კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რისკის ზონაში

25 აგვისტო, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

1987 წლიდან მოყოლებული საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების გამო 400 ადამიანი დაიღუპა. ამავე პერიოდში ეკომიგრანტების სტატუსით 50 ათასამდე ოჯახი გაიყვანეს. ათეულობით სოფელი მთლიანად დაიცალა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეტ-ნაკლები სიმძაფრით, საფრთხის წინაშე საქართველოს ყველა რეგიონი დგას. სპეციალისტების ცნობით, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლის პირობებში სტიქიური გეოლოგიური პროცესების მნიშვნელოვანი გააქტიურებაა მოსალოდნელი კახეთში. საფრთხე რეგიონის 50-ზე მეტ სოფელს ემუქრება.

პოტენციური ხიზნები

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გიორგეთსა და რაჭისუბანში მიწის დეგრადაციამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია. სოფელ გიორგეთს, სადაც 500-მდე კომლი ცხოვრობს, მდინარე კაბალი მიტაცებით ემუქრება. მოსახლეობის თქმით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 80% დატბორილია და ქვიშითა და რიყის ქვით არის სავსე. ადგილობრივები შიშობენ, რომ 2-3 წლის შემდეგ, დასამუშავებელი მიწა და საძოვარი, უბრალოდ, აღარ დარჩებათ. ბევრი ნაკვეთი უვარგისობის გამო მიტოვებულია. ზოგ ადგილას მდინარე კაბალი სოფელს 100 მ-ით უახლოვდება, რაც ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის.

ანალოგიური პრობლემაა სოფელ რაჭისუბანში. აქ სულ 37 კომლი ცხოვრობს. გარემოსდამცველების თქმით, მდინარე სალესავის წყლის სეზონური ადიდება სოფელს დიდ საფრთხეს უქმნის.

შველას ითხოვს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენეს მოსახლეობაც. სოფელს ორივე მხრიდან მდინარე უტევს და იმ შემთხვევაში, თუ ნაპირსამაგრი სამუშაოები არ ჩატარდა, წყალდიდობის დროს ადიდებულმა მდინარეებმა სოფელი, შესაძლოა, ალაზანში ჩაიტანოს.

სპეციალისტების შეფასებით, საგანგაშო მდგომარეობაა დურუჯის ხეობაში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ანზორ საკანდელიძის თქმით, ყვარელს ცოცხლად დამარხვის საფრთხე ემუქრება. „მდგომარეობა მართლაც ძალიან მძიმეა. პრევენციული ღონისძიებები სასწრაფოდ არის გასატარებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მდინარემ შესაძლოა, ყვარელი მთლიანად წალეკოს“, - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროების და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი.

მეწყრული პროცესების აქტივიზაციის შემთხვევაში საშიშროება შეექმნება ახმეტის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს: შახვეტილასა და ბაყილოვანს. მეწყრული სხეულების აქტივიზაცია მოსალოდნელია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშენში; თელავის მუნიციპალიტეტში, თელავი - გომბორის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე; გურჯაანის მუნიციპალიტეტში - ქალაქ გურჯაანში, სოფლებში: კარდენახსა და ქოდალოში; სიღნაღის მუნიციპალიტეტში - ქალაქ სიღნაღში და ნუკრიანი - სიღნაღის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიდ ჩაილურში, ვერონაში, გომბორში, თბილისი - საგარეჯოს მონაკვეთზე პატარძეულის ხევთან.

ნაპირების გარეცხვის პროცესების აქტივიზაცია მოსალოდნელია მდინარე ილტოს და მდინარე ალაზნის ხეობაში სოფლების ჩაჩხრიალას, საბუეს, ნადუქნარის, შახვეტილას და ჭართალის მიმდებარე ტერიტორიებზე; სოფელ შაქრიანის სამხრეთით მიმდებარე ტერიტორიაზე, ლაგოდეხი - ახმეტის საავტომობილო გზის 62-ე კმ-ზე; სოფლების ერისიმედისა და საბათლოს ჩრდილოეთით მიმდებარე ტერიტორიაზე. ემილ წერეთელის განცხადებით, 2010 წლისთვის, კახეთში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 60 დასახლებული პუნქტი და 410 საცხოვრებელი სახლი.
 
კატასტროფების სტატისტიკა

2006 წლის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულია 53 000-მდე მეწყრული სხეული, რომელთა საერთო ფართობი 1,5 მლნ ჰა-ს აღემატება. მათი 70% ურბანიზებულ ტერიტორიებს მოიცავს. დაზიანებულია დიდი წყალსაცავების ნაპირების 25, ხოლო ქვეყნის საავტომობილო გზების 30 პროცენტი. ადამიანებისთვის საშიშ ზონად კი გარემოსდამცველები 3 000-მდე დასახლებულ პუნქტს განიხილავენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტიქიამ კახეთს 15 მილიონამდე ლარის ზარალი მიაყენა.

კატასტროფული ბიუჯეტი

კატასტროფული სტატისტიკა ათწლეულების განმავლობაში ქვეყანას თითქმის შეუფასებელ ზარალს აყენებს. 1987 - 1989 წლების სტიქიების დროს ზარალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა, 1991 - 92 წლების სტიქიებით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციას კი 10 მილიარდი დოლარი დასჭირდა.

მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სერიოზული ღონისძიებები, რომელიც შემოდგომაზე მოსალოდნელი წყალდიდობის შემთხვევაში სტიქიის პრევენციას მოახდენდა, ფაქტობრივად, არ გატარებულა. ამის მიზეზად მუნიციპალიტეტის გამგებლები ადგილობრივ ბიუჯეტში საკმარისი ფინანსური რესურსების არ ქონას ასახელებენ. მათივე თქმით, სტიქიური უბედურებების პრევენციისთვის საკმარის თანხებს არც ცენტრალური ბიუჯეტი გამოყოფს. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, წელს, ნაპირსამაგრი სამუშაოების თანხა 9 მილიონიდან 1 მლნ 800 000 ლარამდეა შემცირებული.

პროცესების  ფონური განვითარების პირობებში ქვეყნის ეკონომიკური ზარალი  წელიწადში 100-150 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. მათი ექსტრემალური გააქტიურების დროს კი ზარალი ასეული მილიონობით განისაზღვრება. სტატისტიკური მონაცემებით, პრევენციის ხარჯები მინიმუმ 40-ჯერ ჩამოუვარდება სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას. სალიკვიდაციო თანხები პრობლემების მხოლოდ 1.4%-ის მოგვარებას უზრუნველყოფს. 70 დაზარალებულიდან სახელმწიფო დახმარებით მხოლოდ ერთია უზრუნველყოფილი.

ახალი ამბები