კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების სავალალო შედეგი

30 აგვისტო, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები სავალალო შედეგით დასრულდა. კომპეტენციის მინიმალური ზღვარი პედაგოგთა მხოლოდ მესამედმა გადალახა. დანარჩენები, შესაბამისად, სერთიფიკატს ვერ მიიღებენ. გამოცდები სასურველი შედეგით რომ ვერ დასრულდებოდა, პედაგოგები ჯერ კიდევ წინასაგამოცდო პერიოდში საუბრობდნენ. მათ გამოცდების ჩატარება სამინისტროს მხრიდან იმთავითვე ნაჩქარევ ნაბიჯად მიიჩნიეს.

„ახალი და გასაკვირი არაფერი მომხდარა. განათლების სამინისტრომ ის მოიმკა, რაც დათესა. სამწუხარო ის არის, რომ ამით თვითონ კი არა ჩვენ, პედაგოგები დაგვაზარალა. მე არც იმ 75 ლარს მივტირი, რომელსაც, თურმე, სერთიფიცირებულ პედაგოგს მისცემენ სახელფასო დანამატის სახით და არც ჩემს პროფესიონალიზმში მეპარება ეჭვი. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ დღეს საზოგადოება ზოგადად, პედაგოგის არაპროფესიონალიზმსა და განათლების დაბალ დონეზე ალაპარაკდა. ხალხი დეტალებს არ კითხულობს. ხალხს შედეგი აინტერესებს... აი, ეს გააკეთა სამინისტრომ. ეს შედეგიც ჩვენი კი არა, განათლების სამინისტროს დამსახურებაა“, - აცხადებს ქუთაისელი პედაგოგი ლალი გიორგაძე.

იმ აზრს, რომ სასერთიფიკაციო გამოცდები ნაჩქარევად ჩატარდა, თანაც საჯარო სკოლებში არსებული დაძაბული პირობებში, მასწავლებელთა დიდი ნაწილი ადასტურებს. მათი აზრით, გამოცდები სწორედ იმ დროს ტარდებოდა, როცა საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში საშტატო შემცირებები მიმდინარეობდა.

„ეს ის შემთხვევაა, როცა არ იცი, რა და როგორ უნდა გააკეთო. ვინმემ რომ არ დაგჩაგროს და არ გითხრას, რომ მასზე ნაკლები კვალიფიკაციის მასწავლებელი ხარ, გამოცდას აბარებ. თუმცა, თუ დასჭირდათ, ამასაც ყურადღებას არ მიაქცევენ და სკოლიდან ისე გაგიშვებენ, ნერვიც არ შეუტოკდებათ. ცუდი ის კი არაა, გამოცდას რომ გვაბარებინებენ, არამედ ის, რომ არ იციან, ამას რატომ აკეთებენ. თუ მაინც თავისი გააქვთ, ჯერ გასაშვები გაუშვან და ვინც დარჩება, იმას ჩაუტარონ ეს გამოცდები. არიან მასწავლებლები, ვინც მცირესაათიანია და მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. მოკლედ, ამ დაძაბული ვითარების ფონზე გამოცდებს მაინც ვაბარებთ. ვნახოთ, რა იქნება“, - აცხადებდნენ პედაგოგები სასერთიფიკაციო გამოცდების წინ.

იმას, რომ გამოცდები არასასურველი შედეგით დასრულდა, ექსპერტები სხვადასხვა მიზეზით ხსნიან. აცხადებენ, რომ გამოცდები პირველად ჩატარდა და ბევრი რამ ვერ იქნა გათვალისწინებული. ითქვა, ასევე, პედაგოგთა არასათანადო მომზადების დონეზეც, რასაც თვითონ პედაგოგებიც ადასტურებენ.

„არ იყო ეს ხალხი მომზადებული. საამისოდ მათ არ ჰქონდათ არც საკმარისი მასალა და არც დრო. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ მათ სტრესული წინასაგამოცდო პერიოდი ჰქონდათ. არ იცოდნენ და დღემდე არ იციან, ვინ რჩება და ვინ არა სკოლაში. ასე რომ, ეს არის შეურაცხყოფილი, შეშინებული მასწავლებლების გამოცდების შედეგი და ნურავის ნურაფერი გაუკვირდება“, - ამბობს ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის პედაგოგი კამელია მინდაძე.

იგი გამსწორებლების არაკვალიფიციურობაზეც საუბრობს: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სკოლას არა აქვს ცუდი შედეგი, უკმაყოფილება მაინც არის. ვგულისხმობ ზოგადად, გამოცდებს, წინასაგამოცდო პერიოდს და ასევე, შედეგებს. არის ნიუანსები, რაც ტესტების გამსწორებელთა პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ საკითხის ერთიდაიგივე პასუხში, რომელშიც ერთმა პედაგოგმა მიიღო ვთქვათ ერთი ქულა, მეორემ მიიღო ნული. ეს კი, რაზე მეტყველებს, რომ ერთს სწორ პასუხად ჩაეთვალა იგი და მეორეს არასწორად? ეს სერიოზული პრობლემაა. აქ საქმე პედაგოგის ბედს და პრესტიჟს ეხება და ვფიქრობ, მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო.“

გამსწორებლების კვალიფიკაციის დონეზე პედაგოგები გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისთანავე ალაპარაკდნენ. რამდენიმე ტესტური საკითხი მათ „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას განიხილეს: „იყო ასეთი შეკითხვა პროფესიული უნარებიდან: აქვს თუ არა მასწავლებელს მოსწავლის გაჩხრეკის უფლება. რა თქმა უნდა არა აქვს და ეს ყველა პედაგოგმა ძალიან კარგად იცის. ამის შესახებ ინფორმაცია (ისევე როგორც სხვა უფლებებზე) ყველა სკოლის ყველა საკლასო ოთახშია განთავსებული. ერთმა მასწავლებელმა ამ კითხვის დადებით პასუხზე ერთი, მეორემ კი ნული ქულა მიიღო. სხვა ბევრი, მსგავსი მაგალითიც გვაქვს და სხვათაშორის, თითქმის ყველა პროფესიული უნარებიდან“.

პედაგოგები გამოცდის შედეგებს აპროტესტებენ. მათ სააპელაციო ფორმა უკვე შეავსეს და პასუხს უახლოეს დღეებში ელოდებიან.

ახალი ამბები