23:43, Monday, 21.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„დაზარალებული ბრალდებულები“ სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში

28.09.2010

სალომე აჩბა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასასრულს უახლოვდება ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დაჭრილი სტუდენტების: ზაზა შავლიაშვილის, ვასილ გიგუაშვილის, ნიკა ბერუაშვილის, როლანდ ნიკოლოზაშვილის და საბა მღვდელაძის სასამართლო პროცესი. 27 სექტემბერს სასამართლომ ადვოკატების სიტყვა მოისმინა. მოსამართლე კი განაჩენს დღეს, 28 სექტემბერს გამოიტანს. დაცვით სიტყვაში, ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს საქმეში არსებულ შეუსაბამობებზე, ქმედების არასწორ სამართლებრივ კვალიფიკაციასა და  ბრალმდებლის მიერ მოთხოვნილი სასჯელის უსაფუძვლობაზე.

პროკურორის მოთხოვნის მიხედვით, ოთხ განსასჯელს – ზაზა შავლიაშვილს, ნიკა ბერუაშვილს, ვასილ გიგუაშვილსა და საბა მღვდელაძეს 3500 ლარიანი ჯარიმა და ოთხი წლით თავისუფლბის აღკვეთა ემუქრება. ხოლო მეხუთე განსასჯელის, როლანდ ნიკოლოზაშვილის მიმართ პროკურატურამ  სასჯელის შემსუბუქება იშუამდგომლა და მისთვის სამწლიანი პირობითი პატიმრობა და 2000-ლარიანი ჯარიმა მოითხოვა. პროკურატურისა და ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატის გარიგებით, ნიკოლოზაშვილმა ბოლო მომენტში წაყენებულ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სცნო და სხვა განსასჯელების მდგომარეობაც დაამძიმა. თვითონ კი თავისუფლების გარანტია მიიღო.

„დაზარალებული ბრალდებულების“ საქმეს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან წინასწარ პატიმრობაში მყოფი განსასჯელები ერთსა და იმავე დანაშაულზე აღძრულ საქმეებში ჯერ დაზრალებულებად, მოგვიანებით კი ბრალდებულებად სცნეს. საქმის დეტალებზე და სასამართლო პროცესის წინა სხდომებზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა (იხ. ლინკზე:  http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=12299&lang=geo ).

დაცვით სიტყვაში ადვოკატებმა იმ შეუსაბამობებზე გაამახვილეს ყურადღება,  რაც ერთსა და იმავე დანაშაულზე აღძრულ ორ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს. წინა საქმეში დაჭრილი ახალგაზრდები დაზარალებულად არიან ცნობილნი, დადგენილია ჩხუბის წამომწყები მხარე და დანაშაულისთვის 13-წლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ვინმე ლევან აბაშიძეს. მოგვიანებით აღძრულ საქმეში კი იგივე ახალგაზრდები უკვე ბრალდებულებად არიან შერაცხულნი და ხულიგნობის ბრალდებაში პროკურატურა მათაც ჩხუბის წამომწყებ მხარედ მიიჩნევს.

ადვოკატებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს ამ შეუსაბამობებზე ყურადღების გამახვილება სთხოვეს და სასამართლოსთან იშუამდგომლეს, რათა მიმდინარე საქმეს თან დაერთოს პირველი საქმის განაჩენი. მიუხედავად იმისა, რომ პროკურორი ქეთი ჩაჩავა არ დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას, მოსამართლემ ადვოკატებს უფლება მისცა, ლევან აბაშიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი თავიანთი დაცვითი სიტყვისთვის დაერთოთ.
 
როგორც უკვე ვთქვით, ლევან აბაშიძის საბრალდებო დასკვნისა და განაჩენის მიხედვით, ტექნიკური უნივერსიტეტის წინ მომხდარი ჩხუბის წამომწყებად ლევან აბაშიძე და მისი თანმხლები პირები ითვლებიან. ამ საქმეში კი პროკურატურა იგივე ბრალდებას უყენებს: ზაზა შავლიაშვილს, ვასილ გიგუაშვილს, ბადრი მიქატაძეს, ნიკა ბერუაშვილს, როლანდ ნიკოლოზაშვილსა და საბა მღვდელაძეს. ადვოკატების თქმით, აბაშიძის მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს, ფაქტობრივად, კანონის ძალა აქვს, რადგან პროკურატურას ეს განაჩენი არ გაუსაჩივრებია. გამოდის, რომ პროკურატურა ერთსა და იგივე შემთხვევაზე მომზადებულ ორ საბრალდებო დასკვნასა და მოთხოვნაში საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. 

ორივე საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებიც ადასტურებს, რომ ჩხუბი დაჭრილი სტუდენტების მხრიდან არ ყოფილა პროვოცირებული.ბრალდების მხარის ერთადერთი მტკიცებულება, ფაქტობრივად, განსასჯელ როლანდ ნიკოლოზაშვილის მიერ წაყენებული ბრალის აღიარებაა. თუმცა, დაცვის მხარის ადვოკატების თქმით, ნიკოლოზაშვილის ჩვენებაშიც კი არ იკვეთება, რომ ხულიგნობა „ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებულია“, როგორც ამას განსასჯელების მიმართ წაყენებული ბრალდება ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის (ხულიგნობა) II ნაწილის “ა” პუნკტი (ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებული ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ასოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან  5 წლამდე ან ჯარიმას).

„სასამართლო პროცესზე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ თავად  ნიკოლოზაშვილსაც არ ესმოდა და არ ჰქონდა გააზრებული, რაში ცნობდა თავს დამნაშავედ. არც მოსამართლის მხრიდან და არც ბრალდების მხრიდან მისთვის არ დაუსვამთ დამატებითი კითხვები, კონკრეტულად რა დანაშაულს აღიარებდა იგი. ნათელია, რომ ნიკოლოზაშვილის აღიარებითი ჩვენება ემსახურებოდა  სიტუაციიდან თავის დაძვრენას და არა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას“, - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა, რომელიც პროცესზე ზაზა შავლიაშვილს იცავს.
 
პროკურორმა ქეთი ჩაჩავამ სასჯელის ზომად - ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა და 3500-ლარიანი ჯარიმა მოითხოვა. მანვე ზაზა შავლიაშვილის, ნიკა ბერუაშვილის, ვასილ გიგუაშვილის, საბა მღვდელაძის შემამსუბუქებელ გარემოებად ნასამართლეობის არქონა მიიჩნია. პროკურორს არ გახსენებია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები დაკავების მომენტში დაჭრილები იყვნენ. ორ მათგანს - საბა მღვდელაძეს და ზაზა შავლიაშვილს ჯანმრთლობის მდგომარეობა ძალიან გართულებული აქვთ. სასამართლო და ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაჭრილი ახალგაზრდების  ჯანმრთელობის მდგომარეობა, სიცოცხლისთვის სახიფათოა. ჩხუბის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად შავლიაშვილს ცე-ჰეპატიტი, მღვდელაძეს კი ნაწლავის ტუბერკულოზი განუვითარდა. ცხადია, ოდნავ მეტი ჰუმანიზმის შემთხვევაში, განსასჯელების ასეთი მდგომარეობა შეიძლებოდა, პროკურორს შემამსუბუქებელ გარემოებად დაესახელებინა.

„წინასწარ გამოძიებაში ყველა განსასჯელს ერთნაირი ჩვენება აქვს მიცემული. მათგან მხოლოდ ნიკოლოზაშვილის ბოლოს ჩვენება ჩათვალა ბრალდებამ გამოძიებასთან თანამშრომლობად. ნიკოლოზაშვილის გამოძიებასთან თანამშრომლობა არც საქმის მასალებით დასტურდება, თუ, რასაკვირველია, ბრალდების მხარეს რაიმე ჩვენთვის უცნობი, გასაიდუმლოებული მასალები არა აქვს მხედველობაში“ - განაცხადა ნიკა ბერუაშვილისა და საბა მღვდელაძის ადვოკატმა, დავით დეკანოიძემ და სავარაუდოდ, პროკურატურისა და ნიკოლოზაშვილის ადვოკატის საიდუმლო გარიგებაზე მიანიშნა.

