22:48, Thursday, 09.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სკოლებში პოლიციური რეჟიმი მკვიდრდება

10.09.2010

შორენა ღლონტი, ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მანდატურები 2011 წლის იანვრიდან შევლენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ მანდატურების ერთადერთი ფუნქცია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ძალადობის პრევენცია იქნება. თუმცა, ხშირად ამბობენ და გავრცელებული მოსაზრებაა, რომ სახელმწიფო სკოლებში პოლიციურ რეჟიმს ამკვიდრებს და მოსწავლეებს არ მოსწონთ ის, რომ მათ ყოველ ნაბიჯს გააკონტროლებენ.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი და ამბობს, რომ უიარაღო მანდატურებს საერთო არაფერი ექნებათ პოლიციასთან და ისინი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნებიან.

ხშირია შემთხვევები, როცა სწორედ სკოლაში ხდება ბავშვი ძალადობის მსხვერპლი. ხშირად ეს თანატოლის მხრიდან ხდება, ზოგჯერ - მასწავლებლის მხრიდანაც.

როგორც ლელა იმედაშვილი აღნიშნავს, მანდატურები სკოლის შინაგანაწესის შესრულებას, ზოგად პროცესებს გააკონტროლებენ და მოსწავლეების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. სკოლების გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, იქ, სადაც უკვე ფუნქციონირებს ეს ინსტიტუტი, მოსწავლეები ამ ფაქტს დადებითად ხვდებიან. არანაირი გართულება მათ საქმიანობას არსად არ მოჰყოლია.

„გამოკვლეული ფაქტების თანახმად, ყველას კარგად გვახსოვს, რამდენი შემთხვევა იყო სკოლებში მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევისა თუ დაჭრისა. მანდატურის ინსტიტუტი უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი კომპონენტია.

მანდატურის მოვალეობაა, სკოლაში კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენცია, ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა. მის ფუნქციაში შედის სკოლის შინაგანაწესის დაცვა. მანდატურს არ ევალება ბავშვის დასჯა, პირიქით, მისი ფუნქციაა, მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. თითოეულ სკოლაში 3 მანდატური იმუშავებს – ერთი ქალბატონი და ორი მამაკაცი.

მანდატური შესაძლებელია, იყოს 20-დან 45 წლამდე ასაკის ნებისმიერი პროფესიის ადამიანი. შერჩეული პირები, შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ, ტრენინგებს გადიან ფსიქოლოგიასა და კანონმდებლობაში. მანდატურები საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში განთავსდებიან. მათ აქვთ სპეციალური ფორმები და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები. ვიდეოკამერებით უნდა გააკონტროლონ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრი. მანდატური ვალდებულია, კონფლიქტური სიტუაცია შეაფასოს და ცალკეულ შემთხვევაში, დირექტორს ფაქტზე რეაგირება მოთხოვოს. სიტუაციის გართულების შემთხვევაში, შეუძლია, საქმის კურსში ჩააყენოს მშობელი და მომხდარის შესახებ განათლების სამინისტროსაც აცნობოს. მანდატურები სკოლაში მუშაობას გაკვეთილების დამთავრების შემდეგ დაასრულებენ. მაგრამ არც ერთი მანდატური სკოლას მანამდე არ დატოვებს, სანამ იქ ერთი ბავშვი მაინც იმყოფება“, - გვითხრა იმედაშვილმა.

ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი აცხადებს, რომ სანამ სკოლებში მანდატურის ინსტიტუტს შემოიღებდნენ, სოციალური განხილვები უნდა მოწყობილიყო, პროფესიონალების აზრი უნდა გაეთვალისწინებინათ. შეიძლება, მანდატურის ინსტიტუტმა გაამართლოს ან არ გაამართლოს, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ საზოგადოების, პროფესიონალების აზრი არ გაითვალისწინეს. ამ ინსტიტუტის შემოღებამ შესაძლოა, მოზარდების ფსიქიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

მისივე განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტები და ნებისმიერი უფროსი ასაკის ადამიანები მოზარდის ფსიქიკურ თავისებურებებში ერკვეოდნენ - პიროვნების განვითარების როგორ ასაკში არიან ისინი, რა სტადიაზე, რა თავისებურებები ახასიათებთ, რა ემოციებით არიან დატვირთული ამა თუ იმ მომენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რა სპეციფიკის არის ესა თუ ის ასაკი. ყოველივე ამის ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ჟურნალისტმა გაითვალისწინოს ის ნიუანსები, რაც საბოლოო ჯამში მას „არ ავნებს“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ასეთ შემთხვევაში ანონიმურობისა და კონფიდენციალურობის საკითხი, რადგანაც ესა თუ ის თემა უხერხულობასთან არის დაკავშირებული. ძალიან ბევრ შემთხვევაში, ადამიანს (მითუმეტეს - მოზარდს, ვისაც მთელი ცხოვრება წინ აქვს), შესაძლოა, გარკვეულწილად ჩრდილს აყენებდეს მისი ბიოგრაფიული ფაქტების საჯაროდ გამოტანა. ეს ბიოგრაფიული ფაქტები, სამწუხაროდ, სწორედ სკანდალურ, უარყოფით მოვლენებთან არის ხოლმე დაკავშირებული“, - გვითხრა თეა გოგოტიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ სკოლების დემოკრატიზაციის კომპონენტის მენეჯერის, ლევან მჟავანაძის თქმით, ცალსახად იმის თქმა რომ, ამ ინსტიტუტის შემოღება ცუდია, არ შეიძლება. ამ ინსტიტუტის შექმნა განათლების და მეცნიერების სამინისტროს მოზარდთა ძალადობის შემთხვევების გახშირებამ აიძულა და მისი შემოღებით ცდილობენ მდგომარეობის გამოსწორებას. მით უმეტეს როცა ანალოგიები არსებობს ევროპის და ამერიკის სკოლებში. მაგრამ მაინც უფრო მეტი გათვლა და სისტემური ცვლილება იყო საჭირო მანდატურების ინსტიტუტის შემოღების პარალელურად.

მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ზუსტად უნდა იდენტიფიცირდეს მოზარდთა ძალადობის გამოწვევი მიზეზები (ტელევიზია, კომპიუტერული თამაშები, ინტერნეტი და ა.შ.), მომზადდეს სკოლის ფსიქოლოგთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, გაძლიერდეს ფსიქოლოგის ინსტიტუტი სკოლაში, საჭიროა ფსიქოლოგთა სპეციალური გადამზადება და დასაშვებია რამდენიმე სკოლას ერთი ფსიქოლოგი ჰყავდეს.

როგორც ლევან მჟავანაძე ამბობს, გადასახედია სატელევიზიო ბადე. ძალადობის ამსახველი ფილმები, სერიალები და მულტფილმები არ უნდა გადიოდეს დღის განმავლობაში. სკოლაში უნდა გაძლიერდეს დისციპლინური კომიტეტის ინსტიტუტი. თუ ზემოთ ჩამოთვლილი ცვილებები არ განხორციელდება, ამ შემთხვევაში, ისევ ადამიანურ ფაქტორამდე დავალთ, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორ გადამზადებას გაივლიან მანდატურები და რა პიროვნული თვისებები ექნებათ მათ. გამომდინარე აქედან ზოგიერთ სკოლაში მანდატურების ინსტიტუტი გაამართლებს, იქნებიან სკოლები სადაც ისინი ზედმეტი რგოლი გახდებიან.

როგორც ოზურგეთის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი ამბობს, იგი მიესალმება მანდატურების ინსტიტუტის შემოღებას, განსაკუთრებით - ქალაქის მაღალკონტიგენტიან სკოლებში, სადაც ძალიან დიდია დანაშაულის ჩადენის ალბათობა.

ერთ-ერთი მასწავლებლი, ვინც ანონიმურად დარჩენას ითხოვს, ამბობს, რომ მანდატურების სკოლებში შემოსვლა ვერაფერს შეცვლის და საქართველოში ზოგადად პოლიციური რეჟიმი მკვიდრდება.

მეცხრე კლასის მოსწავლე მიიჩნევს, რომ მანდატური სკოლაში მათ თავისუფლებას შეზღუდავს და მოსწავლეები ყოველთვის დაძაბული, შემოჭილი იქნებიან.

საპირისპიროს ამტკიცებს ასევე მე-9 კლასის მოსწავლე, რომელიც ამბობს, რომ თანატოლებთან ხშირად ჰქონია პრობლემები და მანდატურები მოსწავლეებს ყოველთვის დაიცავენ, ერთგვარ შუამავლის როლს შეასრულებენ მათსა და მასწავლებელს შორის.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ზურა
2012-06-01 14:00
მანდატურის ინსტიტუტი იდეაში მისასალმებელია, მაგრამ კადრები ყავთ სამარცხვინო.მაგალითად მიშა მაზმიშვილი
სახელი: ტატო
2012-01-09 20:51
სწორედ რომ აუცილებელი იყო მანდატური სკოლაში,ვფიქრობ ყველა მშობელი მშვიდადაა,როცა ბავშვი სკოლაშია
სახელი: მაყვალა
2011-09-28 07:48
მივესალმები მანდატურებს ოზურგეთის სკოლებში
სახელი: მარი
2011-09-25 11:38
უკომენტაროდ
სახელი: სოფიკო გიორგაძე
2011-03-23 21:01
მივესალმები სკოლაში მანდატურების მუშაობას და დიდი სურვილი მაქვს აღნიშნულ თანამდებობაზე რომ ვიმუშაო (ვანის რაიონი)
სახელი: სოფიკო
2011-03-23 21:00
მივესალმები სკოლაში მანდატურების მუშაობას და დიდი სურვილი მაქვს აღნიშნულ თანამდებობაზე რომ ვიმუშაო (ვანის რაიონი)
სახელი: კატო
2010-10-30 00:22
შევეშვათ პრობლემების ყურით მოთრევას,მანდატურები ჯერ არ შემოსულან და უკვე ზღუდავენ მოსწავლეებს?
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC