კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სიკვდილი რომ დავაპიროთ, სასაფლაოზე მისასვლელად რუსეთის ვიზა გვჭირდება“

7 სექტემბერი, 2010
იზა რიკაძე, „კვირის პალიტრა“

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი კიდევ ორი კილომეტრით გაიზარდა. მართალია, ჩვენი ხელისუფლება ამას არ ახმაურებს, მაგრამ თითქმის ორი თვეა, რუსული ჯარის ნაწილებმა კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში თვაურების დასახლების დიდი ნაწილი დაიკავეს და მიწაყრილით გაყვეს, რის გამოც მოსახლეობა სახლში შესვლას ვეღარ ახერხებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ლამისყანელების სავარგულების დიდი ნაწილიც. გამოდის, რუსი ოკუპანტები თბილისთან ახლა კიდევ უფრო ახლოს, ზუსტად 24 კილომეტრში არიან.

სოფელი ლამისყანა და თვაურების დასახლება კასპის რაიონის ბოლო დასახლებებია სამხრეთით, მას ახალგორის რაიონის სოფელი ახმაჯი ესაზღვრება, რომელიც რუსების მიერ უკვე ორი წელია ოკუპირებულია.

ლამისყანა რუსებისთვის სტრატეგიული ტერიტორიაა, ის ახალგორის რაიონს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს.

სოფელში დაახლოებით 500 ოჯახი ცხოვრობს, თვაურების დასახლება კი სოფლის ერთ-ერთი უბანია, სადაც ერთი გვარის 50-მდე ოჯახი სახლობს. ცოტა ხნის წინ რუსმა ოკუპანტებმა სწორედ ამ დასახლების ნაწილი მიიტაცეს.

ლამისყანა რომ კონფლიქტის ზონაა, ამაზე მეტყველებს ევროკავშირის დამკვირვებელთა კორტეჟიც, რომელიც სოფლისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება. „ესენი მხოლოდ შორიდან, დურბინდით აკვირდებიან რუსული ჯარის გადაადგილებას, ამათი იმედი როგორ უნდა გვქონდეს?!" - ამბობს სოფლის მკვიდრი, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით ვინაობის გამხელა არ ისურვა, მაგრამ გამცილებლის მოვალეობა კი იკისრა.

სოფელში შესვლისთანავე პირველად თვალს მზისა და გვალვისგან გადამწვარი მინდვრები და ხეხილის ბაღები ხვდება. სოფლის ცენტრალური სარწყავი არხი ისეა გამომშრალი, ეტყობა, წყალს აქ დიდი ხანია კვალი არ დაუტოვებია. "ეს სარწყავი არხი სათავეს ახალგორში იღებს. რუსებმა არხი მას შემდეგ გადაგვიკეტეს, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ ახალგორს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. არხში სილით სავსე ტომრები ჩაუყრიათ და მთიდან წამოსული წყალი მდინარე ქსანში ჩაედინება. ლამისყანა ხეხილით განთქმული სოფელი იყო, ახლა კი ყველაფერი გახმა და გახრიოკდა. ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დავრჩით.

„ხელისუფლების ყურადღება რომ მიგვექცია, გადავწყვიტეთ, ცენტრალური საავტომობილო გზა გადაგვეკეტა, მაგრამ სამართალდამცავები მუშტი-კრივით გაგვისწორდნენ, აქციაში მონაწილე პედაგოგები სამსახურიდანაც გაათავისუფლეს“, - გვიამბობს გამცილებელი.

სოფლის შუაგულში, ელექტროგადამცემი ხაზის ბოძზე, ქართული დროშა ფრიალებს, რაც იმის ნიშანია, რომ მართალია, რუსები ორ ნაბიჯში არიან, მაგრამ აქ ჯერ კიდევ ქართული იურისდიქცია ვრცელდება.

„რუსები ხშირად არღვევენ საჰაერო სივრცეს. ოკუპანტების შვეულმფრენების გამოჩენა ჩვენი სოფლის თავზე ჩვეულებრივი ამბავია. მეტიც, ისე ახლოს არიან ქართულ საგუშაგოსა და სოფელთან, რომ ხშირად გზააბნეულები სოფელშიც კი დაბორიალებენ. ერთხელ ბაღიდან მოვდივარ და ვხედავ, ჩემკენ ოთხი რუსი ჯარისკაცი მოემართება, ზურგჩანთები ჰკიდიათ. გაქცევით ვერსად გავიქცეოდი, თანაც ვიფიქრე, არ მესროლონ-მეთქი. მომიახლოვდნენ და მკითხეს: გზა აგვებნა და ხომ არ იცით, ჩვენების ბლოკპოსტი სად არისო.