დაცვის მხარემ ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციაც არასწორად და უსაფუძვლოდ მიიჩნია. სისხლის სამართლის 239-ე მუხლის „ა“ პუნქტი, გულისხმობს ხულიგნურ ქმედებას, ჯგუფის მიერ, რომელიც წინასწარაა შეთანხმებული. „როდის მოასწრეს განსასჯელებმა ერთმანეთთან შეთანხმება?!“ - რიტორიკულად კითხულობს ადვოკატი დეკანოიძე, - „მაშინ ხომ არა, როცა წაქცეულ განსასჯელებს უმოწყალოდ სცემდნენ?! მანამდე ხომ ჩხუბი არც დაწყებული იყო და არც მოსალოდნელი?! ან იქნებ მაშინ, როცა განსასჯელებს გამოეკიდნენ და დანით დაჩეხეს ისინი?! ცხადია, წინასწარი შეთანხმება არ მომხდარა. საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. შესაბამისად, ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია არასწორია“.

239-ე მუხლი (ხულიგნობა) ითვალისწინებს ქმედებას, რომელიც უხეშად არვევს საზოგადოებრივ წესრიგს. „ჩხუბმა გამოიწვია მოქალაქეთა მოძრაობის შეფერხება, რომლებიც აღნიშნულის გამო გამოხატავდნენ უკმაყოფილებას“, - წერია საბრალდებო დასკნაში. თუმცა, საქმეში არ დევს არც ერთი ადამიანის ჩვენება, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა მომხდარი ინციდენტის გამო.

„დაზარალებული ბრალდებულების“ ადვოკატებს (ნიკოლოზაშვილის ადვოკატის, ნანა ფრიდონაშვილის გამოკლებით) იმედი აქვთ, რომ განაჩენის გამოტანისას მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ადეკვატურად შეაფასებს ერთსა და იგივე დანაშაულზე წარმოებულ ორ სასამართლო პროცესს შორის არსებულ წინააღმდეგობებს. ამავე დროს, გაითვალისწინებს, რომ განსასჯელები შემთხვევის დროს თვითონვე დაზარალდნენ - ისინი დანით დაჭრეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში კიდევ უფრო დამძიმდა. ასევე, მოწყდნენ სასწავლო პროცესს და ციხეში დიდი ხნით მათი გამომწვდევა ხელს შეუშლის მათ სწავლა-განათლებას. არაადეკვატური განაჩენის შემთხვევაში, ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ნინი
2010-09-28 23:22
მე პირადად ვიცნობ ერთ-ერთ დაზარალებულს და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რო ისინი მართლა უდანაშაულოები არიან და სამართალი რო არ არის ჩვენთან ეს დიდი ხანია ვიცით მარა ხოარ ბნელა არა? იურიდიული განათლებაც არაა საჩირო რო მიხვდე ვინაა დამნაშავე და ვინ დაზარალებული..საწყალი ბიჩები, უმიზეზოდ სცემეს, დაჩრეს და კიდე აქეტ სვავენ ციხეში და მკურნალობის საშუალებასაც არ აძლევენ...აბა ესაა სამართალი? ეგენი არიან დასაჭერები, ეგ ცივსისხლიანები...ეგ ბიჭები 4 წლის მერე უკვე მართლლა გაფუჩებულები გამოვლენ ამდენი უსამართლობის მერე...
სახელი: ვალერი მდივანი
2010-09-28 20:31
უსამართლობა ბევრი მინახავს,მაგრამ ასეთი არა
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC