კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეთა აქციებმა პერმანენტული სახე მიიღო

16 აგვისტო, 2010
ინტერპრესნიუსი
16 აგვისტოს თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციაზე თბილისის სხვადასხვა ადგილების გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ. ისინი თბილისის მერიისგან კვლავ გარევაჭრობის უფლების მიღებას მოითხოვდნენ.

გარემოვაჭრეების მოთხოვნაა, მერიამ მათ კვლავინდებურად ვაჭრობის ნება დართოს 1 აგვისტომდე დაკავებულ ადგილებში. გარემოვაჭრეებმა თბილისის მერის სახელზე განცხადება შეიტანეს. განცხადება „კონსერვატიული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის მიერ არის შედგენილი, რომელიც გარევაჭრობის რეგულირების წინადადებებს შეიცავს.

ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, გარევაჭრობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია დაშვებული, მაგრამ ამისათვის სხვადასხვა ქალაქების მუნიციპალიტეტები სპეციალურ ადგილებს გამოყოფენ და იცავენ სისუფთავეს. მისი თქმით, გარევაჭრობა არის ქალაქის ერთ-ერთი დამახასიათებელი ლამაზი ფორმა, რომელიც შეიძლება ძალიან კარგად დარეგულირდეს და მოეწყოს.

ჩხარტიშვილის თქმით, მან წინადადებათა პაკეტი მოამზადა გარემოვაჭრეთა შეთანხმებით, რომელიც შესაძლებელია, ნორმატიულ აქტად იქცეს და რითაც დარეგულირდება გარემოვაჭრეთა სამუშაო პროცესი. ამ წინადადების განხილვამდე კი, მოვაჭრეები გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ.

საპროტესტო აქციას ლაშა ჩხარტიშვილის გარდა „ხალხის პარტიის“ წევრი ალექსანდრე შალამბერიძე უძღვებოდა. აქციას ასევე შეუერთდნენ მოძრაობა „არას“ წარმომადგენლები, რომლებმაც ასევე გარევაჭრობის დაკანონების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

ერთი საათის შემდეგ აქცია დასრულდა. შემდეგი აქცია ჩანიშნულია ხუთშაბათს, 18 აგვისტოს 12:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ბრძოლა ამ ეტაპზე არ უნდა შეწყდეს და მთავარია, გარემოვაჭრეებმა შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა და გარევაჭრობის წესების დადგენა-დაკანონება.

საპროტესტო აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილის თაოსნობით დარიგდა ბლანკები გარემოვაჭრეთა პროფესიული ლიგის შექმნის შესახებ. გარემოვაჭრეები ბლანკებს ავსებენ, რათა შექმნან გაერთიანება, რომელიც მათი სახელით მათი უფლებების დაცვისთვის იბრძოლებს.

17 აგვისტოს გარემოვაჭრეები იმ ადგილებში მივლენ, სადაც ისინი აქამდე ვაჭრობდნენ და ეცდებიან, ხელმოწერები მოაგროვონ, რათა გარევაჭრობის გაგრძელების უფლება მიეცეთ.

გარემოვაჭრეთა განცხადებით, თბილისის მერიის დაპირება, რომ გარემოვაჭრეებს გამოეყოფათ ექვსი თვის მანძილზე დიდ ბაზრობებში უფასო ადგილები, არის სიცრუე. ისინი ვერ გაუძლებენ ისეთ დიდ კონკურენციას, ვინაიდან მათ აქვთ ძალიან მცირებიუჯეტიანი სავაჭრო ბრუნვა და დიდ ბაზრობებზე თავის რჩენასა და ოჯახის გატანას ვერ შეძლებენ.

ლაშა ჩხარტიშვილმა მოუწოდა შეკრებილ გარემოვაჭრეებს, რომ მომდევნო აქცია უნდა იყოს გაცილებით უფრო მასშტაბური და დიდი, რისთვისაც გარემოვაჭრეებმა, თითოეულმა ადამიანმა თავიანთი ორ-ორი კოლეგა მაინც უნდა წამოიყვანონ, რათა აქციას მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლის სახე მიეცეს.

ახალი ამბები