კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ავღანეთში ქართველი ოფიცერი დაიღუპა, კაპრალმა კი ორივე ფეხი დაკარგა

6 სექტემბერი, 2010
ინტერპრესნიუსი

ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად 28 წლის ქართველი ოფიცერი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი დაიღუპა.

ამის შესახებ, 5 სექტემბერს საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, არსენ ცუხიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ამავე ბატალიონის კაპრალმა, 25 წლის ალექსანდრე გითოლენდიამ ორივე ქვედა კიდური დაკარგა. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა გარდაცვლილი ოფიცრის გადმოსვენება რაც შეიძლება მალე მოხდეს. მისივე თქმით, გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი კანონით დადგენილ სოციალურ დახმარებას მიიღებს.

ხარშილაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო ასევე ყველაფერს გააკეთებს დაჭრილი კაპრალის ჯანმრთელობის მაქსიმალური რეაბილიტაციისთვის. „ეს არის რთული სამხედრო ოპერაცია, რომელშიც ქართველი სამხედროები პირნათლად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას“, - დასძინა ნოდარ ხარშილაძემ.

უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი მონაწილეობდა ასევე ერაყის სამშვიდობო მისიაში. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს მესამე ხარისხის უწყებრივი მედალი შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისათვის.

რაც შეეხება დაჭრილ კაპრალს, ალექსანდრე გითოლენდიას, იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობს.

მუხრან შუკვანის საქართველოში ჩამოსვენების დრო ჯერ უცნობია.

ავღანეთში ქართველი ოფიცრის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა.

„აშშ-ის მთელი საელჩო დამწუხრებულია და თანაუგრძნობს უფროს ლეიტენანტ მუხრან შუკვანის ოჯახსა და ქართველ ხალხს ავღანეთში განცდილი მძიმე დანაკარგის გამო. უფროსი ლეიტენანტი შუკვანი სამაგალითოდ მეთაურობდა თავის ასეულს და გვერდში ედგა ავღანელ ხალხს შიშისა და ჩაგვრისგან თავისუფალი მომავლის მშენებლობაში. ვგლოვობთ მის გარდაცვალებას და პატივს მივაგებთ უფროს ლეიტენანტ შუკვანის თანამებრძოლთა თავდადებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ს საელჩომ საქართველოში ქართველი ჯარისკაცის, მუხრან შუკვანის გარდაცვალების გამო გაავრცელა.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ქართველ ხალხს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში, რომელიც საერთო ამოცანების განხორციელებას ემსახურება. „აშშ დიდად აფასებს საქართველოს როლს, აგრეთვე, მსხვერპლს, რომელიც ამ როლს ახლავს. პატივს მივაგებთ უფროს ლეიტენანტ შუკვანის ხსოვნას და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ მშვიდობიანი და სტაბილური ავღანეთის ასაშენებლად“.

ახალი ამბები