სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბის და წნორის მე-3 საჯარო სკოლის ყოფილმა მასწავლებლებმა სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მიმართეს. გათავისუფლებულ პედაგოგებს იურიდიულ დახმარებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისი უწევს.
როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის კოორდინატორმა გელა მთივლიშვილმა აღნიშნა, მასწავლებლების გათავისუფლებისას სკოლების დირექტორებს დარღვეული აქვთ საქართველოს კონსტიტუციით, შრომის კოდექსით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, შრომითი ხელშეკრულებით და ევროპის სოციალური ქარტიით დადგენილი მოთხოვნები.
შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით, კახეთის რეგიონის საჯარო სკოლებიდან 300-ზე მეტი მასწავლებელი გაათავისუფლეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისში, დახმარების თხოვნით, სკოლებიდან გათავისუფლებული 247 მასწავლებლის განცხადებაა შესული.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი