კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ზუსტ რაოდენობას არ აჩვენებს

17 აგვისტო, 2010
თეა თოფურია

რამდენი ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად? შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაკარგული მხოლოდ შვიდია. თუმცა, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“  ჟურნალისტური მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ გაუჩინარებულთა რაოდენობა გაცილებით მეტს აღწევს.

შსს მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით, ომის შედეგად დაიკარგა შვიდი ადამიანი (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირი): ქეთევან რომელაშვილი, შიო ნინიკაშვილი, გიორგი ბერუაშვილი, ბადრი შაყულაშვილი, იულია ტატულაშვილი, დავით ბაქრაძე და ზაზა ბირთველიშვილი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტების მიერ გორის რაიონის სოფლებში ვიზიტისას გაირკვა, რომ არიან დაკარგულები, რომლებიც ამ სიაში არ არიან მოხვედრილები, ანუ ოფიციალური მონაცემები არასრულია.

23 წლის გრიშა ნალბანდოვი ტყვიავიდან დაიკარგა. მამამისი მას უკვე მეორე წელია ეძებს.

ნოდარ ნალბანდოვი, გრიშა ნალბანდოვის მამა: ,,ჩემი ბიჭი ოსებმა 2008 წლის 12 აგვისტოს გაიტაცეს.  მას მერე არაფერი ვიცი. ბოლოს ცხინვალში ნახეს სხვა ტყვეებმა. იქ, მე-8 სკოლაში მიუყვანიათ ყველანი. შსს-ს მივმართე, აღრიცხეს კიდეც. წითელმა ჯვარმაც ეძება, მაგრამ მათაც ვერაფერი გაარკვიეს“.

46 წლის ბიძინა ფარქაშვილი სოფელ კარალეთიდანაა დაკარგული. ისიც ტყვედ წაიყვანეს.

გია ფარქაშვილი,  ბიძინა ფარქაშვილის ძმა: ,,13 აგვისტოს შემოვიდნენ რუსები და ოსი მოროდიორები. სოფლის ბოლოს პოსტი ჰქონდათ. ბიძინა და კიდევ რვა კაცი წაიყვანეს. ვინც მასთან ერთად იყვნენ მათგან ვიცი, რაც მოხდა. ოსები, გზად ვინც შეხვდებოდათ, ყველას ეუბნებოდნენ, ტყვეები გვყავს, თუ გინდათ წაიყვანეთ და დახოცეთო“.

ტყვეების უმრავლესობა მოგვიანებთ გაათავისუფლეს,  თუმცა ბიძინა მას შემდეგ არავის უნახავს. ფარქაშვილმა პროკურატურასა და წითელ ჯვარს მიმართა. თუმცა, დღემდე ახალი არაფერი გარკვეულა.

ორივე დაკარგულის შესახებ ინფორმაცია აქვს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც.  ორგანიზაციაში კიდევ ერთი უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულია დაფიქსირებული  - კახაბერ ხუბულოვი. ხუბულოვი გორში, 8 აგვისტოს, რამდენიმე ადამიანთან ერთად დააკავეს და ცხინვალში წაიყვანეს.  მას მერე იგი არ უნახავთ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამივე საქმე (ხუბულოვის, ფარქაშვილისა და ნალბანდოვის) პროკურატურას გადასცა.

,,ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის“ თავმჯდომარე მანანა მებუკე ამბობს, რომ მას კიდევ სამი უგზო-უკვლოდ დაკარგულის შესახებ აქვს ინფორმაცია.

მანანა მებუკე: ,,სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ. ჩვენ ახლობლებმა მოგვმართეს.  პროკურატურისთვის არც შეუტყობინებიათ“.

როგორც მანანა მებუკე ამბობს, შსს-ში არსებულ ოფიციალურ სიაში არც ამ სამი ადამიანის სახელი და გვარია. 

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, უგზო-უკვლოდ დაკარგულებს არც არავინ ეძებს. ,,უნდა არსებობდეს კომისია, რომელსაც ექნება ნდობა ორივე მხრიდან,  შეხვდება ხალხს, დაკითხავს... ამჯერად მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჰამარბერგი (ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი) ეძებს სამ უგზო-უკვლოდ დაკარგულს, სხვა რამე კომისია, რომელიც ამ თემაზე მუშაობდეს, არც გამიგია“.

რაც შეეხება ჰამარბერგს, ევროსაბჭოს ოფისის წარმომადგენელი საბრინა ბიუჰლერი ამბობს, რომ პირები, რომლებსაც ისინი ეძებენ, ომის დროს არ გაუჩინარებულან.

ორგანიზაცია ,,განიარაღება და არა ძალადობის“ თავმჯდომარე რიმა გელენავა ამბობს, რომ შსს-ში არსებობს  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო კომისია, რომელიც სწორედ აგვისტოს ომის დროს დაკარგულებზე მუშაობს, თუმცა მისი მუშაობა არაეფექტურია.

რიმა გელენავა: „მაგათი მოძებნილი არავინ მინახავს. ახლობლები ისევ თავად ეძებენ დაკარგულებს, მეორე მხარესაც თავადვე უკავშირდებიან“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 1 თვის განმავლობაში რამდენჯერმე წერილობით მიმართა და ტელეფონითაც დაუკავშირდა შსს-ს, რათა არსებულ სიებთან დაკავშირებით დაგროვილ შეკითხვებზე პასუხი მოესმინა, მაგრამ - უშედეგოდ. შსს-ს პრესცენტრის წარმომადგენელი ზურაბ გვენეტაძე დაგვპირდა, რომ ინტერვიუს ორგანიზებას გააკეთებდა, მაგრამ ამ დაპირების შემდეგ ის უკვე ზარებსაც აღარ პასუხობდა.

საბოლოოდ, ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციის შედეგად ირკვევა, რომ შსს-მ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რეალური რაოდენობა ან არ იცის, ან შეგნებულად არ აჩვენებს. ეს მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ არც ერთ სხვა სახელმწიფო უწყებას სხვა ოფიციალური ბაზა არა აქვს. შესაბამისად, უცნობია ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი გაუჩინარდა უგზო–უკვლოდ ომის პერიოდში, რაც პრობლემებს ქმნის მათი მოძიების მხრივაც. ამასთან, გარდა ბაზისა, არაეფექტურია ღონისძიები, რომელიც დაკარგულთა მოძიების კუთხით ხორციელდება. ამაზე მეტყველებს ის რეალობა, რომ დღემდე ომის დროს გაუჩინარებული პირების უმეტესობა ნაპოვნი არ არის, მათი ახლობლები  სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან და ისიც კი არ იციან, რა ეტაპზეა საქმის გამოძიება.

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „იძულებით გაუჩინარების ფაქტების გამოძიება საქართველოში“,  რომელსაც აფინანსებს  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ”საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება”. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები