კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოტობაია - ქართული სოფელი ოკუპირებულ აფხაზეთში

23 აგვისტო, 2010
ინგა თაკალანძე, ოტობაიადან

ოტობაია აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს სასაზღვრო სოფელია, მდინარე ენგურის სანაპიროსთან. როგორც კი ქართული იურისდიქციის ზონას გასცდებით, ოტობაიაში აღმოჩნდებით. თუმცა, ეს ახლა არც ისე ადვილი საქმეა. პირობით საზღვარზე ასე პირდაპირ ვერ გადახვალთ. ჯერ ზუგდიდამდე უნდა ჩახვიდეთ, შემდეგ კი რამდენიმე გზით შეიძლება საზღვრის გადაკვეთა და ოტობაიაში მოხვედრა.

ზუგდიდის რკინიგზის სადგურიდან თუ სოფელ ორსანტიას ავტობუსს ბოლო გაჩერებამდე გაყვებით, იმ ხიდთან მიგიყვანთ, რომლის ერთ მხარეს ქართველი ჯარისკაცები დგანან, მეორე მხარეს კი ხან რუსი, ხანაც აფხაზი ჯარისკაცები - ე. წ. მესაზღვრეები. ყველაზე ხშირად კი მათი ეროვნება და ვინაობა არავინ იცის. თუ ამ ხიდამდე ფეხით მიხვალთ, ცოტა ხანში აღმოაჩენთ, რომ იქ ხალხით სავსე ავტობუსი დგას, მაგრამ არ მიდის. მგზავრები ხიდის მიმართულებით იყურებიან. თუ იქიდან ვინმემ გადმოვიდა, ჯერ მას ჰკითხავენ, როგორ განწყობაზე არიან ხიდის თავში დაბანაკებული „მესაზღვრეები“ და თუ გაიგეს, რომ გადასვლაში ხელს არავის უშლიან, მხოლოდ მაშინ დაიძვრება ავტობუსი. თუ არავის ატარებენ, იწყება უსაშველო ლოდინი. ელიან, როდის მოშივდებათ „მესაზღვრეებს“ და დროებით მიატოვებენ საგუშაგოს. თუკი „მესაზღვრეებს“ სადილს ადგილზევე მიუტანენ, მგზავრებს კიდევ 4 საათით უწევთ ლოდინი. ხიდის მეორე მხარეს როცა გუშაგი აღარ დგას, მგზავრები ხიდზე გადასვლას რისკავენ.

ლოდინი თუ არ გიყვართ, შეგიძლიათ, ზუგდიდიდან ოტობაიის „მარშუტკას“ გაყვეთ, რომელიც უფრო შორი და სახიფათო გზებით გატარებთ, მაგრამ ოტობაიამდე აუცილებლად ჩაგიყვანთ. ამ „მარშუტკის“ მძღოლი, როგორც კი საქართველიოს იურისდიქციის ფარგლებს გადასცდება, ურეკავს ადამიანს, რომელიც მას ატყობინებს გზებზე არსებული დაბრკოლებების შესახებ. დაბრკოლებაში, რა თქმა უნდა, საცობები არ იგულისხმება. თუ ამ დროს გზებზე სეპარატისტები მოძრაობენ „ვილისით“, მარშუტკის მძღოლი ცოტა ხნით ჩერდება  და ელოდება, როდის მორჩებიან სეპარატისტები პატრულირებას. შემდეგ კი გზას აგრძელებს.

ოტობაიაში მოხვედრის მესამე გზაც არსებობს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ის სხვებთან შედარებით უსაფრთხოა. მანქანით მიდიხართ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ ორსანტიამდე, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია. აქ კი მანქანა მეგობრის სახლში უნდა დატოვოთ.  მანქანას აფხაზური ნომრები თუ არა აქვს, ოტობაიაში არ უნდა გადაიყვანოთ. თუ სეპარატისტები ქართულნომრებიან მანქანას ნახავენ, ჩამოგართმევენ და მერე გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგიბრუნებენ, ან საერთოდ არ დაგიბრუნებენ, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ ჩემს ოჯახსაც შეემთხვა. გამოსასყიდი, რა თქმა უნდა, მაღალია და ყველაფერთან ერთად შუამავლებიც უნდა გყავდეს. წლების წინ, ეს აფხაზეთში საკმაოდ შემოსავლიანი „ბიზნესი“ იყო. ბოლოს კი მოსახლეობა ისე შეაშინეს, რომ დიდმა ნაწილმა მანქანა საერთოდ გაყიდა, ნაწილმა კი გამოსავალს მიაგნო - ორსანტიელ ნათესავებთან ტოვებს მანქანას და საზღვარზე ფეხით ან დროგით გადადის. ასე რომ, თუ ორსანტიაში მოხვდებით და ერთ ეზოში რამდენიმე მანქანას დაინახავთ, ნუ იფიქრებთ, რომ იქ მდიდარი ან შეძლებული ადამიანები ცხოვრობენ. ეს მანქანები მათ არ ეკუთვნით.

ორსანტიაში მანქანის დატოვების შემდეგ, ოტობაიამდე გზას დროგით აგრძელებენ. თავდაპირველად დროგმა მდინარე ენგური უნდა გადალახოს. ამ გზით ჩვენც ვიმგზავრეთ. იმ დღეს, ახალ ნაწვიმარზე, გზა მთლიანად დატბორილი იყო და საკმაოდ სარისკოც. ეს ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტოზეც კარგად ჩანს.

სეზონური პრობლემები

ოტობაიაში ცხოვრების რთულ პირობებს უკვე მიეჩვივნენ, მაგრამ ყოველ ახალ დღეს ახალი შეზღუდვები მოაქვს და ეს პროცესები უფრო მტკივნეული ხდება. იქ ყველას ერთი პრობლემა აქვს – უგზოობა. ამაზე წუწუნი უკვე ყველას მობეზრდა.

ოტობაიაში მიწის დამუშავების სეზონზე მიწას ტრაქტორით ამუშავებენ, იშვიათად - გუთნით. წელს სოფელს ოთხი ტრაქტორი ემსახურებოდა. ეს ტრაქტორები ადგილობრივ გლეხებს ეკუთვნის. 1 ჰექტარი მიწის მოხვნას 20 ლარი და დამატებით 20 ლიტრი საწვავი სჭირდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოტობაია საკმაოდ დიდი სოფელია, 4 ტრაქტორი მათთვის მაინც ცოტაა. ასე რომ, ზოგჯერ მთელი კვირა ან უფრო მეტიც კი ელოდება გლეხი თავის რიგს. არც ამაზე წუწუნებს არავინ, რადგან შარშან მარტო ერთი ტრაქტორი ემსახურებოდა მთელს სოფელს და ესეც კარგად ახსოვს ყველას.

გაზაფხული-ზაფუხულის სეზონის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა არის სასუქი. მოსახლეობის დიდი ნაწილი სასუქს და სხვა პროდუქტს ზუგდიდში ყიდულობს, მაგრამ პრობლემა ისევ და ისევ  ამ მძიმე ტვირთის ტრანსპორტირებაა.

ოტობაია ომის დროს და შემდეგ

2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქედან არავინ გაქცეულა, პირიქით - აქ მორბოდა ყველა. მიზეზი? გალის რაიონს არც არავინ უტევდა და არც არავინ იცავდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შეიარაღებულ ჯგუფს, რომლებმაც  მიტოვებულ სახლებში გახსნეს შტაბი და მოსახლეობას საჭმელს სთხოვდნენ. ეს ყველაფერი არც ისე დრამატულად გამოიყურება თუ  გავითვალისწინებთ, რომ ამ დროს იბომბებოდა და იძარცვებოდა სენაკი, ფოთი, ზუგდიდი. მთელმა ნაძარცვმა ოტობაიის გზების გავლით ჯერ გალამდე მიაღწია, შემდეგ კი გალიდან ხმები მოდიოდა, ნაძარცვ კომპიუტერებს 1000 რუსულ რუბლად ყიდიანო. როგორც სოფელ ოტობაიას მცხოვრები ლარისა ხუფენია ამბობს, აფხაზი სეპარატისტები, რომლებსაც შტაბი მის სახლთან ახლოს ჰქონდათ გახსნილი, არავის არაფერს უშავებდნენ.

„ზუგდიდიდან შეშინებული ნათესავები ჩემთან გადმოვიყვანეთ სახლში და სავსე იყო აქაურობა ბავშვებით. აფხაზი ჯარისკაცები ხედავდნენ ამას და გვეუბნებოდნენ - გაღმა თუ ვინმე გყავთ, კიდევ გადმოიყვანეთ, აქ უსაფრთხოდ იქნებიანო“.

აფხაზების აქა-იქ გახსნილი „შტაბები“ ოტობაიასა და ახლო-მახლო სოფლებში ომის დამთავრებამდე დარჩა, შემდეგ კი ისინი სხვა შენაერთებმა ჩაანაცვლეს.

„აფხაზი ბიჭები გვეუბნებოდნენ, ჩვენ აქედან წავალთ და თქვენ შავ დღეში ჩაცვივდებითო. ამას იმიტომ ამბობდნენ, რომ უკვე იცოდნენ, ვინ ჩაანაცვლებდა მათ. მოგვიანებით რუსები მოვიდნენ და სიტუაციაც უფრო დამიძიმდა. თუ საზღვარზე გადასვლისას დაგვიჭირეს, რუსებს გალში მივყავართ და იქ ოქმებს გვიდგენენ, მერე ჯარიმას გვახდევინებენ და განმეორების შემთხვევაში, სამწლიან სასჯელსაც გვპირდებიან“, - ამბობს ქალბატონი ლარისა.

