კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვის უახლოვდება კუდი გორის გამგეობაში?

23 სექტემბერი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, თემურ ნატრიაშვილის მოულოდნელ გარდაცვალებას მოულოდნელი ინფორმაცია მოჰყვა. გარდაცვალებამდე მასთან სამართალდამცვები იმყოფებოდნენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისმა როგორც კი ამ მასალაზე მუშაობა დაიწყო, გავრცელდა ახალი ინფორმაცია სოფელ კარალეთის გამგებლის, ზვიად ბერიანიძის და ასევე გორის მუნიციპალიტეტის მიწის მართვის განყოფილების უფროსის, მარიამ ორჯონიკიძის დაკავების შესახებ. ორივეს ქრთამის აღება დასდეს ბრალად. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა სოსო თოფურიძემ განაცხადა.

რა კავშირშია ეს ფაქტები ერთმანეთთან? დაიწყო თუ არა აქტიურად დაკავებების სერიები, რომლის მოლოდინი არსოშვილის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ რეგიონში გაჩნდა? დაუკავშირდება თუ არა ეს ფაქტები რაიონის გამგებელს დავით ხმიადაშვილს ან კიდევ მის მფარველ ლადო ვარძელაშვილს? ფაქტია, პირველივე მცდელობა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოქმედებით ნავსიანად დაიწყო, რადგან მათ სტუმრობას თემურ ნატრიაშვილთან ამ ადამიანის უეცარი გარდაცვალება მოჰყვა. ჯერ-ჯერობით ოფიციალური ექსპერტიზის დასკვნა ჩვენ არ გვაქვს, თუმცა შევეცდებით გავარკვიოთ მისი გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი. გამოძიება დაკავებულ მარიამ ორჯონიკიძის მიმართ ბრალდებას სწორედ თემურ ნატრიაშვილის მასალებით ამყარებს. ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით ასეა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისის მიერ მოძიებული ინფორმაციით, ზვიად ბერიანიძისა და მარიამ ორჯონიკიძის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 338-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღებასთან ან მოთხოვნასთან, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღება თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლებამოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ასევე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა“.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.

კარალეთის გამგებლის, ზვიად ბერიანიძის მიერ ქრთამის აღების ფაქტი შსს მიერ გავრცელებული ვიდეო-მასალით იხილა მაყურებელმა. კარალეთის გამგებელი არც კი ელოდება თანხის დათვლას, ისე უთითებს თანხის მიმცემს ჯიბის მიმართულებას, სადაც დანომრილ თანხას დებენ.

გამოძიების მასალებით, ცნობილია, რომ გორის რაიონის სოფელ შავშვებში მცხოვრებმა იორამ წკრიალაშვილმა კალმახის მოსაშენებელი საჭირო აუზის მოწყობა სოფელ კარალეთის ტერიტორიაზე გადაწყვიტა. ამისათვის მას კარალეთის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (საძოვარი) იჯარით უნდა აეღო. 2 მარტს იგი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეხვდა მარინე ორჯონიკიძეს, რომელმაც აუხსნა, რომ აღნიშნული მიწის იჯარით მიღებისთვის აუცილებელი საბუთების მომზადების სანაცვლოდ ქრთამი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომლის (აწ გარდაცვლილი) თემურ ნატრიაშვილის მეშვეობით უნდა მიეცა მისთვის. გამოძიების ვერსიით, ეს ფაქტი იორამ წკრიალაშვილის ჩვენებით მყარდება.

სამი დღის შემდეგ, იორამ წკრიალაშვილისვე ჩვენებით, გამგეობის შენობის მახლობლად  თემურ ნატრიაშვილი ესაუბრა მას და მარიამ ორჯონიკიძისთვის გადასაცემად 500 აშშ დოლარი მოსთხოვა.

შსს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ირწმუნება, რომ 2010 წლის 9 მარტს დაახლოებით 11 საათზე თემურ ნატრიაშვილმა  თავის სამუშაო ოთახში იორამ წკრიალაშვილს გამოართვა შინაგან საქმეთა სამინისტროში წინასწარ სერიებისა და ნომრების მიხედვით იდენტიფიცირებული თანხა 500 აშშ დოლარი.

გამოძიების ვერსიით, ეს თანხა თემურ ნატრიაშვილმა მარიამ ორჯონიკიძეს გაუნაწილა. ამის მტკიცებულებად გამოძიებას მოწმის სახით დაკითხული იორამ წკრიალაშვილის ჩვენება, ეჭვმიტანილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, ფულადი ნიშნების დათვალიერებისა და გადაცემის ოქმები, თბილისის საქალაქო სასამართლოს გაცემული ბრძანებების საფუძველზე ჩატარებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ასევე სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისას ჩაწერილი ამსახველი ვიდეოგრამები და აუდიოგრამები მოჰყავს.

თუმცა ჟურნალისტებისთვის ჯერ-ჯერობით ეს მასალები უცნობია, რადგან თვით მხარები, ადვოკატები თავს იკავებენ ყოველგვარი კომენტარის და  შეფასების გაკეთებისგან. ჩვენთვის ჯერ არ არის ცნობილი საქმის მთელი მოცულობა და სხვათა შორის, არც აპირებენ რომ გაგვაცნონ.

ფოტო: www.trialeti.ge

ახალი ამბები