კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ენერგო-პრო ჯორჯია“ მოქალაქის პროტესტს არ ითვალისწინებს

6 აგვისტო, 2010
მაკა მალაყმაძე, აჭარა

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მოქალაქე ლელა გოგიბერიძემ მიმართა. იგი ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩის 19-ში ცხოვრობს და აცხადებს, რომ ეზოს ნაწილში „ენერგო-პრო ჯორჯია“ მაღალი ძაბვის კაბელებს ამონტაჟებს და მას საკუთრებას ართმევს.

თავდაპირველად, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბათუმის სამსახურმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გოგიბერიძის ეზოში დროებით მოათავსა. რამდენიმე თვეა, მათი დამონტაჟება უკანონოდ დაიწყეს მოქალაქის საკუთრებაში.

„თავიდან ჩემს მეუღლეს სთხოვეს, ქუჩაში ვინმემ რომ არ მოგვპაროს, თქვენს ეზოში დავაწყობთო. ბოლო პერიოდში კი დამონტაჟება დაიწყეს. მე შევეწინააღმდეგე, რომ ეს ჩემი საკუთრებაა და აქ ქვესადგურის კარადებს როგორ აკეთებთ-მეთქი. ისინი კი მუქარით მპასუხობენ, რომ ხელს ვერ შევუშლი და რაც უნდათ, იმას გააკეთებენ ჩემს ეზოში“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი გოგიბერიძის საცხოვრებელ მისამართზე, ბათუმში, გენერალ მაზნიაშვილის ქუჩის #19-ში იმყოფებოდა. ეზოში კაბელები მართლაც დამონტაჟებულია, თანაც დაულუქავია და სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს:

„ეზოს ამ ნაწილის იქით ვერ გადავდივარ, რადგან დენი გადის ამ კაბელებში და ასე ღიად არის დატოვებული. არ მიეკეროთო, თვითონ კომპანიის თანამშრომლებმა მითხრეს“, - აცხადებს ლელა გოგიბერიძე.

გოგიბერიძეს საკუთრება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ჯერ არ აქვს. თუმცა, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ცნობის მონაცემით, ლელა გოგიბერიძეს 224, 5 კვ. მეტრი მიწის ფართობი გააჩნია. მათგან საცხოვრებელი ფართია 55 კვ. მეტრი.

მოქალაქემ საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს უკვე მიმართა, მაგრამ საკითხის მოსაგვარებლად მათ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გადაამისამართეს. ლელა გოგიბერიძემ განცხადება სამი დღის წინ კომპანიაშიც შეიტანა. მან ასევე სახალხო დამცველის ოფისსაც მიმართა. „ჩემს საკუთრებაში არ მინდა „ენერგო-პრო ჯორჯია“ შემოიჭრას და ჩემი ფართი გამოიყენოს. განა მე იმის უფლება არა მაქვს, ჩემი საკუთრება როგორც მინდა ისე გამოვიყენო?“ - კითხულობს ის.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ „ენერგოპრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის პრესცენტრს, გიორგი სურმავას დაუკავშირდა. სურმავამ საკითხის სწორად შესწავლა გვირჩია და განგვიცხადა, რომ დაკითხვას ნუ ვუწყობთ: „თქვენ თვითონ თუ იცით რა ადგილზე მელაპარაკებით? თბილისში მოვათავსოთ, აბა, მრიცხველის კარადა? სადაც გინდათ იქ დაწერეთ... ორ კვირაში ვუპასუხებთ მოქალაქეს და მანამდე რატომ იწყებთ ხმაურს?“

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის პრესცენტრმა კანონომდებლობის მიხედვით სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილებაც მიგვითითა - „ნახეთ სემეკის დადგენილება, ჩვენ არაფერს ვურღვევთ“. აღნიშნული დადგენილების მუხლი 6 (აღრიცხვის კვანძის მოწყობა) კი წერია: „თუ აუცილებლობიდან გამომდინარეობს, ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებლის კუთვნილს ტერიტორიაზე...“

ახალი ამბები