კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს საცოლე მოსტაცეს

2 სექტემბერი, 2010
კახეთის საინფორმაციო ცენტრი   

კახეთის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ტაბუცაძეს უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტიდან საცოლე ნათია ჩხარტიშვილი მოსტაცეს. ამ ინფორმაციას უკრაინული გაზეთი „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. ნათია ჩხარტიშვილი ქართველი ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის შვილია. „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ნათია ჩხარტიშვილი აეროპორტიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ტარიელ ვასაძის დაცვამ გაიტაცა.

გაზეთის ინფორმაციით, ნათია ჩხარტიშვილი აეროპორტიდან მაშინ გაიტაცეს, როდესაც იგი თავის საქმროსთან, დავით ტაბუცაძესთან ერთად კიევი - თბილისის თვითმფრინავთან მისასვლელად ემზადებოდა.

უკრაინული გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ნათია ჩხარტიშვილის გატაცების ორგანიზატორი მისი მამა ვანო ჩხარტიშვილია, რომელიც ეწინააღმდეგება მისი შვილისა და დავით ტაბუცაძის დაქორწინებას.

უკრაინულ მედიასთან საუბრისას ტაბუცაძე აცხადებს, რომ ისინი საქართველოში ჯვრის დასაწერად მიფრინავდნენ. პოლიციელისა და ნათია ჩხარტიშვილის ქორწინების ჩაშლა კი, საპატარძლოს მამამ მოინდომა. წყვილი ოდესაში ისვენებდა, თუმცა როცა გაიგეს, რომ მათ ვანო ჩხარტიშვილი ეძებდა, საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტეს. ისინი ჩაფრინდნენ ბორისპოლში, სადაც ტაბუცაძემ დახმარებისთვის უკრაინელი კოლეგა მილიციელები გამოიძახა. თუმცა, აეროპორტში მათ ტარიელ ვასაძის დაცვისა და უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გზა გადაუჭრეს.

ვიდრე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, წყვილმა რეგისტრაციის გავლა მოასწრო და ავტობუსშიც ჩასხდნენ, რომელსაც ისინი ასაფრენ ბილიკამდე უნდა მიეყვანა. თუმცა, ავტობუსში ნათია ჩხარტიშვილთან უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი მივიდა, პასპორტი მოსთხოვა და იქიდან ერთი გვერდი ამოხია. შემდეგ თანამშრომლებმა ჩხარტიშვილს თავაზიანად აუხსნეს, რომ ამოხეული გვერდით ვერსად გაფრინდება და უკან, აეროპორტში დააბრუნეს. ტაბუცაძეს კი მოსთხოვეს, აეროპორტი დაეტოვებინა.

ტაბუცაძე ამტკიცებს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა, ვალერი ხოროშსკოვსკიმ უკრაინის შს მინისტრ ანატოლი მოგილევს დაურეკა და აეროპორტიდან მილიციელების გაყვანა მოსთხოვა.

ნათია ჩხარტიშვილთან არ მიუშვეს საქართველოს ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე. ჩხარტიშვილი კი, ჯერ ტარიელ ვასაძის სახლში, შემდეგ კი ლონდონში გაამგზავრეს.

უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივანი მარინა ოსტაპენკო „უკრაინსკაია პრავდასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მის სამსახურს მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს.

გრიგოლ ქათამაძემ კი ამბობს, რომ მის სახელზე ტაბუცაძის განცხადება შევიდა, სადაც იგი წერდა, რომ „მისი მეუღლე აეროპორტში დააკავეს“. მისივე თქმით, ტაბუცაძე დაკავების მიზეზების გარკვევას ითხოვდა.

„შესაბამისი განცხადება მან პროკურატურასა და საოლქო მილიციის განყოფილებაშიც დაწერა. ჩვენ შესაბამისი ორგანოების რეაგირებას ველით ჩვენი თანამოქალაქის დაკავების შესახებ“, - აცხადებს ქათამაძე.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დავით ტაბუცაძე პარლამენტში გამოსვლისას გმირად გამოაცხადა. „რამდენიმე დღის წინათ, ამ ადამიანმა ოცდაერთი წლის გოგონა გადაარჩინა, რომელიც მტკვარში თავს იხრჩობდა. იგი დაუფიქრებლად გადახტა მტკვარში და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გოგონა წყლიდან ამოიყვანა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

„უკრაინსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებული მასალა შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე: http://www.pravda.com.ua/rus/news/2010/08/27/5331626

ახალი ამბები