შარშან გაზაფხულზე ტყეში შეშაზე გასული ექვსი ჩვენი თანასოფლელი დააკავეს და რვა თვის განმავლობაში ცხინვალის ციხეში ჰყავდათ გამომწყვდეული. ბაღში თუ ვერ გავედი და მოსავალი ვერ მოვიყვანე, შეშა თუ არ მოვჭერი ზამთრისთვის, სხვა რა დარჩენია გლეხკაცს. გამოდის, უნდა ავიკრათ გუდა-ნაბადი და ავიყაროთ აქედან. მას შემდეგ, რაც რუსებმა პირობითი საზღვარი კიდევ ორი კილომეტრით გადმოსწიეს, თვაურების დასახლების სასაფლაო მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. მოხუცები სიმწრით ხუმრობენ, სიკვდილი რომ დავაპიროთ, სასაფლაომდე მისასვლელად რუსეთის ვიზა გვჭირდებაო“, - გვეუბნება სევდიანად ჩვენი გამცილებელი.

ამასობაში ქართულ ბლოკსაგუშაგოს ვუახლოვდებით. სახელდახელოდ შეკრული რამდენიმე ფარდული სამხედრო გამაგრების კვალობაზე დაუცველი ჩანს. „ამ საცოდავებს ზამთარში თავზე ათოვთ და ზაფხულში აწვიმთ. უნდა ნახოთ, რუსებს როგორი ბლოკსაგუშაგო აქვთ, ეს იმასთან შედარებით საქათმეა“, - გვიხსნის გამცილებელი. სამართალდამცავთაგან მხოლოდ ერთია აქაური, დანარჩენები აჭარიდან მივლინებით გამოგზავნილი ჯარისკაცები არიან.

თურმე რუსების პროვოკაციის შემთხვევაშიც კი ქართულ მხარეს საპასუხო გასროლის უფლება არა აქვს. ვთხოვთ სამხედროებს, თუ შესაძლებელია, რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მოგვცენ, ვითომ მიტოვებული სახლის სანახავად.

რამდენიმე სატელეფონო ზარის შემდეგ ქართველი სამართალდამცავები გვატყობინებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა შეგვიძლია და რეგისტრაციისთვის პირადობის მოწმობებს გვთხოვენ.

2 სექტემბერს ზუსტად 13 საათსა და 15 წუთზე გადავლახეთ პირობითი საზღვარი და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავედით.

„ყველა ეს მაღლობი რუსებს აქვთ დაკავებული. იქიდან თბილისი და მცხეთა ხელისგულივით მოჩანს. მთელი დღეების განმავლობაში მიდამოს აკვირდებიან, ფოტოებს იღებენ. ახალგორსა და ახმაჯში კი თანამედროვე სამხედრო ბაზებს აშენებენ. ტყეებშიც ბევრგან არიან გამაგრებული. როცა დაზამთრდება, ტყეში ასვლა გაჭირდება, ამიტომაც იკავებენ ისეთ სოფლებსა და ტერიტორიებს, საიდანაც ტყეში სამანქანო გზა გადის, რომ ჯარისკაცებისთვის სურსათისა და შეიარაღების მიწოდება შეძლონ. დღისით ამ ახალოკუპირებულ სოფელში ნაკლებად ჩნდებიან, უფრო საღამოობით ჩამოდიან, რომ რომელიმე სახლის ეზოში კომფორტულად ივახშმონ და მოისვენონ. ისე, თუ დაგაკავეს, ხომ იცით, ჩვენი სამართალდამცავები პასუხისმგებლობას იხსნიან და ვერაფრით დაგეხმარებიან. აქაურებმა უფრო გამოვნახეთ ოკუპანტებთან საერთო ენა. მაშ, რა ვქნათ, ბაღებში ის მცირე მოსავალი მაინც არ მოვკრიფოთ, რაც მოუვლელობის მიუხედავად, მაინც მოვიდა?!“ - შემთხვევით სადმე ჩასაფრებული რუსი სამხედროების ყურადღება რომ არ მივიქციოთ, უკვე ლამის ჩურჩულით გველაპარაკება გამცილებელი.

მიტოვებულ სახლებსა და ეზოებს მოუვლელობა მალე დასტყობია. იქ, სადაც სულ რაღაც ორი თვის წინ დასახლება იყო, ახლა სიცოცხლის ნიშანწყალიც არ იგრძნობა. ურდულით დაკეტილ ჭიშკრებამდე რომ მივაღწიოთ, თითქმის გაუვალი, სარეველა ბალახით გადაფარული გზის გავლა გვიხდება, სადაც ქვეწარმავლებს დაუდვიათ ბინა.

