კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქვემო ქართლში ოპოზიცია ოფისებს ხურავს

3 სექტემბერი, 2010
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ  ქვემო ქართლში ოპოზიციურმა პარტიებმა აქტიურობა შეწყვიტეს. რეგიონში თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ოფისი დაიხურა. „მთავარი პრობლემა ფინანსებია. ცხადია ჩვენ ვხვდებით, რომ საჭიროა  ოფისი, მაგრამ მისი ხარჯების დაფარვა არ შეგვიძლია“, - ამბობს რეგიონში პარტია „თავისუფლების“ წარმომადგენელი ირაკლი ქაჯაია.

ქრისტიან-დემოკრატების ოფისის კარს რუსთავში ეტყობა, რომ უკვე დიდი ხანია, იგი არც ერთ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეს არ შეუღია. ობობების აბლაბუდები კარს მთელ სიგრძეზე ეხვევა. ოფისზე კი წარწერაა გამოკრული - „ქირავდება“. გიორგი თარგამაძის პარტიამ, „თავისუფლების“ მსგავსად, ოფისი საჭირო თანხების არქონის გამო დახურა.

„სამწუხაროდ, ჩვენც გვიწევს ოფისზე უარის თქმა. ეს ცუდია არა მხოლოდ  პარტიისთვის, არამედ ქალაქისთვის“, – ამბობს რესპუბლიკური პარტიის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ნინო ლომიძე. მათი ოფისი ახლა „რუსთვგაზმა“ დაიქირავა.
 
ქვემო ქართლში მუდმივად მუშაობის გამოცდილება არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს. ყველა ზემოთხსენებულმა პარტიამ რეგიონში საკუთარი ოფისი არჩევნებამდე ორი თვით ადრე გახსნა.

„მართლა სოკოებივით არიან. წინასაარჩევნოდ ჩნდებიან და მერე ქრებიან. გვესმის, რომ იმდენი ფული არა აქვთ, რამდენიც „ნაციონალებს“, მაგრამ ხომ შეიძლება, ერთმანეთში შეთანხმდნენ და ერთი საერთო ოფისი გააკეთონ. მისასვლელი ადგილი მაინც გვექნება უკმაყოფილო ადამიანებს. ხალხი ძალაა - ჩვენი ერთად დგომა საქმეს წაადგებოდა“, - ამბობს რუსთაველი თამაზ კაკულია.

პირად საუბრებში ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათ არჩევნების პერიოდში თავად მისცა ფული ოფისებისა და მუშაობისთვის: „ეს ქვემო ქართლში ფასადური დემოკრატიის საჩვენებლად იყო საჭირო. სწორედ, ამ მიზნით, რეგიონის საკრებულოებში რამდენიმე ოპოზიციონერი შეუშვეს. ახლა მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. ყველაფერი ხმათა უმრავლესობით წყდება და ამდენად, სადავეები „ნაციონალების“ ხელშია. ერთადერთი გარდაბანია, სადაც დემოკრატიის იმიტაციის გეგმაც ჩაუვარდათ. მათ საკრებულოში ოპოზიცია პრაქტიკულად არ არის“.

რეგიონში უსახლ-კაროდ დარჩენილი ოპოზიციის საყვარელი სასაუბრო თემა ორი თვის წინ არჩევნებში გამარჯვებული „ნაციონალების“ დაპატიმრების ფაქტებია. შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს  შსს-მ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა მარნეულის მუნიციპალური საკრებულოს თავჯდომარე აივაზ ისმაილოვი, რომელმაც არჩევნებზე ხმათა 68% მიიღო. ასევე დააკავეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე კამრან მუსაევი. მას თვითმმართველობის არჩევნებზე ხმათა 92% ჰქონდა.

ახალი ამბები