კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილთა ნაწილი დამწვრობის ცენტრში შესახლებაზე უარს ამბობს

2 სექტემბერი, 2010
შორენა ლათათია

თბილისში, ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნულ ცენტრში უკვე წლებია, აფხაზეთიდან დევნილი  60-მდე  ოჯახი ცხოვრობს.  2007 წელს  აღნიშნული შენობა  „პსპ ჯგუფში“ შემავალმა კომპანიამ „ნიუ ჰოსტიპალმა“ შეიძინა  და ახალი მრავალპროფილიანი სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დაიწყო. ამის გამო დღის წესრიგში შენობის ერთ ნაწილში მცხოვრები 39 დევნილი ოჯახის გამოსახლების საკითხი დადგა.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაარკვია, ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნული ცენტრის შენობაში მცხოვრებთა უმრავლესობა დევნილია, თუმცა არიან არადევნილებიც.  

მაცი ბერაია, აფხაზეთიდან დევნილი: „ერთი წლის წინ მშენებლობაზე მომუშავე მუშებისაგან სრულიად შემთხვევით შევიტყვეთ, რომ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს დამწვრობის ცენტრში გვთავაზობდნენ. დევნილთა ნაწილმა ეს ფაქტი მაშინვე გავაპროტესტეთ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შენობა არ ექვემდებარება საცხოვრებელი ფართის ზოგად სტანდარტებს. დამწვრობის ცენტრის დირექტორი, ბესიკ იაშვილი ერთ-ერთ  ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმებით, დევნილთა დამწვრობის ცენტრის შენობაში შესახლება ყოვლად დაუშვებელია (იხ. http://www.ambebi.ge/meditsina/3973-strategiuli-mnishvnelobis-saavadmkopos-dakhurva-emuqreba-ra-eshveleba-damtsvar-khalkhs.html)“.

შპს „ნიუ ჰოსპიტალის“ დირექტორის მოადგილემ, თენგიზ ჯამელაშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას განაცხადა, რომ დამწვრობის ცენტრი ორი ერთმანეთისაგან იზოლირებული  შენობისაგან შედგება, სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე კედლები სრულად ჩამოიფხიკა. ამჟამად, ეპიდემიური და ინფექციური თვალსაზრისით, დევნილთათვის იქ ცხოვრება სრულიად უსაფრთხოა.

მაცი ბერაიას თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, ვალერი კოპალეიშვილი რეალ ტვისთვის რამოდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დაუშვებელია დევნილთათვის ისეთი შენობების დაკანონება, რომელიც მაგალითად საავადმყოფოს ერთ-ერთ ფლიგელს წარმოადგენს (იხ. http://www.rtv.ge/video.php?video_id=746&width=500&height=350).
 
ამის საწინააღმდეგოდ თენგიზ ჯამელაშვილი განმარტავს, რომ დევნილთა დამწვრობის ცენტრში შესახლება სამინისტროსთან შეთახნხემით გადაწყდა და ისინი კანონის სრული დაცვით მოქმედებენ.

„შპს „ნიუ ჰოსპიტალის“ მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ფართი არანაკლებია და ხშირ შემთხვევაში აღემატება იმ ფართს, რასაც დევნილები ამჟამად თვალის ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნულ ცენტრში ფლობენ. ამასთან, ბინები უფრო კეთილმოწყოფილი და გარემონტებულია და რაც მთავარია, უახლოეს მომავალში, ისინი დევნილებს  პირად საკუთრებაში გადაეცემათ“, – განმარტავს  ჯამელაშვილი.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაარკვია, თვალის ოფთოლმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნულ ცენტრში მცხოვრებ დევნილთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. დევნილთა ნაწილი უკვე დათანხმდა შეთავაზებულ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, ნაწილმა 10 000 დოლარის ოდენობით ფულადი კომპენსაცია აიღო, ნაწილი კი დამწვრობის ცენტრში შესახლებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს და სხვა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს ან ფულადი კომპენსაციის სახით 30 000 დოლარს ითხოვს.

„დევნილთა შესახებ კანონით ჩვენ სრული უფლება გვაქვს, უარი ვთქვათ კოლექტიურ ცენტრში ცხოვრებაზე და ინვესტორისგან ფულადი კომპენსაცია მოვითხოვოთ. სამწუხაროდ, შემოთავაზებული 10 000 დოლარი, თბილისში, თუნდაც გარეუბანში, საცხოვრებელი ფართის შესაძენად საკმარისი არ არის. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ სხვა ალტერნატიული ფართი ან ადეკვატურ ფულად კომპენსაციას“, - ამბობს მაცი ბერაია.

ამ ეტაპზე  შპს „ნიუ ჰოსპიტალი“ ფულადი კომპენსაციის გაზრდის შესაძლებლობას გამორიცხავს. „10 000 დოლარი მაქსიმუმია, რისი შეთავაზებაც ჩვენ, როგორც ინვესტორს, შეგვიძლია და გვევალება“, -  ამბობს ჯამელაშვილი.

ჯერჯერობით  უცნობია, რა ზომებს მიმართავს შპს „ნიუ ჰოსპიტალი“ იმ შემთხვევაში, თუ დევნილთა ნაწილი ფართის დატოვებაზე ან შეთავაზებულ ფულად კომპენსაციაზე ბოლომდე უარს განაცხადებს.

ახალი ამბები