კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კურორტი მენჯი სულს ღაფავს

7 სექტემბერი, 2010
ინგა გვასალია, სამეგრელო

ერთ დროს „ყავარჯნების სამარედ“ წოდებული ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი დღეს მთლიანად განადგურებულია. მისი ნგრევა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად მენჯის სანატორიუმს იქ ჩასახლებულმა „მხედრიონელებმა“ და გვარდიელებმა მიაყენეს ზიანი. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ კი, ნახევრად გაპარტახებული სანატორიუმის ცალკეულ შენობებში აფხაზეთიდან დევნილები ჩაასახლეს. სამოქალაქო ომს გადარჩენილი ქონება კურორტის გულგრილი დირექტორების მადას შეეწირა.

ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლით არის ცნობილი. წყალს იყენებენ აბაზანებისათვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. მენჯში თავის დროზე იყო კეთილმოწყობილი სანატორიუმი, სანატორიუმის ტიპის რკინიგზის საავადმყოფო, საკურორტო პოლიკლინიკა. საკურორტო სეზონი კი მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.

ბოლო ხუთი წელია, კურორტ მენჯს მაია სახოკია განაგებს. მისი მმართველობის პერიოდში კურორტის ინფრასტრუქტურის მოშლა ისევ გრძელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, სენაკის ადგილობრივმა ადმინისტრაციამ ეკონომიკის სამინისტროს სთხოვა, კურორტი საბოლოო განადგურებისგან ეხსნა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბალნეოლოგია ჯერ არავის აინტერესებს.

როგორც გამგეობაში გვითხრეს, საწარმოთა მართვის სააგენტოდან მაია სახოკიას თანამდებობიდან წასვლის თემაზე ესაუბრნენ. როგორც ჩანს, სახოკიას  გავლენიანი მფარველი ჰყავს, რადგან თანამდებობას დღესაც ინარჩუნებს.

სენაკის საგადასახადო სამსახურში კურორტის ინსფრასტრუქტურის დაშლისა და ნაწილ-ნაწილ გაყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე საჩივარია შესული. თუმცა, სამსახურის უფროსის, თენგო ლომიას განმარტებით, სახოკიას შენობების დაშლის ნებართვა აქვს. საწარმოთა მართვის საგენტოს მიერ ამა წლის 11 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, კურორტის ბალანსზე არსებული პოლიკლინიკისა და საერთო ბლოკის შენობები ჩამოიწერა. მაია სახოკიამ მაშინვე შენობების დაშლა დაიწყო. ამ პროცესით დაინტერესდა სენაკის საგადასახადო სამსახური, რასაც სამსახურში შესულმა საჩივარმაც შეუწყო ხელი.

კურორტის ყოფილი თანამშრომლები გულგრილად ვერ უყურებენ კურორტის ნგრევის პროცესს და რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურებს მიმართეს. მაია სახოკია თბილისში წავიდა და იქიდან მენჯში ნგრევის განახლებული ნებართვით დაბრუნდა.

როგორც საქმეში ჩართულმა მაკონტროლებლებმა გაარკვიეს, სახოკიას მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი საბუთით, ამორტიზებული შენობების რეალიზების ხარჯზე სააბაზანო განყოფილების აღდგენა და 40-მდე ადამიანის დასაქმება იყო გათვალისწინებული. კურორტის ყოფილი თანამშრომლების თქმით, სახოკიამ როგორც კი ხელში ჩაიგდო ნებართვები პოლიკლინიკისა და საერთო ბლოკის ჩამოწერაზე, სააბაზანო განყოფილებაც თვითნებურად ჩამოწერა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. 

მაია სახოკია თვლის, რომ მას კანონი არასოდეს დაურღვევია: „დავიწყოთ იმით, რომ კურორტის დარეგისტრირება 5 400 ლარი დამიჯდა. ამ თანამდებობაზე როცა დავინიშნე, აქ განსაკუთრებული არაფერი დამხვედრია. მაშინაც გაპარტახებული იყო ყველაფერი. სკამიც კი არ იყო. ჩემს ხელთ არსებული ნებართვები საგადასახადო სამსახურისთვის მისაღები აღმოჩნდა და შევთანხმდით, რომ მზადდება ნიადაგი ერთ-ერთი ნაკვეთის აუქციონზე გასატანად. შემოსული თანხით დავალიანებები უნდა დაიფაროს“.

კურორტის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას დაშლილი ობიექტების სამშენებლო მასალების გაყიდვის შესახებ: „კურორტში გასაყიდი არაფერი იყო. დამპალი და განადგურებული გახლდათ აქაურობა. სააბაზანოს ნაწილობრივ ჰქონდა სახურავი. ყველამ იცის, რომ აქ რუსის ჯარის ბლოკპოსტები იყო განლაგებული, რაც ჩვენი სახურავით მოაწყვეს“.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალურ ცენტრში მაია სახოკიას განცხადებებს უარყოფენ. მათი თქმით, სახოკიას მასალების რეალიზების არანაირი უფლება არ ჰქონდა, რადგანაც კურორტ მენჯში არსებული ქონება, ვალების გამო, 2003 წლიდან საგადასახადოს მიერ იპოთეკითაა დატვირთული. ასეთ შემთხვევაში კი, დირექტორს უფლება არ ჰქონდა, არსებული ქონება გაეყიდა ან გაესხვისებინა საგადასახადო სამსახურთან შეთანხმების გარეშე.

„კურორტი მენჯი გირავნობა-იპოთეკითაა დატვირთული.Nნებისმიერ ორგანიზაციას, სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია თუ არა, გირავნობის შემდეგ შეტყობინება ეგზავნება, რომ მას საგადასახადო სამსახურთან შეთანხმების გარეშე თვითნებურად გაყიდვის ან გასხვისების უფლება არა აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, დირექტორი ვერც მოგვმართავდა, რაიმე ნებართვის გაცემის თხოვნით, რადგან კურორტი მენჯი სახელმწიფო ქონებაა. იგი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ჩვენი სამსახურისთვის ნებართვის მისაღებად უნდა მოემართა ქონების მართვის სააგენტოს. თუ რაიმე გასაყიდია, კანონის შესაბამისად უნდა გაიყიდოს“, - გვითხრეს საგადასახადო სამსახურში.

საინტერესოა, რის საფუძველზე გასცა სააგენტომ კურორტის ჩამოწერისა და დაშლის ნებართვა?.. და რასთან გვაქვს საქმე - არაკომპეტენტურობასთან, გულგრილობასთან თუ ფინანსურ დაინტერესებასთან?

უნიკალური კურორტის აღდგენის პერსპექტივა ჯერ არ ჩანს. მის საბოლოო განადგურებას კი ბევრი აღარ აკლია.

ახალი ამბები