კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„როცა კოდორს ვკარგავდით, უკვე ვიცოდი, რომ დაბრუნება გაჭირდებოდა“

9 აგვისტო, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
ზუსტად ორი წლის წინ რუსეთისა და აფხაზ სეპარატისტთან ჯარებმა ჩხალთაში სეპარატისტების დროშა ააფრიალეს. მანამდე კოდორის ხეობა ჯერ მოხუცებმა და ბავშვებმა დატოვეს, მოგვიანებით კი, იქაურობას ყველა სვანი გაეცალა. უკვე ორი წელია, ზემო აფხაზეთი ოკუპანტების ამარაა დარჩენილი. კოდორელი სვანები კი, დღეს მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობენ.

„ის დღე ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება. დილიდან ჩოჩქოლი იყო, მეზობლები გარბი-გამორბოდნენ. მერე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და თითქმის მთელი სოფელი დაცარიელდა. ჭიშკრებთან ხალხი კანტიკუნტად იდგა, თუმცა არავინ ლაპარაკობდა. რამდენჯერმე ვიკითხე, რა ხდება-მეთქი და არაა კაი ამბავიო - მეზობელმა მიპასუხა. ასეთი სიჩუმე მხოლოდ ომმა თუ იცის... ასეთი სიჩუმე მანამდე არასოდეს ყოფილა. სწრაფად მოვედი გონს და ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. თუ დავრჩებოდი, ისევე გაგვანადგურებდნენ, როგორც ქართული დროშები გაანადგურეს. ჩვენივე ხეობაში ზედმეტი აღმოვჩნდით და იქაურობა მგონი, სამუდამოდ დავტოვეთ. როცა ვკარგავდით, უკვე ვიცოდი, რომ დაბრუნება გაჭირდებოდა“, - ყვება კოდორის ხეობის მკვიდრი  ვაჟა ოთხვანი. ის და მისი ოჯახი დღეს ქუთაისში დევნილთა  ერთ-ერთ კოლექტიურ დასახლებაში ცხოვრობს.

მშრომელ გლეხს დევნილობის პირველივე დღეებიდან გაუჭირდა, ქალაქის ფერხულში ჩამდგარიყო. „მაგრამ მთავარი ეს არაა. მთავარი ის უფროა, რა იქნება ხვალ. ჩვენ მდიდარი მიწის შვილები ვართ. მდიდარი ხეობა გვქონდა და ვერ მოვუარეთ. 15 წელი შვილივით შევხაროდით, ველოლიავებოდით და უცებ, ერთი ხელის მოსმით ქარს გავატანეთ. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ: კოდორი ვიღაცის სულელურ ამბიციებს გადავაყოლეთ“, - წუხს ვაჟა ოთხვანი.

კოდორელები წარსულ დროში სინანულით და ცოტა გაბრაზებითაც საუბრობენ. იმაში, რომ დღეს დევნილები არიან, მხოლოდ რუსებს და აფხაზ სეპარატისტებს არ ადანაშაულებენ.

„ისე გამოვიდა, რომ მოგვატყუეს. გვეუბნებოდნენ, საშიში არაფერი იყო. ბოლოს კი, ადგილობრივი მთავრობის წევრები კოდორიდან ისე გაიქცნენ, უკანაც არ მოუხედიათ. რა თქმა უნდა, იმ დროს ჩვენც არავის გავხსენებივართ. სამხედროებისგან ზუსტად 5 წუთში დაიცალა ხეობა. ჩვენ კი, რომ არ ჩავეხოცეთ, ჩვენი ძალებით დავტოვეთ იქაურობა. არ წამოვიდოდით, საჰაერო დაბომბვა რომ არ ყოფილიყო. გავუძლებდით, მაგრამ ცეცხლის წვიმამ დაგვაფრთხო, ბავშვებს გადავეფარეთ და გავეცალეთ იქაურობას“, - იხსენებს ფატმან ოთხვანი.

63 წლის დედისთვის, რომელსაც შვილის საფლავზე მისვლა ორი წელია, ნატვრად გადაექცა, აგვისტო ტყვია-წამლის მტვერში გახვეულ კოდორთან და გაქცეულ სამხედროებთან ასოცირდება. მწარედ ახსენდება ის მომენტი, როცა ადგილობრივებისგან დაცლილი გენწვიში იქამდე არ დატოვა, ვიდრე რუსული ბომბი მის ეზოში არ აფეთქდა.

„კიდევ არ წამოვიდოდი და ჩემს მიწას მტერს არ დავანებებდი, მაგრამ სული მწარეა, შვილო... ეზოს კუთხეში მეხივით რომ გასკდა რაღაცა და ყველაფერი მტვერში გაეხვია, მივხვდი, რომ თუ დავრჩებოდი, მაინც ვერაფერს გადავარჩენდი. საჰაერო დაბომბვა იყო და ყველაფერი მიწასთან სწორდებოდა. არც წინააღმდეგობა იყო ჩვენი მხრიდან და ჩვენს დარჩენას რა აზრი ჰქონდა? სამწუხაროდ, მტერმა ადვილად მოახერხა ხეობის აღება. ახლა იქ რუსები დგანან, ჩვენ კი, ამ ქალაქში უცხოდ ვართ და ჩვენი მიწა გვენატრება“, - ამბობს ქალბატონი ფატმანი.

ქუთაისის გარეუბანში, დევნილთა ერთერთ კოლექტიურ ცენტრში ოთხვანების გარდა 50 ოჯახი ცხოვრობს. უმრავლესობა კოდორის მკვიდრია და განცდებიც ყველას  ერთი აქვს: „აქ ხელფეხშეკრული ვართ. გასაქანი არა გვაქვს, რომ გავინძრეთ და საქმეს ვეწიოთ. გლეხისთვის ტყუილა, უსაქმოდ ყოფნა სიკვდილს ნიშნავს. ჩათვალეთ, რომ ნახევრად მკვდარი ვართ. ვიღაცა ორ ლუკმა საჭმელს ან საჩუქარს რომ გაიმეტებს, ის გვეყოფა? მიწა გვინდა, ჩვენი მიწა, რომ გავიდეთ და ვიმუშაოთ“, - ამბობენ კოდორელები, რომლებიც ერთ რამეში დარწმუნებული არიან: „ხეობა მთელ აფხაზეთთან და სოხუმთან ერთად უნდა დავიბრუნოთ. სხვანაირად, უბრალოდ,  წარმოუდგენელია“.

ახალი ამბები