კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლერი ხაბელოვი – დევნილი პოლიტიკური ნიშნით

6 სექტემბერი, 2010
მარი ოთარაშვილი

„საქართველოდან იმიტომ წამოვედი, რომ ჩემი უსაფრთხოება კითხვის ქვეშ იდგა. თუმცა, დაბრუნება ძალიან მინდა“, – აცხადებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ოსურ მედიასთან საუბრისას და დასძენს, რომ საქართველოში დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, როცა ხელისუფლება შეიცვლება.

ლერი ხაბელოვზე საუბრისას პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთში ვერ თანხმდევიან და ვერ ასახელებენ ზუსტ მიზეზს, თუ რის გამო დატოვა ამ კაცმა საქართველო.  

ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და ევროპის სამგზის ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, რომელმაც ეს ტიტულები საქართველოს მოუტანა, გაზეთ „ვზგლიადს“ უცხადებს, რომ საქართველოდან სააკაშვილის ხელისუფლებამ გამოაძევა. ამიტომაც იძულებულია ვლადიკავკაზში იცხოვროს.

„საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაიგო ერთი რამ: მეზობლებთან ჩხუბი და მუდმივად დაძაბული ურთიერთობა არ შეიძლება“, - ამბობს ხაბელოვი გამოცემასთან საუბრისას.

უფრო ადრე ოსი ხალხის შევიწროებაში საქართველოს ხელისუფლება ასევე საქართველოში  მცხოვრებმა და ამჟამად დევნილობაში მყოფმა ოსმა ბიზნესმენმა გოჩა ძასოხოვმაც დაადანაშაულა. იგი ახლა მოსკოვში ცხოვრობს. ძასოხოვი გაზეთ „სეგოდნიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, მისი ოსური წარმომავლობის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ ტერორი მოუწყო, რის გამოც ხაბელოვი იძულებული გახდა, ცხინვალში გაქცეულიყო და ვკადიკავკაზში გადაბარგებამდე ლტოლვილთა კარავში ცხოვრობდა.

თავად ძასოხოვი მოსკოვში პირდაპირ პეკინის ოლიპმიადიდან გაქცეულა, სადაც ის ოლიმპიურ თამაშებს შსს-ს სპორტსაზოგადოება „დინამოს“ ხელმძღვანელის რანგში ესწრებოდა.

მისი თქმით, „სააკაშვილმა ოს ხალხს ბართლომეს ღამე მოუწყო“, ძასოხოვი კი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ვერ გამოიყენა და ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ მთელი ბიზნესი დაუყადაღა.

ძასოხოვი იმასაც ამბობდა, რომ ქართულმა არმიამ ცხინვალი დაანგრია, ოსური სოფელი დმენისი კი მიწასთან გაასწორა: „ცეცხლმოკიდებულ ცხინვალში კი დიმიტრი სანაკოევი რუპორით აცხადებდა, რომ ახლა ის იყო უმაღლესი ხელისუფლება და ყველა მას უნდა დამორჩილებოდნენ“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი - ქართლოსის“ ხელმძღვანელი, მეგი ბიბილური ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ როგორც გოჩა ძასოხოვი, ასევე ლერი ხაბელოვი საქართველოდან ეთნიკური ნიშნით დევნის მსხვერპლნი არ ყოფილან.

მეგი ბიბილური: „ხაბელოვთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაცია ინფორმაციას ფლობს და მის ირგვლივ არსებულ სიტუაციასაც თვალ-ყურს ადევნებს. შემიძლია ვთქვა, რომ იგი არ ყოფილა ეთნიკური ნიშნით დევნის მსხვერპლი. ხაბელოვს მხოლოდ პირადი პრობლემები ჰქონდა აქ და სხვა არაფერი. ანუ ის დღეს საქართველოში არ იმყოფება და ვერ ჩამოდის არა იმიტომ, რომ ეთნიკურად ოსია, არამედ მას სხვა პირადი კონფლიქტები აქვს საქართველოში".
  
ბიბილურისგან განსხვავებით, საქართველოში მცხოვრებ ოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი იზოლდა ტიგიევა თვლის, რომ ლერი ხაბელოვი სწორედ ეთნიკური ნიშნით დევნის გამო ვერ ჩამოდის საქართველოში.

იზოლდა ტიგიევა: „არაერთხელ მსმენია ამის შესახებ და მჯერა კიდეც, რადგან საქართველოში ეთნიკური ოსების დევნის ფაქტები ახალი არ არის. გარკვეული ტიპის ზეწოლა ჩემზეც ყოფილა. თუმცა, ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო. შემიძლია ვთქვა, რომ უკვე შევეჩვიე ამას და ვფიქრობ კიდეც, რომ ეს ასე იქნება, ვიდრე საქართველოში ნამდვილი დემოკრატია არ დამყარდება“.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ჩვენთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლერი ხაბელოვი არა ეთნიკური, არამედ პოლიტიკური ნიშნით დევნილია. მისი თქმით, ეთნიკური ნიშნით რომც არ იყოს ეს ადამიანი პოლიტიკურ დევნაში, ცხადია, რომ დღეს საქართველოში, დიდი სურვილის მიუხედავად, განსხვავებული აზრისა და მსოფლმხედველობის გამო ვერ ჩამოდის.   

მამუკა არეშიძე: „ლერი ხაბელოვზე კარგი კაცი მე ამ ქვეყანაზე არავინ მეგულება. მიმაჩნია, რომ იგი ეთნიკური ნიშნით არ იდევნება. უბრალოდ, ლერი ხაბელოვმა მხარი დაუჭირა ბადრი პატარკაციშვილს, რომელიც იმ პერიოდში არა მარტო ოპოზიციის ლიდერი, არამედ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიც იყო, ხაბელოვი კი - მისი მოადგილე. ამის გამო შეექმნა ხაბელოვს სააკაშვილის ხელისუფლებასთან პრობლემები, რაც მისი საქართველოდან წასვლით დასრულდა. მას ძალიან უყვარს საქართველო, ქართველები, მაგრამ ახლანდელი ხელისუფლების გამო, დაბრუნებას ვერ ახერხებს. სანამ არ შეიცვლება ეს ხელისუფლება, ვერც დაბრუნდება. იგივე პრობლემები აქვს გოჩა ძასოხოვსაც. გოჩამაც სააკაშვილის ხელისუფლების მტრის (როგორც სააკაშვილი თავად ამბობდა) - პატარკაციშვილის მხარე დაიჭირა. გარდა ამისა, იგი ბიზნესმენიც იყო და, რაც სხვა ოპოზიციურად განწყობილ ბიზნესმენებს დაემართათ, მასაც იგივე შეეხო. კიდევ გიმეორებთ, რომ ლერი ხაბელოვის მსგავსი ვაჟკაცი ადამიანი საქართველოს ბევრი არა ჰყავს“.

ახალი ამბები