კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო

8 სექტემბერი, 2010
ინტერპრესნიუსი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება აღიარა . ამის შესახებ გაეროს ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს კონფლიქტების შედეგად დემოგრაფიული სურათის ძალადობრივი შეცვლის გამო.

„გენერალური ასამბლეა მხარს უჭერს დემოგრაფიული ვითარების შეცვლის დაუშვებლობას“, - ნათქვამია გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოულიცაში.

აგრეთვე, აღნიშნულია კონფლიქტის შედეგად ყველა გადაადგილებულ პირთა ქონებრივი უფლების დაცვის აუცილებლობა; გამოთქმულია მოწოდება, კონფლიქტის რეგიონებში ქონების შეძენის მსურველბმა თავი შეიკავონ გადაადგილებულ პირთა ქონებრივი უფლებების დარღვევისგან.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 50 ქვეყანამ, წინაღმდეგი იყო 17, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განიხილეს საკითხი: „გაჭიანურებული კონფლიქტები სუამ-ის სივრცეში და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე“.

საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოულიციის სახელწოდებაა - „აფხაზეთიდან ( საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან,საქართველო - გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობა“.

ფინეთმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შტუბმა განაცხადა.

მან გაიხსენა 2008 წლის მოვლენები, როდესაც გორში საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ გამოყავდა ასაკოვანი ხალხი კონფლიქტის ზონიდან ორ სატვირთო ავტომანქანას.

„ამ სანახაობამ დღემდე დატოვა წარუშლელი და ძალიან მძიმე შტაბეჭდილება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ხალხი დავაბრუნოთ საკუთარ სახლებში. გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაც არის სწორედ ამისკენ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა ალექსანდრ შტუბმა.

მისივე თქმით, კონფლიქტის მოგვარებას აქვს სამი ფაზა: პირველი – დაძაბულობის, მეორე – განმუხტვის, ხოლო მესამე უკვე კონფლიქტის მოგვარებისა. მესამე გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული და გრძელი პროცესია.

„ჩვენი წარმომადგენელი გაეროში ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს დაეხმაროს კონფლიქტის მოგვარებაში. არსებობს, აგრეთვე, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი, რომელიც ძალიან მნიშნველოვანი ფორმატია. საქართველომ უნდა გააგრძელოს ეკონომიკური მოდერნიზაცია, რითაც შეძლებს, უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს, გახდეს ევროკავშირის წევრი და ბოლოს, საქართველო და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან აუცილებლად უნდა დასხდნენ“, - განაცხადა ალექსანდრ შტუბმა.

„საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ქმედებებს ვერდიქტი გამოუტანა“, - ასეთი შეფასება მისცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის მიღებას.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რეზოლუცია მიღებულია 50 ხმით 17-თან შეფარდებით და რუსეთს კიდევ მოაკლდა 2 ხმა.

„საერთაშორისო საზოგადოებამ ამ რეზოლუციის მიღებით ვერდიქტი გამოუტანა რუსეთის ქმედებებს საქართველოში. რეზოლუცია არის იმ ძალისხმევის შემადგენელი ნაწილი, რითაც ვცდილობთ, ჩვენს დევნილებს არ დავუკარგოთ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და როდესაც ეს მოხდება, დაიბრუნონ თავიანთი ქონება“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს რეზოლუცია არის ანარეკლი ზუსტად ისეთი რეზოლუციის, რომელიც შარშან წარადგინა საქართველომ, თუმცა მაშინ ის არ გაიზიარეს.

„დღეისთვის მსოფლიო თანამეგობრობის დამოკიდებულება აშკარად არის მკვეთრი და ხაზგასმული. საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს ცალსახა პოზიცია რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით საქართველოში და ამ პოზიციის დაფიქსირებას დღეს უკვე აღარავინ ერიდება“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ახალი ამბები