კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პანიკა სვანეთში - მოსახლეობას ეშინია, რომ მიწებს წაართმევენ

7 სექტემბერი, 2010
თეა თოფურია, მესტია-თბილისი

ზემო სვანეთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას მესტიის მუნიციპალიტეტში შიშით უყურებენ. ადგილობრივების თქმით, პროგრამა ისე ხორციელდება, მათ არავინ არაფერს ეუბნება. მესტიაში ეშინიათ, რომ პროგრამის ფარგლებში მათ იმ მიწებს ჩამოართმევენ, რომლებიც წინაპრებისგან გადმოეცათ, მაგრამ დღემდე გაფორმებული არა აქვთ.

სიტუაციის ადგილზე შესასწავლად მესტიაში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა CENN და ადამიანის უფლებათა ცენტრის HRIDC წარმომადგენლები ჩავიდნენ.

მესტიის განვითარების საშიში გეგმა

სვანეთში პანიკაა. მიუხედავად იმისა, რომ მესტიის ცენტრში ყველაფერი ხარაჩოებში ჩასვეს და გამალებული აღმშენებლობა მიმდინარეობს, ადგილობრივებს სიხარული მაინც არ ეტყობათ. მოსახლეობა ჩივის, რომ ხელისუფლება ხალხს საქმის კურსში არ აყენებს. არავინ იცის, რა ღონისძიებებია დაგეგმილი პროგრამის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში, ვის უნდა მიმართონ. უამრავი კითხვის მიუხედავად, პასუხის გამცემი არ ჩანს.

სვანეთში სიტუაცია 7 აგვისტოს შემდეგ დაიძაბა, როდესაც სპეცოპერაციის შედეგად ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელი ნელი ნავერიანი და მისი სამი ნათესავი დააპატიმრეს. მათ ინვესტორებისთვის ფულის გამოძალვა ედებათ ბრალად.

ამ ფაქტს წინ უძღოდა ევროკავშირის მისია ზემო სვანეთში, რომელიც ასოციაცია CENN-ის ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა. იმ საქმიან შეხვედრებს შორის, რომელიც მესტიის რაიონში 8 სოფელში მოეწყო, ერთ-ერთი სწორედ მესტიელების ისტორიული საკუთრების თემას და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს დაეთმო. ადგილობრივებმა ხაზგასმით აღნიშნეს სვანეთში მიმდინარე პროცესების მოსალოდნელი შედეგი, რაც შეიძლებოდა ინვესტორებსა და მოსახლეობას შორის კონფლიქტითაც გამოხატულიყო. ასე რომ, მესტიაში განხორციელებული სპეცოპერაციის სცენარი მოულოდნელი არ ყოფილა.

ზემო სვანეთში არსებული მწვავე პრობლემის გადაჭრა ფინანსური რესურსების სიმწირის გამო ვერ ხერხდება. ხელისუფლებას არ ჰყოფნის თანხები ადგილობრივი მოსახლეობისთვის თუ სახელმწიფოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად, როგორიც ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ღონისძიებების განხორციელება თუ სვანეთში არსებული უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაა. შედეგად, მოსახლეობის ერთ ნაწილს ცხოვრება დატბორილ სახლებში უხდება. ასევე ყოველწლიურად ზიანდება და ინგრევა კოშკები, მაჩუბები და ეკლესიები, რაც სვანეთის ერთ-ერთ მთავარ მიმზიდველობას წარმოადგენს.

მსგავს სიტუაციაში ორმაგად მნიშვნელოვანი იყო მესტიის განვითარების გეგმის განხორციელება და ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რისთვისაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ სოლიდური თანხები გამოყო. ამ პროექტებს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებაში. თუმცა, სვანეთის რეალური საჭიროებები ადგილობრივ დონეზე განსაზღვრას ითხოვდა.

სამწუხაროდ, პროექტის საწყისი ფაზა მოსახლეობის ინფორმირებას და ჩართულობას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, მასში არ აისახა ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია მესტიის განვითარებისთვის და უშუალოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, გაჩნდა კონფლიქტი.

დღეს უკვე დახარჯულია მილიონობით დოლარი მესტიაში სათხილამურო ტრასების მოსაწყობად, მაშინ, როცა ის ტერიტორიები, სადაც ტრასები ეწყობა, ადგილობრივების თქმით, მათი ისტორიული საკუთრებაა და ისინი ინფორმირებულებიც არ არიან პროექტის შესახებ. გარდა ამისა, დიდი თანხა იხარჯება მესტიის ცენტრში არსებული შენობების რეაბილიტაციისთვის, რომელთაც არანაირი კულტურული და ისტორიული ღირებულება არ გააჩნია, მაშინ, როცა მიზერული თანხებია გამოყოფილი ისტორიული კოშკებისა და სხვა ნაგებობების გადასარჩენად. ამ მხრივ, ადგილობრივების განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია მესტიის ცენტრში საციგურაო მოედნის მოწყობამ, რომელზეც 202 505 ლარი დაიხარჯა.

