კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეზო კახნიაშვილმა ნინო ბურჯანაძეს კვერცხები ესროლა

13 აგვისტო, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

„ჩემი თანდასწრებით დაურეკა სააკაშვილს პუტინმა და მკაცრად გააფრთხილა, არ დაეწყო ომი და არ დაებომბა მშვიდობისმყოფელები“, - განაცხადა 12 აგვისტოს ნინო ბურჯანაძემ ადგილობრივი ტელეკომპანია „თრიალეთის“ პირდაპირ ეთერში. 2 საათის განმავლობაში ნინო ბურჯანაძის რეგიონის მოსახლეობის ზარებს პასუხობდა. ფაქტობრივად, აღნიშნული ტელევიზიისთვის ეს გადაცემა ერთ-ერთი რეიტინგული აღმოჩნდა  შესული ზარების მიხედვით.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე ბურჯანაძეს დევნილთა დასახლებაში ინციდენტი შეემთხვა. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხურვალეთის დასახლებაში 12 აგვისტოს მედიისთვის მოულოდნელად გამოჩნდა. ოპოზიციური პარტიის ლიდერი აქ ონკოლოგიური ავადმყოფის, მარინა ბეჟაშვილის სანახავად ჩავიდა. თუმცა დასახლებაში ოცამდე ადამიანი დახვდა, რომლებმაც მიზანმიმართულად დაიწყეს ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება. 

ნინო ბურჯანაძის თქმით, ამ ჯგუფს რევაზ კახნიაშვილი ხელმძღვანელობდა. კახნიაშვილი ლიახვის ხეობის დეპუტატის, ბადრი ბასიშვილის ბიუროს ხელმძღვანელია. ბოლო მოწვევის საკრებულოს წევრიც გახდა, თუმცა საკუთარი განცხადების საფუძველზე საკრებულოს შემადგენლობიდან წავიდა. სხვათაშორის, რევაზ კახნიაშვილი ბურჯანაძის ყოველ ჩასვლას ესწრება და ყოველთვის თვითონ აქტიურობს. ფოტოზე სწორედ ერთ-ერთი მისი აქტიურობაა გადაღებული.

ნინო ბურჯანაძეს  ლიახვის ხეობის დეპუტატის ბადრი ბასიშვილის თანამებრძოლების წყალობით, ბეჟაშვილებთან  მშვიდობიანი საუბრის საშუალება არ მიეცა. ამის შესახებ ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივი მედიის საშუალებით განაცხადა.

„რამდენიმე მამაკაცი გამუდმებით ერთი და იგივეს იმეორებდა, რომ მათ ჩემი მოსმენა არ უნდოდათ. ყურებზე ხელებს იფარებდნენ და ცდილობდნენ იმ სიმართლისთვის არ მოესმინათ, რის თქმასაც ვაპირებდი. ისინი არ მაძლევდნენ საშუალებას, შეხვედრა ნორმალურ რეჟიმში წარმართულიყო.  იყო პროვოკაციული გამოხტომები და სიტუაციის იმგვარად წარმართვა, რომ მდგომარეობა უფრო მეტად დაძაბულიყო, მაგრამ ჩვენ მათ პროვოკაციას არ ავყევით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

როგორც ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრმა ლუკა კურტანიძემ განაცხადა, ბურჯანაძეს ქვებიც ესროლეს: „ჩვენ ხურვალეთის დასახლებიდან გვაცნობეს, რომ ზონდერებმა კვერცხებიც კი გამოიყენეს სტუმრების მიმართ“.

ადგილობრივი ტელეკომპანია „თრიალეთის“ საღამოს ეთერში ნინო ბურჯანაძემ  პასუხი გასცა სატელეფონი ზარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე ეთერში გაშვების ნომერი არ იყო მითითებული, პირდაპირ ეთერში ერედვიდან დევნილები რეკავდნენ. თავდაპირველად ისინი, ძირითადად, უარყოფით დამოკიდებულებას ავლენდნენ იმ პოლიტიკის მიმართ, რომლის განხორციელებას ნინო ბურჯანაძე აპირებს. ორსაათიანი გადაცემის განმავლობაში ბურჯანაძის მხარდამჭერი ზარებიც გააქტიურდა. საბოლოო ჯამში ინტერაქტიული გამოკითხვაც  შეჯამდა, 1 300 ზარიდან 620 ზარის ავტორი თვლის, რომ აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

ახალი ამბები