კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უპრეცედენტო უკანონობა - დაზარალებული თან ბრალდებულები არიან

15 სექტემბერი, 2010
სალომე აჩბა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 5 სტუდენტი უკვე რვა თვეა, გლდანის საპყრობილეში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ზაზა შავლიაშვილი, ვასილ გიგუაშვილი, ნიკა ბერუაშვილი, როლანდ ნიკოლოზაშვილი  და საბა მღვდელაძე ერთსა და იმავე დანაშაულზე აღძრულ საქმეებში დაზარალებულებიც არიან და ბრალდებულებიც. პატიმრებს შემთხვევის დღეს მიყენებული ჭრილობები გაურთულდათ და ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამის მიუხედავად, პროკურატურა ახალგაზრდებთან საპროცესო გარიგების გაფორმებასაც კი არ თანხმდება და „დაზარალებული ბრალდებულების“ მკაცრად დასჯას ცდილობს.

გასული წლის 13 ოქტომბერს, კოსტავას ქუჩაზე,  ახლაგაზრდების ორ ჯგუფს შორის მომხდარ ჩხუბში ექვსი ახალგაზრდა დაიჭრა: ზაზა შავლიაშვილი, ვასილ გიგუაშვილი, ბადრი მიქატაძე, ნიკა ბერუაშვილი,  როლანდ ნიკოლოზაშვილი  და საბა მღვდელაძე.  ამ ფაქტის გამო, მალევე დააკავეს ლევან აბაშიძე, რომელიც  ახალგაზრდების დაჭრის ბრალდებით გაასამართლეს და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაჭრილი ახალგაზრდები ამ საქმეში დაზარალებულად სცნეს.

კოსტავას ქუჩის ინცინდენტიდან 3 თვის შემდეგ მოულოდნელად დაზარალებულებად ცნობილი  ახალგაზრდები დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამგვარად, ისინი ერთსა და იმავე შემთხვევასთან დაკავშირებით დაზარალებულებიც აღმოჩნდენ და ეჭვმიტანილებიც. 

„დაზარალებულ ბრალდებულებს“ ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის 239-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნკტით, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ  ჩადენილ წინასწარ შეთანხმებულ ქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. როგორც დაცვის მხარის ერთ-ერთი ადვოკატი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ეკა ქობესაშვილი აცხადებს, არც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში  და არც მოწმეთა დაკითხვის შედეგად, არსად დასტურდება, რომ  კოსტავას ქუჩაზე ინციდენტი წინასწარ იყო შეთანხმებული და დაგეგმილი. ჩხუბი სპონტანურად, დაუგეგმავად დაიწყო. საინტერესო დეტალია ისიც, რომ სტუდენტების  წინააღმდეგ ხულიგნობის ბრალდებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში კონკრეტული დაზარალებულები არ ფიგურირებენ.

პატიმრების ოჯახის წევრებს ყველაზე მეტად დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება აწუხებს. დანაშაულის დროს მიყენებული ჭრილობის შემდეგ საბა მღვდელაძეს ნაწლავების ტუბერკულოზი განუვითარდა. ზაზა შავლიაშვილი კი, რომელიც ღვიძლში დაიჭრა, ციხეში ცე-ჰეპატიტით დაავადდა. მიყენებული ჭრილებები დროდადრო თავს სხვებსაც ახსენებს. ბედის ირონიაა, რომ ახალგაზრდებმა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სწორედ იმ წელს ჩააბარეს, მაგრამ სტუდენტობა არ დასცალდათ - ჯერ დანით ვერაგულად დაჭრეს, შემდეგ კი სახელმწიფომ ციხეში უკრა თავი. 

„ზაზა შავლიაშვილი ძალიან ცუდადაა და მისთვის მეტად რთულია სასამართლო პროცესზე ყოველი ბადრაგირება. დაპატიმრების შემდეგ შესაბამისი მკურნალობის კურსი არ ჩატარებია. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში აწვდიდნენ მხოლოდ ვიტამინს, რაც რასაკვირველია, არ კმარა მკურნალობისთვის. ზაზას აღენიშნება თავბრუსხვევა, პერიოდულად გონებას კარგავს, აქვს ცე-ჰეპატიტი და სჭირდება სპეციფიკური მკურნალობა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში კი, ის პრეპარატებიც არა აქვთ, რაც მისი მკურნალობისთვისაა აუცილებელი. დღეისთვის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის საპყრობილეში დარჩენა  მისი სიცოცხლისთვის სახიფათოა“, - ამბობს ეკა ქობესაშვილი.