„ისე, ამ იძულებით მიტოვებულ სახლებში ჯერ ნემსიც არ დაკარგულა. ამბობენ, ახმაჯში რუსები ქართველების სახლებში შედიან, ღვინის ჭურჭელი გამოაქვთ და აქაურებს არაყში უცვლიანო... მე უფრო სხვა რამ მაწუხებს. თუ რუსებმა ყოველ ორ თვეში ერთხელ ორ-ორი კილომეტრით გადმოსწიეს საზღვარი, მალე ჩემი სახლიც ოკუპირებულ ზონაში მოჰყვება. ალბათ, ის ჭორიც გამართლდება: რუსები მალე იგოეთამდე ჩავლენო.

ჯერ ჩვენებმა დაიხიეს უკან და გადმოსწიეს ბლოკპოსტი ლამისყანისკენ, შემდეგ კი რუსებმა დაიკავეს თვაურების დასახლება. ეს მიწაყრილი რომ აღმართეს, მაშინ ერთ რუს სამხედროს შევეკამათე კიდეც. იარაღი გადატენა და გამაფრთხილა: ამიერიდან ეს საზღვარი აღარ გადმოლახოთო და თან ახალი რუკა ამიფრიალა ცხვირწინ, სადაც საზღვარი სწორედ თვაურების დასახლებაზე მოენიშნათ.

იმედიც არავისი გვაქვს. ყოველდღე ცუდის მოლოდინში ვცხოვრობთ, არავინ იცის, როდის მოგვიწევს სახლების მიტოვება და აქედან გაქცევა.

ცოტა ხნის წინ რუსი სამხედროები შევნიშნე სოფლის განაპირას, ნაგავსაყრელზე. სასწრაფოდ პოლიციას შევატყობინე. როდესაც მოვიდნენ, რუსები იქ უკვე აღარ იყვნენ, მაგრამ იცით, რამ გამაოცა, ერთი პოლიციელი ეუბნებოდა მეორეს, ცოტა აქეთ გამოდი, ბიჭო, სადმე არ იყვნენ და არ გესროლონო. ამას წინათ გამოვედი სახლიდან და რას ვხედავ, ჩემი სახლის წინ რუსული დროშა ფრიალებს, ახლომახლო კი უამრავი სამხედრო ირევა. გადავირიე კაცი, ვიფიქრე, ცოლ-შვილის გაყვანა მაინც მომესწრო-მეთქი. შეშინებული ხალხი ტყეში გარბოდა.

თურმე რუსეთ-საქართველოს ომზე ფილმს იღებდნენ. შე დალოცვილო, ხომ იცი, რომ კონფლიქტის ზონაში ვცხოვრობთ და ნებისმიერი ზედმეტი მოძრაობა ჩვენთვის შესაძლოა პანიკის საფუძველი გახდეს, გაგვაფრთხილე მაინც, გული რომ არ გაგვისკდეს. იმ მოდელირებული "ქრონიკისა" არ იყოს, ვითომდა ომის დაწყება რომ „გვახარეს“.

უნდა გენახათ, როგორ გამორბოდნენ ქართული ბლოკსაგუშაგოდან ჩვენი ჯარისკაცები. მანქანას ვერ ქოქავდნენ და ხელით მიაგორებდნენ. მოსახლეობამ ვცადეთ მათი დამშვიდება: რუსები თუ შემოვლენ, ჩვენს სამოსს მოგცემთ და მოსახლეობისგან ვერ გაგარჩევენ-მეთქი...“

უკან მშვიდობით დაბრუნებულები ჯამბაკურ-ორბელიანების სახლ-მუზეუმში შევდივართ. მუზეუმი რამდენჯერმე გაიძარცვა (ოღონდ შინაური მტრებისგან) და ახლა ექსპონატების მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. აქვეა დავით გურამიშვილის ერთადერთი პირადი ნივთი - 26-ლიტრიანი დოქი. ამბობენ, სასახლეში მისულ სტუმრებს პირველად სწორედ ამ გიგანტური დოქით უმასპინძლდებოდნენ, 26 ლიტრი ღვინო ერთ ჩამოტარებაზე იცლებოდაო. ჩვენც იმ იმედით ვტოვებთ ლამისყანას, რომ გურამიშვილის დოქიდან ჩამოსხმული ღვინით ოდესმე საქართველოს გამთლიანების სადღეგრძელოს თუ ვერ შევსვამთ, ვიტყვით მაინც.

წყარო: http://www.kvirispalitra.ge/politic/4832-qsikvdili-rom-davapiroth-sasaflaoze-misasvlelad-rusethis-viza-gvtcirdebaq.html

ახალი ამბები