კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წყალში გადაყრილი მილიონები

11 აგვისტო, 2010
ინგა გვასალია, სამეგრელო

ფოთის 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დღემდე 27 მილიონია დახარჯული. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთელი საქართველოს დასანახად რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში დიდის ამბით მოგვილოცა „მუდმივი წყალი“ და ამ ისტორიული მოვლენის გახსნის ნიშნად, ერთ-ერთი ფოთელის ოჯახში სიმბოლურად ონკანიც მოუშვა. როგორც შემდეგ გაირკვა, იმ ონკანში წყალი სახლის სახურავზე დადგმული რეზერვუარიდან მოედინებოდა. ყველაზე მეტად ფოთელები მოტყუვდნენ, რადგან ამ ღირსშესანიშნავი თარიღიდან ორი წლის შემდეგაც მათ წყალი ჩვეულებისამებრ, ყოველ მეორე დღეს რამდენიმე საათით მიეწოდებათ და, სხვათა შორის, საქართველოში ყველა რეგიონზე ძვირადაც.

პასუხს გადაჭრით დღესაც ვერავინ ამბობს, ექნებათ თუ არა ფოთელებს წყალი მოკლე ხანში. დაპირებებიც და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც გრძელდება. პროექტის საბოლოოდ დასრულებისთვის „აზიის განვითარების ბანკმა“ და სხვა საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციებმა მორიგი გრანტი გამოყვეს. დაწყებულია ქალაქის შიდა ქსელების რეაბილიტაცია, რისთვისაც 12 მილიონი ლარი დაიხარჯება. როგორი შედეგიანი იქნება ამდენმილიონიანი სამუშაოები და ეღირსება თუ არა ქალაქს თვითდინებით მომავალი წყალი, ამას სამუშაოების დასრულების შემდეგ ვნახავთ.

სად გაქრა მილიონობით ლარი?

ფოთის „24 საათიანი წყალმომარაგების პროექტზე“ მუშაობა 2007 წელს დაიწყო. სამუშაოების დასრულების ვადად წელიწადი და რვა თვე დასახელდა. პროექტის მთლიანმა  ღირებულებამ 27 მლნ ლარი შეადგინა. აქედან, გრანტის სახით 8.58 მილიონი ლარი ფონდმა „ათასწლეულის გამოწვევა - საქართველომ“ (MCG) გაიღო; 8.8 მილიონი ლარი - შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (SIDA). საქართველოს მთავრობამ 1.55 ლარი გამოყო, ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 2.57 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამას გარდა, ფოთის თვითმმართველობის თავდებობით, EBRD-მა გამოყო სესხი - 5.5 მილიონი ლარის ოდენობით.

საქართველოს სახელმწიფო წყლის გაერთიანებული კომპანიის უფროსის მოადგილის, დავით მაჭავარიანის თქმით, პროექტი სამ ეტაპად იყო დაყოფილი და უკვე ორი სატუმბო სადგურის რეაბილიტაცია განხორციელდა. მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაგეგმილია 7 კილომეტრიანი წყლის მილის გამოცვლა, რაც უზრუნველყოფს წყლის უწყვეტად მიწოდებას მოსახლეობისათვის. მომავალ წელს ასევე დასრულდება გამწმენდი ნაგებობისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია.
 
პროექტის დაწყებისას „ფოთი წყალკანალსა“ და „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ შორის ხელშეკრულება 2006 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა, რითაც ფონდს პასუხისმგებლობა დაეკისრა პროექტის უზრუნველყოფაზე, ანუ დაპროექტებისა და სამუშაოების შესრულების ხარისხზე.

წლები გავიდა და ფოთის მოსახლეობისთვის არაფერი შეცვლილა. სასმელი წყალი ქალაქს კვლავ ყოველ მეორე დღეს, სამი–ოთხი საათით მიეწოდება. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი ქალაქის მოძველებული წყალგამტარი მილებია, რომელიც თურმე ამორტიზებულია და წყლის წნევას ვერ უძლებს. როგორ ჩანს, თავის დროზე, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტი ჩატარდა. პროექტის ავტორები ვარაუდობდნენ, რომ არსებული ძველი მილები წყლის წნევას გაუძლებდა, მაგრამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა და წნევით წამოსულმა წყალმა მილებიც შეიწირა. თავის დროზე, სპეციალისტები საპროექტო სამუშაოებში დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებდნენ, რამაც სხვა ყველაფერთან ერთად, წყლის ხარისხზეც იმოქმედა. საკმარისია, გაწვიმდეს და ღროულის სათავო ნაგებობიდან ამღვრეული და უსიამოვნო გემოსა და სუნის მქონე წყალი მოდის.