არც მესტიის განვითარების პროგრამაში და არც გზის რეაბილიტაციის პროექტში გათვალისწინებული არ ყოფილა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება.

ამ საკითხების დასარეგურიბლად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩისგან წერილიც მიიღო. თუმცა, მთავრობის რეაგირებას ნავერიან-ჯაფარიძეების სკანდალმა დაასწრო.

სვანეთში მიიჩნევენ, რომ ამ ფაქტით ხელისუფლება მთლიანად სვანეთის დაშინებას შეეცადა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ დადგა უსაფრთხოების პრობლემა მესტიაში, რაც წლების განმავლობაში სვანეთში ტურიზმის განვითარების ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო.

ჩუმად გაყიდული მიწები

ნელი ნავერიანი და მისი ნათესავები უკვე ორი წელია, იმ მამაპაპისეული სათიბების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც სახელმწიფომ კანადელ ინვესტორს - უილიამ ჯეიმს სიმფსონს მიჰყიდა. მართალია, ნელი ნავერიანს აღნიშნული ტერიტორია საჯარო რეესტრში არ ჰქონდა დარეგისტრირებული, მაგრამ მისი ოჯახი სადავო მიწის ნაკვეთით წლების განმავლობაში სარგებლობს.

ამ ფაქტის გასაანალიზებლად აუცილებელია გავითვალისწინოთ სვანეთის თავისებურება და თუ როგორ მიმდინარეობდა აქ მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებული პროცესები.

სვანეთი მცირემიწიანია და ყველა ოჯახს აქვს მიწის ნაკვეთები, რომელიც წინაპრებისგან ერგო. მიწა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირამდე იყო გადანაწილებული. კომუნისტების პერიოდში კერძო საკუთრება, რა თქმა უნდა, არ არსებობდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა:

კახა ჟორჟოლიანი, მესტიის მკვიდრი: „ყველამ მიწის ის ნაკვეთი დაიბრუნა, რომელიც ოდესღაც მის წინაპრებს ეკუთვნოდა. მოხუცებთან მივიდნენ, რომელთაც კარგად ახსოვდათ, სად ვისი მიწა იყო. თავად მოსახლეობა შეთანხმდა საზღვრებზე და მას შემდეგ ეს ნაკვეთები სარგებლობაში გვაქვს. თუმცა, უმეტესობა პრივატიზებული არ არის. ბევრს სახლებიც არა აქვს პრივატიზებული“.

ამჯერად მესტიაში მიწების პრივატიზების პროცესი შეჩერებულია. თავის დროზე მიწის საკუთრებაში გაფორმებას იმ ფაქტმა შეუშალა ხელი, რომ თითო ნაკვეთის პრივატიზება 100 ლარზე მეტი ჯდებოდა. მცირემიწიანობის გამო სვანეთში მოსახლეობას ერთი დიდი კი არა, რამდენიმე პატარა ნაკვეთი აქვს, სულ შეიძლება 9-12 ნაკვეთი ჰქონდეს, შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეს მიწების პრივატიზება 1000-2000 ლარი უჯდებოდა, რის გამოც ეს პროცესი სულ რამდენიმე კაცმა გაიარა. ამჯერად მესტიაში პრივატიზება საერთოდ შეჩერებულია, რაც მოსახლეობაში პანიკას ქმნის. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად კეთდება, რათა ხალხს მიწები წაართვან.

ხვიჩა ჩართოლანი, მესტიის მკვიდრი: ,,ნელი ნავერიანის აყვანით უნდათ შეგვაშინონ. ამით გვანახეს, თქვენც იგივე მოგივათო. არავის აქვს მიწები გაფორმებული და შეუძლიათ ყველას წაგვართვან, გინდა მიწა, გინდა – სახლი“.

საპრეზიდენტო პროგრამა - სათიბები თუ თხილამურები?

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა სახის სამუშაოებია დაგეგმილი ზემო სვანეთის რეაბილიტაციის ფარგლებში. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნერნატორის მოადგილის, ვახტანგ ცხადაიას მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამის ბიუჯეტი 51 246 205 ლარია და ის მთლიანად მიმდინარე წელს უნდა დაიხარჯოს. ამ თანხით დაფინანსდება შემდეგი სამუშაოები:

1.    ცენტრალური და ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია - 37 627 700 ლარი

2.    საციგურაო მოედნის მოწყობა - 202 505 ლარი

3.    სამთო-სათხილამურო ტრასის მშენებლობა - 4 700 000 ლარი

4.    დაბა მესტიის ცენტრის კეთილმოწყობა, რეაბილიტაცია - 3 000 000 ლარი

5.    დაბა მესტიის სანიაღვრეების რეაბილიტაცია - მშენებლობა 1 397 000 ლარი

6.    დაბა მესტიაში წურნიაშის წყალსადენის რეაბილიტაცია - 1 719 000 ლარი

7.    დაბა მესტიის ქუჩების კეთილმოწყობა - 2 500 000 ლარი.

