კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეუთოს გენერალური მდივანი კონფლიქტის მხარეებს ურთიერთპატივისცემისკენ და თავშეკავებისკენ მოუწოდებს

9 სექტემბერი, 2010
ალექსი ბეჟანიშვილი

8 სექტემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს გენერალური მდივანი, მარკ პერინ დე ბრიშამბო იმყოფებოდა. ვიზიტის დასრულების შემდეგ ეუთო-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

როგორც ეუთო-ს ვებგვერდი იუწყება, საქართველოში ვიზიტისას ბრიშამბომ ჟენევის დისკუსიების მხარეებს ურთიერთპატივისცემისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ბრიშამბოს განცხადებით, თბილისში შეხვედრების დროს ცდილობდა, აეხსნა ეუთო-ს ძალისხმევა ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, რომელიც მიმართულია მხარეებს შორის დიალოგის განვითარებისკენ. გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ დიალოგი ხელს შეუწყობს რეგიონების ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას.

„ეს მოითხოვს ურთიერთპატივისცემას, გაგებასა და თავშეკავებას არა მხოლოდ ოფიციალური პირების, არამედ მედიის მხრიდანაც“, - მიიჩნევს ბრიშამბო.

გენერალური მდივანი, ასევე, აღნიშნავს, რომ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდა და მისიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ევროკავშირთან ერთად, ეუთო მონაწილეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობაში, რომლებიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში დაიწყო. კიდევ ერთხელ დავადასტურე ამ მექანიზმის მუშაობის განახლების აუცილებლობა, რაც ყველა მხარისთვის სასარგებლო იქნება“, - აცხადებს მარკ პერინ დე ბრიშამბო.

მისივე თქმით, თბილისში გამართული შეხვედრები ინფორმატიული და კონსტრუქციული იყო და ამ შეხვედრების ეუთო-ს სამიტზე გაგრძელებას ელოდება, რომელიც ასტანაში დეკემბერში უნდა გაიმართოს.

ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს გენერალური მდივანი „თბილისი მარიოტში“ არასაპარლამენტო ოპოზიციასაც შეხვდა. შეხვედრას ნინო ბურჯანაძე, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, დავით გამყრელიძე, ვიქტორ დოლიძე, ზვიად ძიძიგური და ნესტან კირთაძე ესწრებოდნენ.

„საქართველოს პოლიტიკური პროცესების შესახებ სრულყოფილი სურათის მისაღებად, აუცილებელია, მოუსმინო ყველა ძალის წარმომადგენელს, მათ შორის, ხელისუფლებას. ეს ჩვენი პრაქტიკა და მოვალეობაა; ეუთო დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებით; ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური ძალებისგან“, - განაცხადა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან დეტალურად განიხილეს შიდა პოლიტიკის აქტუალური საკითხები, კერძოდ - ქვეყნის უსაფრთხოება და დეოკუპაცია, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საკონსტიტუციო ცვლილებები. საუბარი შეეხო ასევე მედიის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას.

ეუთოს გენერალური მდივანი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანის ცნობით, ამ შეხვედრაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სცადეს სტუმრისთვის აეხსნათ, თუ რა რეალობა შეიქმნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი ცხინვალის რეგიონში მას შემდეგ, რაც ეუთოს მისიამ კონფლიქტის ზონა დატოვა.

ახვლედიანის თქმით, ეუთოს მისიის მიერ კონფლიქტის ზონის დატოვების შემდეგ, იქ არსებული რეალობა და ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას თითქმის აღარ მიეწოდება. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია მოფიქრებული იყოს მექანიზმები და ბერკეტები, რათა ევროპა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციულ ვაკუუმში არ აღმოჩნდეს.

რაც შეეხება ქვეყნის საშინაო პოლიტიკას, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან ისაუბრეს საკონსტიტუციო რეფორმაზე და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, კერძოდ, დაგეგმილ ცვლილებებზე. გიორგი ახვლედიანის თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია თვლის, რომ ეუთოს ჩართვა აღნიშნულ პროცესში მიზანშეწონილი იქნება, რადგან დემოკრატიის განვითარება საქართველოში ევროპული მონიტორინგის გარეშე წარმოუდგენელია.

„საქართველო აქტიურად არის წარმოდგენილი ეუთო-ს ინტერესებში“, - განაცხადა მარკ პერინ დე ბრიშამბომ სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. მისი თქმით, ეუთო-ს არ მიეცა საქართველოში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. თუმცა ეუთო აქტიურად მონაწილეობს ჟენევის პროცესში.

როგორც ბრიშამბომ განაცხადა, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ეუთო-ს უსაფრთხოების სამიტს, რომელიც გაიმართება დეკემბერში ასტანაში: „ეს იქნება პანევროპული შეხვედრა. განიხილება ყველა პრობლემატიკა, რომელიც თითოეულ ქვეყანას აწუხებს; მათ შორის აქტიურად იქნება წარმოდგენილი საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემები. ჩვენ ვისაუბრეთ ვაშაძესთან სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებზე. დიპლომატიური რესურსები უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული, რათა საქართველომ პრობლემები მოაგვაროს და დაიწყოს შერიგების პროცესი“.

„ინტერპრესნიუსის“ მიხედვით

ახალი ამბები