კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელიტური კორუფცია გურიაში - როგორ გაჩნდა ბახმაროში პოლიციის მაღალჩინოსანთა დასახლება

21 სექტემბერი, 2010
შორენა ღლონტი, გურია

გურიაში მაღალჩინოსნებს თანამდებობებს ატოვებინებენ, საჯარო მოხელეებსა და სამართალდამცავებს დაკითხვებზე იბარებენ. ვისზე გასვლას ცდილობს გამოძიება?

გასული წლის სექტემბერში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში გარემოს დაცვის ინსპექციამ უკანონოდ მოჭრილი დიდი რაოდენობის ხე-ტყე ამოიღო. შედეგ კი აკრძალულ ზოლში რამდენიმე კოტეჯი ნახა ჩადგმული. უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის  გამო გურიის სატყეო სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც დღესაც გისოსებს მიღმა არიან, თავად სატყეო სამმართველოს უფროსი გია მგალობლიშვილი კი საქართველოდან გაიქცა და დღემდე გრძელდება მისი ძებნა.

საქმეში პროკურატურა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ჩაერთო, აღმოჩნდა, რომ აკრძალულ ზოლში აშენებული კოტეჯები საჯარო რეესტრში იყო დარეგისტრირებული.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა საჯარო რეესტრის ჩოხატაურის თანამშრომელი გელა დოლიძე 7 სექტემბერს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა, თუმცა პროკურატურამ საჯარო რეესტრიდან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ყველა საჭირო დოკუმენტაცია ამოიღო.

ამის შემდეგ დაკითხვაზე  ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატი და წინა მოწვევის საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე შოთა სირაძე დაიბარეს. სირაძე დაკითხვაზე არ მივიდა. მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია, არაოფიციალური ინფორმაციით, მასზე ძებნა გამოცხადდა.

რაც შეეხება დაკავებულ გელა დოლიძეს, ის საკადასტრო ნახაზებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ადგენდა.

როგორც წყარო ამბობს, დაკავებულმა გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა. დოლიძემ უკვე აღიარა დანაშაული და საქმიანობაში მონაწილე რამდენიმე მაღალჩინოსნის გვარიც დაასახელა.

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაკითხა როგორც ბახმაროს პოლიციის ყოფილი უფროსი შოთა მჟავანაძე და მისი მეუღლე, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ლავრენტი ქვილორიას მამა და ორი ბიზნესმენი, რომლებმაც აკრძალულ ზოლში მიწების დარეგისტრირება მოახერხეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ იმ აკრძალულ ზოლში ფლობენ მიწებს, როგორც 15-მდე სამართალდამცავი, ასევე გურიის რეგიონის ადმინისტრაციული ორგანოს მაღალჩინოსნები, 100-მდე საჯარო მოხელე და მათი ოჯახის წევრები.

თანამდებობა დატოვა უკვე შსს სამინისტროს გურიის სამმართველოს უფროსმა შოთა ჭანუყვაძემ, მისმა მოადგილეებმა - ეროდი გორდელაძემ და გია მამაკაიშვილმა. ამ საკითხზე კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსთან, ზურაბ გვენეტაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან ის არ პასუხობს სატელეფონო ზარებს.

დასავლეთ საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შალვა ბოლქვაძე კი არჩევნების დამთავრებისთანავე გაათავისუფლეს. დადასტურებით იმის თქმა, რომ მას ამ უკანონობასთან აქვს შეხება, ჯერჯერობით ნაადრევია. თუმცა, საინტერესოა, სად იყო კუდის მაღალჩინოსანი მაშინ, როცა გურული მაღალჩინოსნები ბახმაროში უკანონოდ არეგისტირებდნენ მიწებს და ასევე უკანონოდ იჩეხებოდა ჰექტრობით ტყე.

არსებული ინფორმაციით, გენერალურ ინპექციას გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს მოქმედი პოლიციელებიც დაუკითხავთ.

გამოძიება  თითოეულთან იმ მიწის ნაკვეთების კანონიერების საკითხს არკვევდა და არკვევს, რომლებიც მათ ბახმაროში აქვთ რეგისტრირებული.