არადა, პროექტით გათვალისწინებული იყო მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი წყლის მიწოდება. ამის საპირისპიროდ, ფოთში ძალზე გახშირდა წყლით გამოწვეული დაავადებების გავრცელება.

უპრეცედენტო განაჩენი

საუკუნის პროექტად წოდებულის „ჩავარდნა“ ძვირად დაუჯდათ მაშინდელი „ფოთი-წყალკანალის“ მაშინდელ ხელმძღვანელს ვალოდია მსხილაძესა და მთავარ ინჟინერს გელა მოდებაძეს. ისინი სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. მართალია, ხელშეკრულების თანახმად, დაკავებულებს პროექტის საფინასო-საბანკო ანგარიშებთან კავშირი არ ჰქონდათ, მაგრამ მსხილაძე, როგორც სამსახურის ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი პირი, ვალდებული იყო შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეეფასებინა, როცა ობიექტი ჩაიბარა.

იმავე ხელშეკრულების თანახმად კი, შესრულებულ სამუშაოებზე და მისთვის გამოყოფილ თანხებზე პასუხისმგებელი „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ გახლდათ. ამ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი კითხვა გაჩნდა. რატომ დაეკისრა მხოლოდ „ფოთი წყალკანალის“ ხელმძღვანელებს პასუხიმგებლობა, როცა პროექტზე პასუხიმგებელი მუნიციპალური განვითარების ფონდი იყო? როგორც ჩანს, დაკავებულები „განტევების ვაცები“ არიან ჩათვალა. განაჩენიც უპრეცედენტო აღმოჩნდა - წაყენებული ბრალდებების მიხედვით, პროკურატურამ დაკავებულებისთვის 56 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, სასამართლომ მართალია, ეს სასტიკი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მაგრამ სასჯელი მაინც მძიმე გამოიტანა – მსხილაძესა და მის მოადგილეს 30-30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.      

 შესრულდა თუ არა სატენდერო პირობები

პაატა იაკობაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის ტექნიკური სამმართველოს უფროსი: „რაც დაგეგმილი იყო და რასაც ხელშეკრულება ითვალისწინებდა, ყველაფერი გაკეთდა და შესრულდა. მიღება-ჩაბარებაც გაფორმებულია. აშენდა 46 კმ-იანი ახალი მაგისტრალი, რომელიც მარტვილის ღროულის წყაროებიდან თვითდინებით სასმელი წყლის ნაბადამდე მოდინებას ითვალისწინებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა და მილსადენებიც გამოიცვალა, სამწუხაროდ, ფოთში კიდევ ბევრი პრობლემაა. გამოსაცვლელია ქალაქში არსებული ძველი მილსადენები. საჭიროა გარკვეული სამუშაოების ჩატარება, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მოსახლეობისთვის  წყლის მიწოდებას. მართალია, ქალაქის ქსელში მილების გარკვეული ნაწილი გამოიცვალა, საჭიროა დარჩენილის გამოცვლაც, რადგან ამორტიზებულია“. 

იაკობაშვილის განმარტებით 27 მილიონი ლარი, რითაც პროექტი დაფინანსდა, საკმარისი არ იყო ქსელის სრული რეაბილიტაციისთვის: „24-საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭიროა დამატებითი ღონისძიებები. ჩვენ გავაკეთეთ ის მაქსიმუმი, რის საშუალებასაც თანხები გვაძლევდა. რაც გაკეთდა, გაკეთდა ზედმიწევნით კარგად, მაგრამ რაც პროექტში არ იყო გათვალისწინებული, ეს ქმნის პრობლემას. ამდენად, აღნიშნული თანხა არ იყო საკმარისი ქსელის სრული რეაბილიტაციისთვის. დაგეგმილია დანარჩენი ქსელების რეაბილიტაცია, რაც მაქსიმალურად შეამცირებს ქალაქის ქსელში დანაკარგებს. სწორედ ეს იყო ძირითადად წყლის  არასრულფასოვნად მიწოდებისა და პროექტის დროზე დაუსრულებლობის მიზეზი. აწი შესასრულებელი სამუშაოები საშუალებას მოგვცემს  გაუმჯობესდეს წყლის მიწოდება ფოთში. იგეგმება ნოსირის სათავო ნაგებობის რეაბილიტაციაც“.      

