კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთის ხელისუფლება ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილის ჩასახლებას აფხაზეთში გეგმავს

20 აგვისტო, 2010
ინტერპრესნიუსი

რუსეთის ხელისუფლება ხანძრის შედეგად დაზარალებულების ნაწილის ჩასახლებას აფხაზეთში გეგმავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ნიჟნი ნოვგოროდში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილებმა აცნობეს. მათი მტკიცებით, ამ რეგიონებში მცხოვრებ ხანძრით დაზარალებულებს ხელისუფლება აფხაზეთში ჩასახლებას დაბეჯითებით ჰპირდება.

მათივე ინფორმაციით, იაროსლავისა და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში აფხაზეთში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების შესახებ გავრცელებული ხმები იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა ადგილობრივი მოქალაქეებისათვის, რომ ხანძრით დაზარალებულის სტატუსისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებისათვის ადგილობრივი ჩინოვნიკები ქრთამის სახით 15-20 ათას აშშ დოლარს ითხოვენ. მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, შესაძლოა, ამ რეგიონებში ხანძრით დაზარალებულის ცნობის ფასი გაიზარდოს კიდეც.

სოხუმის სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებას ხანძრით დაზარალებულების აფხაზეთში ჩასახლების თხოვნით არ მიუმართავს, მაგრამ აფხაზეთში ისედაც ყოველ დღე იზრდება რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენის მსურველთა რაოდენობა და ეს პროცესი რეალურად შემაშფოთებელ მასშტაბებს იძენს.

იმავე წყაროს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთის მოქალაქეობას არ ანიჭებს, რაც მათ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას მისცემდა, რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში მცხოვრებთა ხელშეწყობით მაინც ახერხებენ სახლებისა და ბინების შეძენას.

ადგილობრივ დამკვირვებელთა შეფასებით, რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის საქმეს რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამხედრო სფეროში გაფორმებული ხელშეკრულებაც უწყობს ხელს. ამ შეთანხმებით, რუსეთის თავდაცვისა სამინისტროსა და სასაზღვრო ძალების ოფიცრებსა და მათი ოჯახის წევრებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლება აქვთ მინიჭებული. მათივე ინფორმაციით, აფხაზეთში უძრავ ქონებას უპირატესად ამ კატეგორიის ადამიანები იძენენ და იურიდიულად უპრობლომადაც იკანონებენ.

ადგილობრივთა მტკიცებით, პენსიაზე გასული რუსი ოფიცრების მიერ აფხაზეთში ქონების შეძენის პროცესი 2008 წლის 8 აგვისტომდე ბევრად ადრე იყო დაწყებული. ამ თვალსაზრისით, სამხედრო სფეროში მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პრაქტიკულად რეალურად არსებული ვითარება დაკანონდა და ამ მიმართულებას კანონიერი სახე მიეცა.

როგორც სოხუმის სახელისუფლებო წრეებში განმარტეს, არ არის გამორიცხული, რუსულმა მხარემ აფხაზურს რუსეთის ფედერაციაში ხანძრით დაზარალებულების კატეგორიაში შემავალი ყოფილი სამხედროების ვრცელი სია წარუდგინოს, რომელთა აფხაზეთში ორგანიზებულად განსახლებაზე სოხუმი იგივე შეთანხმების საფუძველზე უარს ვერ იტყვის.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში ხანძრის შედეგად 800 ათას ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები განადგურდა. არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში ხანძრის შედეგად 15 მილიონი ჰექტარი დაიწვა. მიუხედავად იმისა, რომ ხანძარმა რუსეთის მთელი ცენტრალური რეგიონები მოიცვა და მის ჩასაქრობად მთელი სახელისუფლებო მანქანაა მობილიზებული, დაზარალებულთა რაოდენობის შესახებ რეალურად არც ოფიციალური და არც არაოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ახალი ამბები