სათხილამურო ტრასა, რომელიც პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში უნდა მოეწყოს, ადგილობრივების სათიბებზე გადის. მოსახლეობა გაურკვევლობაშია. გაუგებარია, როგორ უნდა გაკეთდეს ტრასა სხვის მიწაზე. გადაუხდიან თუ არა მათ კომპენსაციას და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ადგილობრივები შიშობენ, რომ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ობიექტების მშენებლობა მათი მიწის სხვა ნაკვეთებსაც შეიწირავს.

ხვიჩა ჩართოლანი: „ახლა ამბობენ, რომ მესტიის არქივი, რომელშიც ჩვენი საკომლო წიგნები ინახება, ზუგდიდში გადააქვთ. წიგნში ჩაწერილია, ვის რამდენი ნაკვეთი აქვს და სად. ესეც თუ ზუგდიდში გადაიტანეს, იქ შეიძლება საერთოდ გაანადგურონ და მერე რითი დავამტკიცოთ, რომ ეს მიწები ნამდვილად ჩვენია?!“

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი თეა ბოლქვაძე აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მთლიანად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRIDC) მესტიის გამგებელს გოჩა ჭელიძეს გაესაუბრა.

- ბატონო გოჩა, რატომ შეჩერდა პრივატიზების პროცესი მესტიაში?

- ჯერ ხალხს ერთმანეთში გარკვეული არა აქვს, რომელი მიწა რომლის წინაპარს ეკუთვნოდა. ჩხუბი და გაუგებრობა რომ არ მოხდეს, ამიტომ შეჩერდა, გაირკვევა ყველაფერი და ისევ განახლდება.

- თავად მესტიელები ამბობენ, რომ ერთმანეთში დიდი ხანია, ყველაფერი გაარკვიეს და სადაო არაფერი აქვთ.

- არა. არის სადაო მიწებიც.

- როგორ მოხდება ამ მიწების პრივატიზება, როცა ხალხს საბუთები არ გააჩნია?

- გამოინახება საშუალება, თუნდაც იგივე საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით.

- ამბობენ, რომ ეს არქივი ზუგდიდში გადააქვთ.

-    არსად არ გადააქვთ, აქ რჩება.

- უკვე იყო ფაქტები, როცა ხალხს მიწები სახელმწიფომ გაუყიდა, იგივე ნავერიანის შემთხვევა.

- მე ვუთხარი კიდეც ნავერიანს და მაგის ნათესავებს - თუ რამეს გაჩუქებს ინვესტორი თავისით, ის აიღეთ, ფული არ მოსთხოვოთ-მეთქი.

- საუბრობენ, რომ ნელი ნავერიანს მისი ოპოზიციური მოღვაწეობის გამო გადაემტერნენ.

- რა შუაშია?! ერთ-ერთი დაპატიმრებული „ნაციონალიც“ იყო, ჩემთან მუშაობდა გამგეობაში.

- იგივე პრობლემაა სათხილამურო ტრასებთან დაკავშირებითაც. ეს ტრასა ადგილობრივების სათიბებზე გადის. როგორ აპირებთ პრობლემის მოგვარებას?

- ახლა შეიქმნა კომისია, რომელიც სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელებს. ალბათ, კომპენსაციებს გავცემთ.

- განსაზღვრულია კომპენსაციის ოდენობა? თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებულია?

- არ არის გათვალისწინებული.

- აბა, საიდან მოიტანთ ამ თანხას?

- არაა პრობლემა, ფული იქნება. გარდა ამისა, სათიბი ტრასას ხელს არ უშლის. ტრასა ზამთარში იქნება, სათიბი – ზაფხულში. მარტო ღობეების აღება მოუხდებათ. ზაფხულში ერთ მავთულს გააბავენ, რომელიც საქონლის მიახლოვებაზე დენს არტყავს. ერთი „კრონას“ ბატარეა უნდა. მთელი სეზონი ეყოფა.

გამგებლის კომენტარებიდან ჩანს, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის პრობლემებზე ადეკვატური რეაქცია არა აქვს. მოსახლეობა განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გამგეობასა თუ ცენტრალურ ხელისუფლბაში გადაწყვეტილებებს მათ გარეშე იღებენ, მთავრობა ხალხთან არ ურთიერთობს, რის გამოც ადგილობრივებში ათასგვარი ჭორი ვრცელდება. მოსახლეობა ამბობს, რომ ასეთი გაუგებრობა დიდხანს თუ გაგრძელდა, შესაძლოა საქმე სერიოზულ კონფლიქტამდეც მივიდეს.

ახალი ამბები