2008 წელს გამოიცა პრეზიდენტის ბრძანებულება, რითაც მოქალაქეებს შეეძლოთ, დაეკანონებინათ ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მათ ფაქტობრივ სარგებლობაში თუ მფლობელობაში ჰქონდათ 2007 წლამდე. ამ ნაკვეთების დაკანონება, შესაბამისი საბუთების,  საჭიროების შემთხვევაში კი მოწმეების გამოყენებით, სპეციალისტების და ექსპერტების დასკვნების საფუძველზე დაევალათ საკრებულოებში შექმნილ ლეგალიზაციის კომისიებს.

ბახმაროში ჯერ ნაძვები მოჭრეს და ტექნიკით გამოზიდეს, შემდეგ კი გაჩეხილი ტერიტორია ტრაქტორებით მოასწორეს, გზები შეიყვანეს და დაახლოებით 150 კოტეჯის ასაშენებლად საკმარისი ფართობი გაამზადეს „ლეგალიზაციისთვის“. ამ დროს  ჩოხატაურის პოლიციის ბახმაროს ქვეგანყოფილების უფროსი შოთა მჟავანაძე იყო. ეს ის დროა, როცა ქვეყანა აგვისტოს ომის შოკიდან ჯერ კიდევ არ იყო გამოსული. საქართველოს კურორტებიდან დამსვენებლები სახლებში ნაადრევად გაიქცნენ, მათ შორის - ბახმაროდანაც. შსს კი დევნილთა საკითხების მოგვარებასა და მათთვის სახლების აშენებაზე იყო გადართული. ამ დროს სრული დატვირთვით ამუშავდა ჩოხატაურის საკადასტრო სამსახური და საკრებულოს ლეგალიზაციის კომისია. კადასტრში მიწის ლეგალიზაციის მსურველის მიერ მიტანილ და მომზადებულ საბუთ-ნახაზებს ლეგალიზაციის კომისია უპრობლემოდ აკანონებდა.

გაყალბების  სქემა, სავარაუდოდ, ასე მუშაობდა: ის პერსონები, ანუ ვისაც ამ ნაკვეთების გაფორმება სურდათ, წერდნენ, რომ ამ ნაკვეთებზე გასული საუკუნის 80-90-იან წლებში და ამ საუკუნეშიც (ოღონდ არაუგვიანეს 2007 წლისა) საჭირო ნებართვის გარეშე ან თავად, ან მათმა მშობლებმა ააშენეს სააგარაკე სახლი, რომელიც თოვლმა დაუნგრიათ. ეს ნაკვეთები მათ სარგებლობაშია და თანახმად ლეგალიზაციის კანონისა, მოითხოვეს ამ ნაკვეთების სახელმწიფოსგან გამოსყიდვა და დაკანონება. „თოვლისგან დანგრეული სახლები“ ლეგალიზაციის კომისიამ 2007 წლამდე აშენებულად „გაასაღა“.

კომისიამ ასევე უტყუარ სინამდვილედ მიიღო ამ ნაკვეთების დაკანონების მსურველთა სანოტარო წესით დამოწმებული საბუთები, რომელშიც  ისინი ერთმანეთს უდასტურებენ, რომ ათეული წლებია, მეზობლები არიან ბახმაროში. ანუ მოქმდებდა პრინციპი: „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“.  ასე შეიქმნა ახალი, დიდი, ელიტარული დასახლება ბახმაროში. 

ერთ-ერთი ვერსიით, ნაკვეთები და სახლები ბახმაროში ლეგალიზაციით დაიკანონეს შსს სამმართველოს უფროსმა შოთა ჭანუყვაძემ, მისმა მოადგილეებმა ეროდი გორდელაძემ, გია მამაკაიშვილმა და ელგუჯა ჩავლეიშვილმა, რომლებიც უკვე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. თანამდებობა დატოვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და რამდენიმე თანამშრომელმა, ასევე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსებმა.

როგორც ამბობენ, ეს მხოლოდ დასაწყისია, პროკურატურა უკვე დაინტერესდა გურიის ზღვისპირეთში გაყიდული მიწების კანონიერებით და შესაძლოა მალე გურიის რეგიონი პასუხისმგებელი საჯარო მოხელეს გარეშე დარჩეს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ გამოძიება გურიის საზღვრებს გასცდება და უფრო მაღალი დონის ჩინოვნიკებზე გავა.

ახალი ამბები