კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ორმილიონნახევარი ლარის ქონება გააჩუქა

9 სექტემბერი, 2010
შორენა ღლონტი, გურია

ვერა ქობალიას უწყების მითითების საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლების განმავლობაში ნაგროვები ქონება „სოკარ ჯორჯია გაზის“ სასარგებლოდ მიატოვა. როგორც ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია აცხადებს, ამის გამო კონტროლის პალატამ  საკრებულოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დასვას. თვითმმართველობის ექსპერტის, ოთარ კონჯარიას თქმით კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გაზის მილსადენების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ მიტოვება არამიზანშეწონილია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ორმილიონნახევარი ლარის ქონება ჩამოართვა.

ეკონომიკის სამინისტროდან მიღებულ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ მის უწყებაში შესულია შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ 2010 წლის 2 აგვისტოს #08/403-455 წერილი, რითაც დასმულია საკითხი, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 დეკემბრის #888 განკარგულების საფუძველზე.

„გთხოვთ, უზრუნველყოთ წერილის დანართში მითითებული ქონების მიტოვება სახელმწიფოს სასარგებლოდ“, - წერია ვერა ქობალიას უწყებიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის მიწერილ წერილში, რომელსაც ხელს მისი მოადგილე დავით გიორგაძე აწერს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საკუთრებაში არსებული ქონების მილსადენების სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ გადაწყვეტილება 1 სექტემბერს მიიღო: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 184-ე მუხლის შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვაში ჩამოყალიბებული თხოვნა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელებისათვის მიტოვებულ იქნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული ქონება. ბუნებრივი აირის მილსადენები გამოცხადდეს მიტოვებულად სახელმწიფოს სასარგებლოდ.

როგორც ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია აცხადებს, მართალია, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია არ არის გაზიფიცირება, მაგრამ არსად წერია, რომ ის არ შეიძლება ფლობდეს ამ მიმართულებით ქონებას.

„მუნიციპალიტეტს არ უნდა მიეღო ქონების მიტოვების შესახებ გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით მან დაკარგა პოტენციური შემოსავალი ბიუჯეტისა და თავის ამომრჩევლების სასარგებლოდ“, - გვითხრა ნარმანიამ.

მისივე თქმით, მას ასეთი ღირებული ქონება კონპენსაციის გარეშე არც ერთი უწყებისთვის არ უნდა დაეთმო.

„როცა შევა კონტროლის პალატა მუნიციპალიტეტში, დასვამს საკრებულოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი.

ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ოთარ კონჯარია ამბობს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ და საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ თანახმად, თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით.

ის მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გაზის მილსადენების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ მიტოვება არამიზანშეწონილია. აღნიშნული ქონების განკარგვით (გასხვისებით, ან სარგებლობაში გადაცემით) ადგილობრივ ბიუჯეტში შესაძლებელი იყო გარკვეული სახსრების მობილიზება, რაც მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას და მომსახურების გაუმჯობესებას უნდა მოხმარებოდა. საკრებულოს ამ გადაწყვეტილებით ადგილობრივ ბიუჯეტს დააკლდება „არაფინანსური აქტივების“ ცვლილებით მიღებული შემოსულობები.

„ძალიან სუსტია საკრებულოს მხრიდან მოყვანილ არგუმენტი, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით. ჯერ ერთი, მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგება თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებებში არ შედის (ის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა), და მეორეც - შესაძლებელი იყო აღნიშნული ქონება თვითონ გაესხვისებინა თუნდაც შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ სასარგებლოდ და ამით თავისი საბიუჯეტო სახსრები გაეზარდა“, - გვითხრა ოთარ კონჯარიამ.

ანალოგიური შინაარსის წერილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც გაუგზავნა. თუმცა, როგორც აღნიშნული საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე აცხადებს, ისინი არ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას.

„ჩვენ არ გვინდა, ისეთი რამ გავაკეთოთ, რაც კანონის ჩარჩოებში არ ჯდება. ამიტომ გვაქვს კონსულტაციები ექსპერტებთან და იურისტებთან. კონსულტაციების დასრულების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის სასარგებლოდ“, - გვითხრა ხუნდაძემ.

ახალი ამბები