კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაბზარულ კედელზე მიკრული პრეზიდენტი და სლოგანი - „საქართველო სიღარიბის გარეშე“

9 აგვისტო, 2010
შორენა ღლონტი, გურია

75 წლის პენსიონერი,  პირველი ჯგუფის ინვალიდი ჟენია ტეფნაძე წლებია, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მის ქონებას ძალიან ძველი რკინის საწოლი, წამლებით გადატვირთული პატარა მაგიდა და ერთი მორყეული სკამი შეადგენს. ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ პენსია და სოციალური დახმარება - 30 ლარი აქვს.

როგორც თავად ამბობს, მთელი თვის შემოსავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების შესაძენადაც არ ჰყოფნის. დაშლის პირასაა ფერადი პოლიეთილენის დახეული პარკებით აჭრელებული და თხელი, უკვე გაფუჭებული ფანერიდან აკინძული კედლები. პენსიონერი წლებია, ადგილობრივი ხელისუფლებიდან დახმარებას ითხოვს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც ორჯერ მიმართა, მაგრამ მისი სოციალური მდგომარეობა ამ დრომდე არ შეცვლილა, პირიქით - დღითიდღე უარესდება.

„1976 წლიდან ამ კარავში მარტო ვცხოვრობ. ვიცი, ბევრი არის ჩემნაირი, მაგრამ რა ვქნა, ბებო, ეს ჩემთვის რა ნუგეშია?! პენსიას სულ აფთიაქში ვტოვებ“, - გვიხსნის ჟენია ტეფნაძე და დასძენს, რომ სადილს თვეში ერთხელ თუ გააკეთებს, ისიც მხოლოდ ბოსტნეულის წვნიანს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ შვილი ესტუმრება.

„ჩემი ყოველდღიური საკვები  ჩაი და ხმელა პურია. როგორ გავაკეთო სადილი? თვეში მხოლოდ რამდენიმე კგ კარტოფილს თუ ვიყიდი. ელექტროენერგიასაც ვზოგავ. აბა, გაზქურა მე არა მაქვს და ელექტროღუმელი, რომ ჩავრთო. გადაუხდელობის გამო მალე იმ ერთ ნათურასაც ვეღარ ავანთებ, რაც მაქვს და სანთელსაც ვერ ვიყიდი“, - ამბობს მოხუცი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და სამხარეო ადმინისტრაციიდან დახმარებას წლებია ელოდება: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და სამხარეო ადმინისტრაციას რამდენჯერმე მივმართე. ვითხოვდი უსახლკარო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა დახმარებას. დაპირებებში წლები გავიდა. შარშან შემპირდნენ 5000 ლარს, მაგრამ შემდეგ მითხრეს, საკმარისი ფინანსები არა გვაქვს და 2500 ლარით დაგეხმარებითო. ახლახანს გავიგე, რომ თანხა ივნისის შუა რიცხვებში ჩაურიცხავთ, მაგრამ არ ამიღია. ისევ ისე დევს ანგარიშზე. ამ თანხით ერთი ოთახის გაკეთებასაც ვერ მოვახერხებ. გუბერნატორთან როცა ვიყავი, მის  თანამშრომელს ლანა ლომაძეს უთხრა - ამ ქალბატონს დახმარება სჭირდება და დავეხმაროთო, მაგრამ...“ 

გაბზარულ კედელზე მიკრულია 2008 წლის კალენდარი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტოთი და საპარლამენტო არჩევნების დროინდელი სლოგანით „საქართველო სიღარიბის გარეშე“.

როგორც ამბობს, მან დაზღვეული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ორჯერ გაუგზავნა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია: „პრეზიდენტს რომ ჩემი წერილი წაეკითხა, ვფიქრობ, დამეხმარებოდა, მაგრამ ვერ გეტყვით, მივიდა თუ არა ადრესატამდე“.

ჟენია ტეფნაძის თქმით, გუბერნატორის მისაღებში მისმა მოადგილემ თამაზ მახარაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხმამაღლა ყვირილი დაუწყო - ქალო, შენ დახმარება ხომ მოგეცითო.

„შევეპასუხე, რომ მისთვის „ქალი“ არ ვიყავი და ნორმალურად უნდა მოემართა. რას გულისხმობდა გუბერნატორის მოადგილე, ნეტავ იმ ფულს, ხომ არა „ვითომ“ რომ მომცეს?!“ - კითხულობს  ის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ტყუილში ადანაშაულებს, ამბობს, რომ დახმარებები, რომელიც მის სახელზეა გაწერილი, სინამდვილეში, მას არ მიუღია.

„თქვენს ოჯახს 2008 წელს გაეწია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 600 ლარის, ხოლო 2009 წელს - 200 ლარის ოდენობით“, - ვკითხულობთ წერილში, რომელიც ჟენია ტეფნაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, გამგებლის მოადგილის, ლავრენტი ქვილორიას ხელმოწერით მიიღო. რატომღაც ამ დოკუმენტის თარიღია 2008 წლის 16 სექტემბერი. ვინაიდან ქვილორია შვებულებაში იმყოფება, ამ საკითხზე მისი კომენტარი ვერ მოვისმინეთ.

როგორც ოზურგეთის მუნციპალიტეტის გამგეობის სოციალურ სამსახურში აცხადებენ, ჟენია ტეფნაძეს 2008 წლის 5 მარტის #5 ოქმის თანახმად 100 ლარი, ხოლო ამავე წლის 14 მაისს #9 ოქმის მიხედვით 500 ლარი გამოეყო (სულ 600 ლარი).

ტეფნაძე კი ამტკიცებს, რომ მას ხელი არაფერზე მოუწერია და ფულიც არ აუღია.
გამგეობაში ამ ბრალდებებზე გვითხრეს, რომ ტეფნაძეს ავადმყოფობის გამო გადაადგილება არ შეეძლო. გამოყოფილი თანხა მისმა შვილმა მიიღო და დოკუმენტზე ხელიც მოაწერა.

ახალი ამბები