კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თქვენ მინისტრი გათავისუფლებთ და არა მე!“

17 აგვისტო, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავითარი მასწავლებელთა შემცირება არ იგეგმებოდა, არ იგეგმება და არ შეიძლება დაიგეგმოს“, - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, 2010 წლის 17 ივნისი. 05 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, მარტო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში საჯარო სკოლებიდან გათავისუფლებული მასწავლებლების 247 განცხადებაა შესული. პედაგოგების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებებში ყველგან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“  ქვეპუნქტია მითითებული - შრომითი ხელშეკრულების მოშლა.

საჯარო სკოლებიდან მასწავლებლების მოსალოდნელი მასობრივი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისთანავე გავრცელდა. მაშინ ეს ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კატეგორიულად უარყო. 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ვის ვებგვერდზეც პედაგოგების შემცირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდა, დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და მოუწოდა მათ „იფიქრონ მასწავლებლებზე, რომლებიც ასაკოვანნი არიან და მათთვის განსაკუთრებით მძიმეა ასეთი დეზინფორმაციის მოსმენა და ასევე, არ შეიძლება ადამიანების ემოციებზე თამაში“.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, პედაგოგთა შემცირება არ იგეგმება. გვაქვს მასწავლებელთა დეფიციტი და  ამის გამო ავამოქმედეთ პროგრამა  - ასწავლე  საქართველოსთან ერთად“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. მისივე თქმით, სამინისტროს ერთადერთი თხოვნა სკოლის დირექტორების მიმართ იყო - მასწავლებლებისთვის სამართლიანად  გადაენაწილებიათ საათები, რომლის რაოდენობაზეცაა პედაგოგთა ხელფასები დამოკიდებული. 

48 დღის შემდეგ

ჩუმლაყის საჯარო სკოლიდან 16 მასწავლებელი გაათავისუფლეს, გურჯაანის მე-3 საჯარო სკოლიდან - 12, ახაშნის საჯარო სკოლიდან 13, ანაგის საჯარო სკოლიდან 16, ბოდბის საჯარო სკოლიდან 19, კარდენახის საჯარო სკოლიდან 20 და ა.შ.

გათავისუფლებულებს შორის არიან ის პედაგოგები, ვისაც სკოლაში სრული განაკვეთი არ ჰქონდათ, ასევე პენსიონერი მასწავლებლები. დირექტორებმა ისეთი მასწავლებლებიც გაათავისუფლეს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ, სხვადასხვა დროს კარგი მუშაობის გამო დაჯილდოვებულები არიან და და არც საპენსიო ასაკი აქვთ. ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებელთა შემცირებების შედეგად გამოთავისუფლებული საათებით გათავისუფლებულ პედაგოგზე ნაკლები სტაჟის, დაბალი კვალიფიკაციის და არასპეციალისტი მასწავლებლები დაიტვირთნენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ცისმარ დარჩაშვილი ერთ-ერთია იმ პედაგოგებიდან, ვინც ბოდბის საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს. ცისმარ დარჩაშვილი 52 წლის არის. მუშაობის 25 წლის სტაჟი აქვს. იყო პირველი კატეგორიის მასწავლებელი. ქართულ ენას და ლიტერატურას ბოდბის სკოლაში მის გარდა კიდევ 5 მასწავლებელი ასწავლიდა. დირექტორმა 3 მათგანი გაათავისუფლა. „ერთი პენსიონერია და მისი გათავისუფლების მიზეზად ასაკი დაასახელა. მე ვერაფერი მითხრა. ჩემზე დაბალი კვალიფიკაციის და ნაკლები სტაჟის მქონე მასწავლებლები დატოვა და თან გამაფრთხილა, რომ არსად მეჩივლა. როცა გათავისუფლებული მასწავლებლები ფაქტის გასაშუქებლად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დავუკავშირდით, დირექტორმა ჟურნალისტთან კომენტარში განაცხადა, რომ არაკვალიფიციურობის გამო გაგვიშვა. სინამდვილეში, ერთხელაც კი არ მოუსმენია ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილი, სწავლების ხარისხით და კათედრის მუშაობით საერთოდ არ დაინტერესებულა. გათავისუფლების მიზეზი არც ბრძანებაში ჩაუწერია. ამბობს, რომ შრომის კოდექსი მაძლევს უფლებას, რომელი მასწავლებელიც მინდა ის გავუშვაო“, - აღნიშნავს ცისმარ დარჩაშვილი.

