11:07, Tuesday, 10.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მცოცავი ოკუპაცია, ცრუ განგაში თუ „მოდელირებული“ პროვოკაცია?!

04.10.2010

საბა წიწიკაშვილი, გორი

29 სექტემბერს საღამოს გორის რაიონის სოფელ ნიქოზის თემის საკრებულოში შემავალი სოფლების (ზემო და ქვემო ნიქოზი, ზემი და ქვემო ხვითი) მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა. ნაციონალური ტელევიზიების მიერ გავრცელებული ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზემო და ქვემო ნიქოზში გადმოიწიე ს და  25 ჰა ფართობი დაიკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას მთელ თემში მხოლოდ ერთი ქალი ადასტურებს, რომელიც თავის მხრივ ამბობს, რომ ეს ინფორმაცია პოლიციელებმა უთხრეს.

ნიქოზელებმა მიგვითითეს, რომ 29 სექტემბერს საზღვრის გადმოწევის თვითმხილველი სწორედ ის ქალბატონია, რომელიც ფოტოზეა გამოსახული. იგი სოფლის მოსახლეობას უდასტურებდა, რომ პირადად ნახა სოფლის ბაღებში გადმოსული სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ოთხი ადამიანი, რომლებიც გარკვეული სახის მონიშვნებს აკეთებდნენ. თუმცა, როდესაც ჩვენ მას ვკითხეთ, იყო თუ არა ამ ფაქტის თვითმხილველი, გვიპასუხა, რომ ის თვითმხილველი არ იყო - ინფორმაცია პოლიციისგან ჰქონდა.

შს სამინისტრომ კი 29 სექტემბერს სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა. საღამოს 18 საათზე ირწმუნებოდა, რომ ხდებოდა დამატებითი ადგილების ოკუპირება, ხოლო 21 საატზე სამინისტროს ვებ-საიტზე საერთოდ გაქრა იმ სოფლების ჩამონათვალი, რომელზეც თურმე რუსეთის ჯარისკაცები ძელებით ნიშნავდნენ.

ასე მაგალითად, გავრცელებული ინფორმაციის თავდაპირველი ვარიანტით:

„2010 წლის 29 სექტემბერს დილის საათებში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიის დაკავება და ოკუპაციის ხაზის წინ გადმოწევა დაიწყეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დანაყოფები უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს“ ატარებენ (არმატურის ძელებს არჭობენ) სოფლებში: ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, დიცი, არბო და ქორდი. ამ დროისათვის სოფელ ქვემო ნიქოზში მიტაცებულია 25 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. სოფელ დიცში უკანონო მონიშვნის იქით აღმოჩნდა 3 ოჯახის (ბერუაშვილების) კუთვნილი სახლები და ერთ-ერთი ოჯახის ხეხილის ბაღის ნახევარი, ასევე - საძოვრები, სარწყავი არხი და ახალგაკეთებული წყლის ჭაბურღილი. სოფელ არბოში რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები – 5 ჰექტარი, ხოლო სოფელ ქორდში კერძო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი – ნახევარი ჰექტარი. ამჟამად, უკანონო „დემარკაცია“ მიმდინარეობს სოფელ ზემო ნიქოზშიც“.

რამდენიმე საათში ეს ინფორმაცია თვით სამინისტროს ვებ საიტზე გაქრა და გამოჩნდა ახალი ტექსტი:

„2010 წლის 29 სექტემბერს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა შიდა ქართლში უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების“ ჩატარება დაიწყეს. ოკუპანტების ეს ქმედება აშკარა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და კიდევ უფრო ზღუდავს საქართველოს მოქალაქეებისთვის რეგიონში თავისუფალი გადაადგილების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ჯარების მიერ წარმოებული უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები“ მნიშნელოვნად შეუშლის ხელს მიმდებარე ტერიტორიებისთვის, განსაკუთრებით კი სოფელ დიცისთვის წყლის მიწოდებას“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იმავე ღამეს დაუკავშირდა ზემო ნიქოზის მხოვრებ თამარ მჭედლიძეს, „რუსთავი 2“-ის სიუჟეტის გასვლის შემდეგ, მასთან, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შვილებს თბილისიდან უკვე დარეკილი ჰქონდათ.

„სიმართლე გითხრათ, ამ ზარებით უფრო შევშფოთდით. მთელი დღის განმავლობაში არაფერი შეგვიმჩნევია არც მე და არც ჩემს მეუღლეს. ჩვენ ისეთ ზონაში ვცხოვრობთ, წარმოუდგენელია, რამე არ გვცოდნოდა. რაც შეეხება ტერიტორიებს, სოფლის ბოლოში სამი სახლია, იქ ისედაც აღარავინ ცხოვრობს, რადგან ეშინიათ. პირდაპირ საზღვარზე მდებარეობს“, – გვითხრეს მჭედლიძეებმა.

ზემო და ქვემო ნიქოზის რწმუნებული გიორგი დევიძე აცხადებდა, რომ მანაც 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებების შემდეგ შეიტყო აღნიშნული ინფორმაცია: „როგორც კი ინფორმაცია მოვისმინე, მაშინვე გავეშურე იმ ადგილისკენ, საიდანაც შეიძლებოდა დანახვა. თუმცა არაფერი შემიმჩნევია“, - განაცხადა  გიორგი დევიძემ.

29 სექტემბერს სოფელ ნიქოზში ასევე იმყოფებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი და უკრაინის ელჩი. მათ ნიქოზის საჯარო სკოლაა დაათვალიერეს და დამატებით ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ არავითარი განცხადება არ გაუკეთებიათ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC