კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ საავადმყოფოს მთავარი ექიმი დააკავა

28 სექტემბერი, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

პროკურატურის ერთწლიანი მუშაობა ქუთაისის ხანდაზმულთა და ინვალიდთა სარეაბილიტაციო რეგიონულ ცენტრში ყოფილი მთავარი ექიმისა და მთავარი ბუღალტრის დაკავებით დასრულდა. გაფლანგული 400 ათასი ლარი და დარღვევები პაციენტთა სამედიცინო ისტორიებში - ასეთია ბრალდება, რომელსაც პროკურატურა დაკავებულებს უყენებს.

„პროკურატურა საავადმყოფოში ზუსტად ერთი წლის წინ შემოვიდა. ითქვა, რომ დოკუმენტაცია უნდა შეესწავლა. იმის შემდეგ თითქმის ყოველდღე ვკითხულობდით, დაასრულა თუ არა მან მუშაობა და როცა ვიგებდით, რომ არა, ძალიან გვიკვირდა. სადღაც იყო ეჭვი, რომ პროკურატურის შემოსვლა საავადმყოფოში კარგი შედეგით არ დასრულდებოდა. ასეც მოხდა. ორი პიროვნება დააკავეს. აქედან ერთ-ერთი, ავთანდილ აბულაძე საავადმყოფოს აწ უკვე ყოფილი ექიმია. ითქვა, რომ პაციენტთა ისტორიებში სერიოზული დარღვევები აღმოაჩინეს. რა სახის დარღვევებზეა საუბარი, ეს ალბათ მოგვიანებით გახდება ცნობილი. გარდა ამისა, საუბარია სოლიდური თანხის გაფლანგვა-მითვისებაზეც. როგორ დასრულდება ყველაფერი, ამას ალბათ გამოძიება და სასამართლო დაადგენს“, - აცხადებენ ქუთაისის ხანდაზმულთა და ინვალიდთა სარეაბილიტაციო რეგიონული ცენტრის თანამშრომლები.

ავთანდილ აბულაძე და მედეა მაღლაკელიძე დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურაში 24 სექტემბერს დაიბარეს. ბრალის წაყენების შემდეგ დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამჯერად კი ორივე მათგანი ქუთაისის #2 საპყრობილეში იმყოფება.

პროკურატურა ქუთაისის ხანდაზმულთა და ინვალიდთა სარეაბილიტაციო რეგიონული ცენტრის საქმიანობით 2009 წლის სექტემბერში დაინტერესდა და 2008-2009 წლის დოკუმენტაციის შესწავლას შეუდგა.

გასულ წლებში აღნიშნული საავადმყოფო იმ სამედიცინო დაწასებულებათა ნუსხაში შევიდა, რომელთაც ხელისუფლების მხრიდან გაპიარებული, საბოლოოდ კი, არშემდგარი პროექტის „100 ახალი საავადმყოფოს“ ფარგლებში რეაბილიტაცია უნდა ჩატარებოდა. იგეგმებოდა მედპერსონალის გადახალისებაც, რასაც თანამსრომელთა მხრიდან უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა.

„ითქვა, რომ საავადმყოფო იყიდებოდა და ახალი ხელმძღვანელობა მოდიოდა. უნდა მომხდარიყო ახალი ტექნიკა-დანადგარების ჩამოტანა და სამედიცინო მომსახურების დონის ამაღლება, როგორც ეს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მოხდა. საუბარი იყო როგორც მედპერსონალის შემცირებაზე, ისე  საავადმყოფოს ახალი მმართველის მოყვანაზე. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. საავადმყოფო არ გაიყიდა და კოლექტივიც იგივე დარჩა,“- ამბობენ საავადმყოფოს თანამშრომლები.

აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში პროკურატურის შესვლიდან ერთი წლის თავზე მთავარმა ექიმმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. დაკავების მომენტში იგი თანამდებობიდან წასული იყო. ავთანდილ აბულაძე, ისევე როგორც საავადმყოფოს მთავარი ბუღალტერი მედეა მაღლაკელიძე თავს დამნაშავედ არ ცნობენ და აცხადებენ, რომ პროკურატურის ბრალდებები უსაფუძვლოა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ახალი ამბები