ელენა კოგტევა სიღნაღის რაიონის დაბა წნორის მე-3 საჯარო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად 1981 წლიდან მუშაობდა. 10 აგვისტოს სკოლის დირექტორმა ლელა ფხოველიშვილმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა. ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტია მითითებული - შრომითი ხელშეკრულების მოშლა. გამოთავისუფლებული საათები სკოლის დირექტორმა ანია ჯიყაშვილს გადასცა, რომელიც პროფესიით ეკონომისტია. „როდესაც დირექტორს მივმართე კითხვით, რას მიწუნებთ, განათლებას, პედაგოგიურ გამოცდილებას, ინტელექტს თუ ბავშვებთან ურთიერთობის უნარებს მეთქი, გამომიცხადა, მე ასე მინდაო. 2 წლის წინ, მან ზოგიერთი მასწავლებლის შესამოწმებლად ბავშვებს ანკეტები დაურიგა. ანკეტა გაკვეთილების შემადგენელი ნაწილების შეფასებას ეხებოდა. შეფასების შედეგად მე უმაღლესი ქულა მივიღე. ასევე, ჩემს მიერ ჩატარებული ღია გაკვეთილების გეგმა -პროექტები სკოლის ლიცენზირების დოკუმენტებში აქვს ჩაკრული. თვითონ ამ გაკვეთილებს არ დასწრებია. პიანინოს ბრაგუნს ვერ ვიტან, ნორმალური მუსიკით ჩაგეტარებინათო, ბრძანა.  ნორმალური მუსიკით ჩატარება მისი მუსიკოსი მეუღლის დაქირავებას ნიშნავდა, საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებით. დირექტორს სამჯერ შევხვდი და ვეკითხებოდი, რატომ გამიშვა. ბოლოს მიზეზად დამისახელა, რომ გაკვეთილებს ვაცდენდი. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ავადმყოფობის გამო 19 დღე მაქვს გაცდენილი და სკოლაში წარდგენილი მაქვს ბიულეტინი და ექიმის ცნობა. ბიულეტინის წარდგენის მიუხედავად, მან ხელფასი დამიკავა, ოღონც უცნობია, სად მიაქვს დაგროვილი თანხები, როცა სკოლაში ჟურნალის, ბურთის, საკანცელარიო და სხვა მასალების შესაძენად ფულს მასწავლებლები და მოსწავლეები ვაგროვებდით. არადა, გაქირავებული აქვს სპორტდარბაზი ცეკვის ანსამბლზე, ერთი საკლასო ოთახი მათემატიკის მასწავლებელზე, რომელიც მოსწავლეებს სამეცადინოდ გაკვეთილების დროს იბარებს“, - ამბობს ელენა კოგტევა.

ამავე სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის კიდევ ერთი ყოფილი მასწავლებელი სვეტლანა ბენაშვილი ამბობს, რომ დირექტორმა სკოლიდან ის მასწავლებლები გაუშვა, ვისგანაც სარგებელს ვერ იღებდა. „ლელა ფხოველიშვილი მასწავლებლებს აფასებს იმ საზომით, ვისგან უფრო მეტ სარგებელს იღებს. სკოლიდან ის მასწავლებლები გაგვათავისუფლა, ვინც მის დაბადების დღეზე ან სხვა საჭიროებისთვის 40-50 ლარს არ ვდებდით. მე მითხრა, რომ სკოლაში დაბალი რეიტინგი მაქვს და ამის გამო გამიშვა. „72 წლის ხარ და მა არ იცი, რომ შენი დრო წავიდაო“, - გამომიცხადა. ჩემი საათები დაბალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელს გადასცა“, - აღნიშნავს სვეტლანა ბენაშვილი.

ლია ბეჟიაშვილი ანაგის საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა. ის 2 წელია რაც ასაკის პენსიას იღებს. სკოლის დირექტორმა თამარ ჯოხარიძემ შრომითი ხელშეკრულება 10 აგვისტოს შეუწყვიტა, საფუძველი - შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი. ბრძანებაში სხვა დასაბუთება არ არის. ლია ბეჟიაშვილის თქმით, სკოლის დირექტორმა მასთან ერთად კიდევ 15 პედაგოგი გაუშვა, თუმცა რამდენიმე, ვისაც გავლენიანი ახლობლები ჰყავთ, უკან დააბრუნა. „მაგალითად, ფრანგულის მასწავლებელი ბიაშვილი ჯერ შეამცირა, ხოლო შემდეგ დააბრუნა და ხელოვნების საათები მისცა, როცა სკოლაში უკვე დიდი ხანია ითხოვს დასაქმებას პირი, რომელსაც ხელოვნების აკადემია აქვს დამთავრებული. თავის ნათესავს მისცა 1 საათი შრომა და 3 საათი ბუნება, რომელიც გეოგრაფიის მასწავლებელს ჩამოართვა. სკოლაში დირექტორის რამდენიმე ნათესავი მუშაობს. შემცირება არცერთ მათგანს არ შეეხო. მე ბანკიდან პედაგოგიური სესხი მაქვს აღებული, ვარ მარტოხელა და არვიცი როგორ შევძლებ ამ სესხის დაფარვას. ალბათ, ბანკი ბინას გამიყიდის და უსახლ-კაროდ დავრჩები“, - ამბობს ლია ბეჟიაშვილი.