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, შესასრულებელი სამუშაოებისთვის „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში რამდენიმე ფირმამ გაიმარჯვა, რომლებიც სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებდნენ. ღროულის სამუშაოები მარტვილიდან-ნოსირამდე შპს „ფერიმ“ შეასრულა, ქალაქის გამრიცხველიანებაზე კი შპს „რემშენმა“ იმუშავა, ხოლო ნოსირი-ფოთის მაგისტრალზე შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს  შპს „წყალკანალრემმშენი“ ახორციელებდა. ქალაქში სამოცდათერთმეტ ქუჩაზე, 38 კმ-იანი ქსელი გამოიცვალა. აღნიშნულმა კომპანიამ სამუშაოები დათქმულ ვადაში დაასრულა, თუმცა, მათი მისამართით არაერთი ბრალდება გაჩნდა. ძირითადად, მოსახლეობის პრეტენზია მილების უხარისხობამ გამოიწვია. არსებობს ვარაუდი, რიმ კომპანიმ ძველი მილები გამოიყენა.

იაკობაშვილმა კი კატეგორიულად უარყო, თითქოს პოლიეთილენის ძველი მილებით მოხდა ქსელის რეაბილიტაცია: „ეს სრულიად გამორიცხულია. ტყუილია, რომ ნახმარი მილებია ჩადებული. ჯერ ერთი, ქსელი მთლიანად დაპროექტებულია  პოლიეთილენის მილებით. პოლიეთილენის მილი საიდანღაც ამოჭრა და სხვაგან ჩადო, ეს არარეალურია. მოსახლეობას, ბუნებრივია, ექნება ყოველთვის შენიშვნები, მით უმეტეს, როცა, დაპირების მიუხედავად, დღემდე არ   მიეწოდებათ მუდმივად წყალი“.   

იაკობაშვილი იმასაც ამტკიცებს, რომ მათი მხრიდან პროექტი მკაცრად კონტროლდებოდა, ანუ სისტემატურად მუშაობდა მონიტორინგის ჯგუფი. თუმცა, არსებობს თუ არა მათ მიერ მომზადებული რაიმე დასკვნა, ჩვენთვის უცნობია. „რა თქმა უნდა, მონიტორინგს ახორციელდებდა როგორც ჩვენი ორგანიზაცია, ასევე „მილენიუმის“ წარმომადგენლებიც. ამდენად, ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს“, - ამბობს იაკობაშვილი. მონიტორინგს ქალაქის წინა მოწვევის საკრებულოში შექმნილი ჯგუფიც ახორციელებდა, თუმცა რაიმე სახის დასკვნის დასაწერად თავი არც მათ შეუწუხებიათ.

გაძვირებული და გაუარესებული წყალმომარაგება

შიდა ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს. რამდენიმე მრავალსართულიან სახლში წყლის მილები გამოცვალეს, მაგრამ ცხრასართულიანი სახლების ზედა სართულებზე მცხოვრებ მოსახლეობამდე წყალი ხშირად არ ადის. 

„სასმელი წყლის მილების გამოცვლამდე, წყალი ამომდიოდა მეცხრე სართულზე. ახლა კი, ხშირად, წყლის აღებას რამდენიმე მოწოდების დროს ვერ ვახერხებ და იძულებული ვარ, წყალი ქვედა სართულებიდან ამოვიტანო“, - გვითხრა ჭანტურიას ქუჩის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.

გამოდის, ამდენი მილიონი „წყალში გადაყრილია“, რადგან სისტემის სრული რეაბილიტაცია ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ფოთისთვის უწყვეტი წყალმომარაგების მოსაგვარებლად, როგორც აღვნიშნეთ, უკვე დამატებითი თანხებია  გამოყოფილი.

რაც შეეხება წყლის ფასს – ფოთის საკრებულოს დადგენილებით, იგი მხოლოდ პროექტის სრულად ამოქმედების შემთხვევაში უნდა გაზრდილიყო, მაგრამ წყლის გაძვირება (გაორმაგება)  საკრებულომ „უწყლოდაც“ კარგად მოახერხა.

ახალი ამბები