კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დანაშაული დეტალურად იქნება გამოძიებული, დამნაშავეთა ვინაობა დადგინდება და ისინი კანონის მიხედვით დაისჯებიან“

1 ოქტომბერი, 2010
ჰამარბერგის მკაცრი ანგარიშით საქართველოს შსს-ც უკმაყოფილოა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობაც

ალექსი ბეჟანიშვილი

29 სექტემბერს ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოში 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში და მის შემდგომ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საქმეების გამოძიების მონიტორინგის შედეგები გამოქვეყნდა. დოკუმენტში შესულია ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის, თომას ჰამარბერგის შესავალი სიტყვა და ევროსაბჭოს ექსპერტების მოხსენებები.

ჰამარბერგის შეფასებით, დაკარგულების ბედის გარკვევისა და უკანონო ქმედებების ჩამდენთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საქმეში მნიშვნელოვანი ხარვეზები შეინიშნება.

ჰამარბერგის განცხადებით, გამოძიებაზე ზედამხედველობა უნდა ჩამოერთვას რეგიონულ პროკურატურას, ხოლო აღნიშნული რაიონების პოლიციის განყოფილებები უნდა ჩამოშორდნენ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს.

გთავაზობთ სრულად ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობას ჰამარბერგის ხელმძღვანელობით მომზადებული ანგარიშის შესახებ:

„სამწუხაროა, რომ სერიოზული შეცდომები არის დაშვებული დაკარგული ადამიანების ძიებისა და დამნაშავეთა პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის  დროს“, - ამ სიტყვებით გამოაქვეყნა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამერბერგმა ორი საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებული ანგარიში. ექსპერტები მან შეირაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს დაკარგული ადამიანების ბედისა და მათ მიმართ მოპყრობის საკითხების შესასწავლად მიიწვია.

„ჩემს მიერ მოწვეული ექსპერტები აღმოჩნდნენ ისეთი სიტუაციაში, რომ სიმართლისკენ მიმავალ გზაზე მათ მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაბრკოლებების გადალახვა და დაკარგულთა საქმეებში სიმართლის დადგენა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც უკვე დაიტანჯნენ თავიანთი ახლობელი ადამიანის ბედ-იღბლის უცოდინრობით“, - განაცხადა ევროკომისარმა.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად სერიოზული მტკიცებულებისა, რომ სამართალდამცველები 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის მერე დაკარგულთა საქმეებს აქტიურად იძიებენ, ექპერტებს გამოძიების ოპერატიული საქმიანობა არ ჩაუტარებიათ იმ სამსახურისგან დამოუკიდებლად, რომელსაც დაინტერესებული ოფიციალური პირები მიეკუთვნებიან.

„გამოძიების მეთვალყურეობა უნდა გასცდეს რეგიონალურ საბრალდებო ხელისუფლებას და მხოლოდ პოლიცია არ უნდა ახორციელებდეს ოპერატიულ ქმედებას აღნიშნულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა კომისარმა ჰამარბერგმა.

ექსპერტებს ასევე უნდა დაედგინათ, რა ზომები იყო მანამდე მიღებული 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ დაკარგული პირების ბედ-იღბლის დასადგენად. ამას გარდა, მათ მოწინააღმდეგე მხარესთან ასევე უნდა წამოეჭრა იმ დატყვევებული ჯარისკაცების საკითხი რომლებიც სავარაუდოდ ტყვეობის დროს გარდაიცვალნენ.

„პატიმრების მიმართ ადამიანური მოპყრობა ისეთი პრინციპული საკითხია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. დაკავებულთა მიმართ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული დეტალურად იქნება გამოძიებული. დამნაშავეების ვინაობა დადგინდება და ისინი კანონის მიხედვით დაისჯებიან. მსგავსი დანაშაულების საომარი მოქმედებების დროს ჩადენა არაფერს არ ცვლის: პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობა ყოველთვის ადამინის უფლებების დარღვევაა“, - განაცხადა ჰამარბერგმა.

ევროსაბჭოს ორი ექსპერტი საქართველოს ხელისუფლებას უგზო-უკვლოდ დაკარგული სამი ოსი მოქალაქის მოსაძიებლად აუცილებელი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას სთხოვენ. ბრიუს პეგისა და ნიკოლას სებირის შესაბამისი რეკომენდაცია ევროსაბჭოს ადმიანის უფლებათა კომისრის ანგარიშში შესულ მოხსენებაში დაფისქირდა.

კერძოდ, საუბარია ალან ხაჩიროვის, ალან ხუგაევის და სოლტან პლიევის შესახებ, რომლებიც ცხინვალის რეჟიმის ინფორმაციით, ქართულმა ძალებმა 2008 წლის 13 ოქტომბერს სოფელ კორკულადან სოფელ ხელჩუასკენ მიმავალ გზაზე დააკავეს.

