კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექსპროპრიაცია ექსპროპრიაციისთვის - სახელმწიფომ მოქალაქეს საკუთრება ყაჩაღურად წაართვა და გაუნადგურა

31 აგვისტო, 2010
მაკა მალაყმაძე, humanrights.ge, აჭარა

78 წლის ლუბა კორუბკინა ღამეს თავისი სახლის ნანგრევებთან ათევს. 9 აგვისტოს, ადლიაში, სახლის დანგრევის შემდეგ, ის ტერიტორიას მაინც არ ტოვებს და მასთან საქართველოს პრეზიდენტს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ეპატიჟება. ოჯახის ადვოკატი ირაკლი შავაძე აცხადებს, რომ ბათუმის მერია უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს. „აღარ არსებობდა მერიისთვის ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები“, - აცხადებს ადვოკატი და დამნაშავე მოხელეების დასჯას ითხოვს.

ორსართულიანი სახლი 2 500 კვ/მ მიწის ფართობით, 2010 წლის თებერვლამდე, ლუბას დის, ეკატერინე კოლუბკინა-ნინიძის საკუთრებაში იყო. საჯარო რეესტრში შესული ცვლილებების თაობაზე ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ადლიის სანაპირო ზოლში ექსპროპრიაციის გამო მოსახლეობასთან ბათუმის მერიამ მოლაპარაკება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მერიასთან ამ ოჯახმა შეთანხმებას ვერ მიაღწია, საკუთრება მაინც ბათუმი მერიის სახელზე დარეგისტრირდა.

ნინიძის ოჯახი ერთ-ერთია, ვინც სახელმწიფოსგან შეთავაზებუილი კომპენსაციის ოდენობას - 1 კვ/მ-ზე 67 ლარს არ დათანხმდა. ეკატერინე ნინიძის მეუღლე, კანო ნინიძე აცხადებს, რომ მასთან ბათუმის მერმა, რობერტ ჩხაიძემ ინდივიდუალური მოლაპარაკება აწარმოა და გარკვეულ შეთანხმებასაც მიაღწიეს, მაგრამ ეს შეთანხმება შემდეგ თვითონ მერმა დაარღვია: „მიწის ფართის გამოყოფას დამპირდა ისევ ადლიაში, მაგრამ არა იმდენის, რამდენიც გაგვაჩნდა. ჩვენ ამაზეც ვიყავით კმაყოფილნი. შემდეგ კი მერმა დანაპირები შეგვიცვალა და უარყო შეთანხმება. მოვიდნენ, ბულდოზერით სახლი და სხვა შენობა-ნაგებობები მიწასთან გაასწორეს და საკუთრება ბარბაროსულად წაგვართვეს“.
 
კაკო ნინიძის თქმით, მალე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, სტრასბურგში, საქართველოს წინაააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეემატება.

საქმეში არსებული სამართლებრივი დარღვევები

ოჯახის ადვოკატი, ირაკლი შავაძე აცხადებს, რომ ბათუმის მერია უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს: „სასამართლო გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიას ჩემი მარწმუნებლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მხოლოდ ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა, მას საკუთრების უფლება არ ჩამორთმევია და არც ბათუმის მერიას გადასცემია საკუთრებაში. ამის მიუხედავად, ბათუმის მერიამ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, საჯარო რეესტრის თანამშრომელთა დახმარებით, მოახერხა საჯარო რეესტრში დაერეგისტრირებინა არარსებული უფლება - ეკატერინე ნინიძის საკუთრება რეგისტრაციის საფუძვლის გარეშე დარეგისტრირდა ბათუმის მერიის საკუთრებად. საჯარო რეესტრის რეგისტრატორმა გადაამეტა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას, რითაც ჩემს მარწმუნებელს მიაყენა ზიანი“.

ადვოკატ შავაძის თქმით, ბათუმის მერიამ დაარღვია კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“. კერძოდ, „საქართველოს ეს კანონი იმპერატიულად აკეთებს დათქმას, რომ ექპსპროპრიაციის უფლების მქონე ვალდებულია, აწარმოოს მოლაპარაკება ქონების მესაკუთრესთან. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ფასზე, ამ შემთხვევაში, საკომპენსაციო თანხა სასამართლოს წესით უნდა განისაზღვროს. კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ იძულებას მესაკუთრის მიმართ, არამედ დანაშაულსაც. ეს გამოიხატა იმით, რომ ჩემი მარწმუნებლის ქონება უკანონოდ დაარეგისტირეს საჯარო რეესტრში, ეკატერინე ნინიძე იძულებით გამოასახლეს საცხოვრებელი სახლიდან და იმავე დღეს დაუნგრიეს სახლი, მაშინ, როცა მხარეები არ იყვნენ შეთანხმებული ფასზე და არც სასამართლო გადაწყვეტილება არსებობდა ჩემი მარწმუნებლისათვის საკუთრების ჩამორთმევის თაობაზე“.

ბათუმის მერიას ექსპროპრიაციის უფლება მინიჭებული ჰქონდა საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით. საავტომობილო გზა, მშენებლობის დასრულების სტადიაშია და მას არ გადაუკვეთია ნინიძის მიწის ნაკვეთი. საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა უკვე გაყვანილი გზიდან 30 მეტრის დაშორებით. „ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ არსებობდა მერიისთვის ჩემი მარწმუნებლის ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები“, - ამბობს ადვოკატი.

ადვოკატ შავაძის განცხადებით, მხარემ ამის თაობაზე წერილობით აცნობა ბათუმის მერს, საქართველოს სახალხო დამცველს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს: „სასამართლომ, ნაცვლად იმისა, რომ განეხორციელებინა სწრაფი, ეფექტური მართლმსაჯულება და სასამართლო კონტროლი, ბათუმის მერიის უკანონო ქმედებაზე ჩვენი განცხადებები სრულიად უსაფუძვლოდ განუხილველად დატოვა“.

ცხოვრება ჰამაკში

78 წლის ლუბა კორუბკინა სახლის დანგრევის შემდეგ, ცხოვრებას ბაღში, მანდარინის ხეებს შორის გაკეთებულ ჰამაკში აგრძელებს. იქვე, პატარა მაგიდაზე დალაგებული აქვს წამლები და ჭურჭელი, გვერდით კი ცეცხლი ანთია და ქვაბში წყალი დუღს.

„ჩემი წლები აქ გავატარე. აქ დავიბადე და გავიზარდე. ეს არის ხელისუფლება?! ეს საქართველოში საკუთრების უფლების უხეში ხელყოფაა. მე არ ვაპირებ აქედან სადმე წასვლას - აქ არის ჩემი საცხოვრებელი. მობრძანდეს პრეზიდენტი სააკაშვილი და ლევან ვარშალომიძე, ამიხსნან ასე უკანონოდ რატომ მოგვექცნენ“, - ამბობს თვალცრემლიანი მოხუცი.

ახალი ამბები