაგვარებ ამ საკითხს“, – გვიპასუხა გუბერნატორის პრესამსახურის უფროსმა ხათუნა მამარდაშვილმა.

მისგან ჩვენ ვერ გავიგეთ, რატომ არ იყო გუბერნატორი ქალაქში. მამარდაშვილი უარყოფდა მის შვებულებაში ყოფნის ფაქტს. ამისი მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ ჩვენი გუბერნატორი არჩევნების პერიოდში შვებულებაში უკვე ერთხელ იმყოფებოდა.

ახალი ამბები