ექსპერტების მიერ მომზადებულ მასალაში აღნიშნულია, რომ 2009 წლის მარტში ინტერნეტში განთავსდა ორი ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია სამი პირი - ალან ხაჩიროვი, ალან ხუგაევი და სოლტან პლიევი, რომლებსაც ძალადობრივი მეთოდებით კითხავენ.

ბრიუს პეგისა და ნიკოლას სებირი აღნიშნავენ, რომ 2009 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება ხაჩიროვის, ხუგაევისა და პლიევის „უკანონო დაპატიმრების“ მუხლით. თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ ექსპერტებმა ვერ დაადგინეს, რა საგამოძიებო სტრატეგიით მოქმედებდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტების რეკომენდაციებისაგან დამოუკიდებლად.

მათი შეფასებით, საბოლოოდ, ძალზედ მცირე იყო არსებითი წინსვლა სამი დაკარგული პირის ბედის ოფიციალურად დადგენაში.

ბრიუს პეგი და ნიკოლას სებირი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ რეკომენდაციით, გადაიდგას აუცილებელი ნაბიჯები გამოძიების სრული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები და ისინი, ვინც შეიძლება ჩარეული იყოს ამ საქმეში, არ უნდა იყვნენ ერთი და იგივე განყოფილების თანამშრომლები, ოპერატიული და სამძებრო ქმედებების წარმოება უნდა ჩამოერთვას შიდა ქართლის პოლიციას.

ევროსაბჭოს ექსპერტების აზრით, გამოძიების ხელმძღვანელობა უნდა ჩამოერთვას რაიონულ პროკურატურას და გამოძიებამ შეამოწმოს ქართველი პოლიციელების, მათ შორის - სპეცდანიშნულების პოლიციის ქმედებები.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროსაბჭოს უმაღლესი კომისრის, თომას ჰამარბერგის მოხსენებაში, რომელშიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებაა საუბარი, ქართული მხარე „ცალმხრივი და არასრულყოფილი ინფორმაციის“ გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა „ეხო კავკაზასთან“ საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ჟენევის მოლაპარაკებათა დელეგაციის წევრმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა.

„ჩვენთვის ახალი არაფერი თქმულა. ამან ჩვენ იმედები გაგვიცრუა. კომისარს მივაწოდეთ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სია, მაგრამ ვერაფერი შევიტყეთ, რა ბედი ეწიათ მათ“, – აღნიშნა უტიაშვილმა.

გამოცემის ცნობით, თავდაპირველად, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ჰამარბერგს 10 ადამიანის სია გადასცა, მოხსენებაში კი 5 ადამიანზეა საუბარი, რომელთაგან ორის შესახებ ცხინვალის მხარემ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

უტიაშვილის თქმით, ქართული მხარე იმედგაცრუებულია იმითაც, რომ ჰამარბერგს სათანადო ძალისხმევა არ გამოუყენებია იმ ქართველების გასათავისუფლებლად, რომლებიც ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. ბევრი მათგანი უკვე ორი წელია ციხეშია.

„ჰამარბერგს არაფერი გაუკეთებია ამ ადამიანების ციხიდან გასათავისუფლებლად. მისი გარანტიებით კი, ჩვენ ოსები გავათავისუფლეთ. თუმცა, ვერანაირი შედეგი ვერ ვნახეთ“, – განაცხადა უტიაშვილმა. მისივე თქმით, ევროსაბჭოს უმაღლესი კომისრის მოხსენება ცალმხრივი იყო.

ჰამარბერგის ანგარიშს უკმაყოფილონი შეხვდნენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

„არ ვიცი, რა საქმეზეა საუბარი. შესაძლოა, ეს ინფორმაცია ევროსაბჭოს ექსპერტებს ქართულმა მხარემ მიაწოდა. თავად დასკვნას კი ჯერ არ გავცნობივარ. იყო შეთანხმება, რომ გამოქვეყნებამდე ეს ანგარიში წინასწარ უნდა მოგვესმინა, მაგრამ ჰამარბერგმა დოკუმენტი წინასწარი მოსმენის გარეშე გამოაქვეყნა და ეს მისი უფლებაა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა.

მისივე თქმით, ქართული მხარე არანაირ ზომებს არ მიმართავს დაკარგული ოსი მოქალაქეების მოსაძიებლად. „არც ქართული მხარე და არც ევროკავშირის დამკვირვებლები ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლების შეხვედრებში მონაწილეობა შევაჩერეთ“, - განაცხადა ჩიგოევმა.

humanrights.ge გთავაზობთ ჰამარბერგის ანგარიშის სრულ ვერსიას:

http://humanrights.ge/admin/editor/uploads/pdf/hamarbergi%20-%20ucha%20-%20com%5B1%5D.instranet.InstraScoe=com.instranet.pd

ახალი ამბები