იგნორი

ყვარლის რაიონის სოფელ შილდის პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა დოდო მირიანაშვილმა და ნუნუ თევდორაშვილმა გათავისუფლებამდე განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართეს. ნაწყვეტი წერილიდან: „გთხოვთ,გაგვარკვიოთ, პედაგოგების განთავისუფლება თქვენი სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე ხდება? არ ვართ პენსიონერები. შეუძლია ჩვენი განთავისუფლება დირექტორს? კანონიერი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები დავემორჩილებოდით კანონს, არ დავიწყებდი დამნაშავეების ძებნას, მაგრამ ამ განუკითხაობის პირობებში, როდესაც არ გვეუბნებიან რატომ გვიშვებენ სამსახურიდან, არ ვიცით სად არის აბუჩად აგდების სათავე, სამინისტროში, რესურსცენტრში თუ სკოლაში, უმოქმედოდ ვერ ვიქნებით. დირექტორი ამბობს: „თქვენ მინისტრი გათავისუფლებთ და არა მე“. წერილის ავტორებს განათლების სამინისტროდან პასუხი არ მიუღიათ.

მასწავლებლების ბრალდებებთან დაკავშირებით სკოლების დირექტორებმა განაცხადეს, რომ პედაგოგებს უფლება აქვთ განათლების სამინისტროს მიმართონ და რეაგირება მოითხოვონ.

მიმართეს კიდეც

რამდენიმე პედაგოგმა სკოლიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა და სამსახურში აღდგენა მოითხოვა. სამინისტროდან ყველამ ერთი და იგივე შინაარსის პასუხი მიიღო.

„სკოლის დირექტორი არის სკოლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. თქვენთვის ხელშეკრულების მოშლა, სკოლის დირექტორისთვის, როგორც დამსაქმებლისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. აღნიშნულის განხორციელება მას შეუძლია როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე სამეურვეო საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში. ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი საფუძვლების კანონშესაბამისობის დადგენა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს“, - აღნიშნულია სამინისტროს წერილებში.

უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელი

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის ლია ხუროშვილის განცხადებით, სკოლების დირექტორების ბრძანებები პედაგოგების სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია.

„საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მოიცავს შრომითი ხელშეკრულების მოშლას. ამავე კოდექსის პირველი მუხლი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანამდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“ 43-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში. სკოლები დირექტორების მხრიდან არ არის წარმოდგენილი ვერავითარი საფუძვლიანი და დასაბუთებული არგუმენტი იმისა, რომ მასწავლებლების მხრიდან რაიმე დარღვევას ან გადაცდომას ჰქონდა ადგილი. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს“. 247 განცხადებიდან ჯერჯერობით მხოლოდ 22 საქმის შესწავლა მოვახერხეთ. ბრძანებები პედაგოგების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კანონით დადგენილი წესის დარღვევით არის გამოცემული და ვცდილობთ, მასწავლებლებს გასაჩივრებაში დავეხმაროთ“, - აცხადებს იურისტი.
განეიტრალებული პროფკავშირები

პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირების ხელმძღვანელმა მანანა ღურჭუმელიძემ უფლებამოსილების შეჩერებამდე არაერთხელ განაცხადა, რომ საჯარო სკოლებიდან პედაგოგების მასობრივ გათავისუფლებას პროფკავშირი არ შეურიგდებოდა. ღურჭუმელიძე მასობრივი საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებოდა. 17 ივლისს პედაგოგთა პროფკავშირის ხელმძღვანელობაში ცვლილებები განხორციელდა. პროფკავშირების აღმასრულებელმა საბჭომ მანანა ღურჭუმელიძეს უფლებამოსილება შეუჩერა. ამას წინ უძღოდა ნაციონალური ტელეკომპანიების ეთერით გასული არაერთი სიუჟეტი, სადაც განათლების სამინისტროსთან დაახლოებული მასწავლებელთა გაერთიანების წარმომადგენლები ღურჭუმელიძეს კორუფციაში ადანაშაულებდნენ. საჯარო სკოლებიდან გათავისუფლებული პედაგოგების თქმით, მათ დახმარებისთვის პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართეს, თუმცა ისინი შვებულებაში არიან გასულები და ვერც ის უთხრეს, შეძლებენ თუ არა მათთვის დახმარების გაწევას.

ახალი ამბები