აფხაზები უმცირესობაში

სოფელში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შერეული ქორწილები აფხაზებსა და ქართველებს შორის, რაც ურთიერთობის აღდგენის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეისათვის ოტობაიაში ცოტა აფხაზი ცხოვრობს, მაგრამ ბევრი ჩამოდის და ხშირად. ბოლო პერიოდში მათი მიმოსვლა სულ უფრო გახშირდა. ამის მიზეზი ფიჩორში სამხედრო ბაზის მშენებლობაა. სამშენებლო ინერტულ მასალას მდინარე ენგურიდან იღებენ, რაც იმის საფრთხესაც ქმნის, რომ მალე ეს გზაც შეიძლება ჩაიკეტოს.

ოტობაიის ცენტრში, სადაც ადრე რუსი ცისფერჩაფხუტიანები იდგნენ, ახლა მათ ვეღარ ნახავთ. ეს ადგილი აფხაზმა სეპარატისტებმა დაიკავეს, რუსები კი ენგურის ზოლზე ე. წ.  საზღვარს აკონტროლებენ. აქ დისლოცირებულ აფხაზ ჯარისკაცებს მეტწილად სამოქალაქო ტანსაცმელი აცვიათ. მხოლოდ ზოგიერთია სამხედროფორმიანი. ამიტომ ერთი შეხედვით გაგიჭირდებათ მათი გამორჩევა უბრალო მოსახლეობისგან. მართალია, დე ფაქტო ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარი აფხაზები არავის აწუხებენ, მაგრამ მოსახლეობის თქმით, მათ შორის არც მეგობრული ურთიერთობა დამყარებულა. ურთიერთობები ძირითადად მისალმებით შემოიფარგლება.

ირინა ლომია - აფხაზი პედაგოგი

ირინა ლომია ოტობაიას სკოლაში აფხაზურ ენას ასწავლის, ამასთანავე სტუდენტია და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობს. მეხუთე კურსელი სტუდენტი უკვე პარტია „ედინაია აფხაზიას“ წევრია. ოტობაიაში ჩემი გამგზავრების  ერთ-ერთი მიზანი აფხაზი პედაგოგისგან ინტერვიუს აღება იყო. ირინა ლომიას საერთო ნაცნობის საშუალებით დავუკავშირდით და მისგანვე შევიტყვეთ, რომ ინტერვიუზე იმ შემთხვევაში დაგვთანხმდებოდა, თუ ვიდეოგადაღება არ იქნებოდა. პირისპირ შეხვედრისას კი მაინც მტკიცე უარი განაცხადა ნებისმიერი ტიპის კითხვაზე პასუხის გაცემაზე. მიზეზად  დაასახელა, რომ სოხუმში უფროსობას ელაპარაკა და ამ სიტუაციაში თავის შეკავება ურჩიეს.

როგორც აღმოჩნდა, ირინა ლომიას ქართველ ჟურნალისტებთან ურთიერთობის მწარე პრაქტიკაც ჰქონია წარსულში. როგორც ამბობს, ჟურნალისტებმა ეთერში გაუშვეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი და დამახინჯებული ნათქვამი. მას შემდეგ, რაც ეს კადრები ეთერში გავიდა, მასწავლებელს სერიოზული პრობლემები  შეექმნა.

„სინამდვილეში მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ. საბოლოოდ მაინც მოვახერხე დამემტკიცებინა, რომ სიუჟეტში გასულ ინფორმაციას ჩემთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. არ მინდა, მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს. ამიტომაც უარს ვაცხადებ ინტერვიუზე. თქვენ აქედან რომ წახვიდეთ და ჩემზე რომ დაწეროთ, თითქოს მე აფხაზეთის დამოუკიდებლობის წინაღმდეგი ვარ, ეს იქნება ტყუილი, მაგრამ თქვენთვის შეიძლება ეს პლუსი იყოს. აქ კი, შეიძლება, ჩემს გარდა პრობლემები შეექმნას ამ სკოლის სხვა პედაგოგებსაც“.

სიმართლე გითხრათ, ირინა ლომიასთან აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე საუბარს არ ვაპირებდით. უფრო იმის გაგება გვაინტერესებდა, როგორ ასწავლის ახალგაზრდა აფხაზი გოგონა ქართველ ბავშვებს აფხაზურს, როგორია მოსწავლეთა მოსწრება, როგორი ურთიერთობა აქვს ქართველ კოლეგებთან და ა. შ. იმედია, ეს ინტერვიუ ბოლოს მაინც შედგება. ახლა კი დროებით დაგემშვიდობებით - მომავალ რეპორტაჟამდე ოტობაიადან.

ახალი ამბები