„საბა მღვდელაძეს დაჭრის შემდეგ ნაწლავების ტუბერკულოზი განუვითარდა. ამგვარი რთული დაავადების სამკურნალოდ, საპყრობილის სამკურნალო დაწესებულებაში არანაირი პირობა არ არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეისთვის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დარჩენა მისი სიცოცხლისთვის სახიფათოა“, – ამბობს საბა მღვდელაძის ადვოკატი, დავით დეკანოიძე.

ალტერნატიული ექსპერტიზის არაერთი დასკვნაც ადასტურებს, რომ თავისუფლებააღკვეთილი ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სასწრაფო მკურნალობა სჭირდებათ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში კი მათი სათანადო მკურნალობა ვერ ხერხდება. ამიტომ პატიმართა სიცოცხლის გადასარჩენად, მათი ოჯახები საპროცესო გარიგების გაფორმებაზე თანახმა არიან. ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, წინასწარი პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძიებით – გირაოთი შეცვლის თაობაზე. სასამართლომ  შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. „დაზარალებული ბრალდებულები“ კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

ოჯახის წევრებსა და დაცვის მხარის ადვოკატებს ვერ გაუგიათ, ინცინდენტიდან 3 თვის შემდეგ რატომ დააკავეს დაზარალებულები, რომელთა დაჭრის ბრალდებით ლევან აბაშიძე გაასამართლეს.

„თუკი ამ ბავშვებს ეჭვმიტანილებად თვლიდნენ, რატომ დააკავეს 3 თვის შემდეგ?! სად იყვნენ მანამდე?! ვერ გავიგეთ, რატომ შეიცვალა ყველაფერი და დაზარალებულები ბრალდებულებად რატომ სცნეს. პროკურორის თქმით, მათ „არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან“ და ამიტომ შემოუტრიალეს საქმე. თუმცა მე პირადად ეს არგუმენტი არასერიოზულად მიმაჩნია“, -  აცხადებს ნიკა ბერუაშვილის და, მარიკა ბერუაშვილი.

„დაზარალებული ბრალდებულების“ სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ჯერ არ დასრულებულა.  ახალგაზრდები წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ და მიიჩნევენ, რომ მათი პატიმრობა უკანონოა. საქმის მასალებითაც და სასამართლო პროცესზე მოწმეთა დაკითხვებითაც დადასტურებულია, რომ ინციდენტისას განსასჯელები არ იყვნენ ჩხუბის ინიციატორები და მხოლოდ თავს იცავდნენ. მათ არ ჰქონიათ ცივი იარაღი და თავდაცვის დროს არ გამოუყენებიათ არანაირი სხვა საგანი, რითაც შეიძლებოდა სხვისთვის მიეყენებინათ სხეულის დაზიანება. მეორე ჯგუფის მხრიდან კი მათ მიმართ განხორციელდა ძალადობა, რის გამოც იძულებულნი იყვნენ, მოეგერიებინათ თავდამსხმელები. აღნიშნული ძალადობის შედეგად ისინი თავად დაზარალდნენ.

„ჩვენი შვილების დაპატიმრება ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს იმ დროს, როცა მეორე მხრიდან დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი, დანარჩენი დამნაშავეები კი გარეთ დადიან. საკითხავია, ხომ არ არის ამ საქმეში ვინმე მაღალჩინოსნის ინტერესი, ვინც მფარველობს რეალურ დამნაშავეებს? ან ხომ არ არის ეს პირადი ანგარიშსწორება ჩვენი შვილების მიმართ?“ - აცხადებენ „დაზარალებული ბრალდებულების“ მშობლები და დასძენენ, რომ მიუხედავად პროკურატურის მიერ წარდგენილი არარეალური ბრალდებისა და შეუვალი პოზიციისა, მათ კიდევ რჩებათ იმედი, რომ მოსამართლე მაინც იქნება ობიექტური და არ გამოიტანს ისეთ განაჩენს, რასაც პროკურატურა „შეუკვეთავს“.

ახალი ამბები