კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დაზარალებული ბრალდებულები“ „ნულოვანი ტოლერანტობისა“ და „შერჩევითი სამართლის“ მსხვერპლნი არიან

4 ოქტომბერი, 2010
სალომე აჩბა

4 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში გამართული საგანგებო პრესკონფერენცია საქართველოს საერთო სასამართლოებში გამოტანილ არაადეკვატურად მკაცრ განაჩენებს მიეძღვნა. კონკრეტულ მაგალითად უფლებადამცველებს 28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი მოჰყავთ. კოჭლამაზაშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტის წინ ერთი წლის წინ დაჭრილ ახალგაზრდებს 3,5 წლით პატიმრობა და 3000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მიუსაჯა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ამ განაჩენთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე სპეციალური მიმართვა გაავრცელა (ტექსტი იხილეთ: http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=12337&lang=eng  ) და საერთაშორისო ორგანიზაციებს კონკრეტულ საქმეზე რეაგირება სთხოვა. პრესკონფერენციას „დაზარალებული ბრალდებულების“ ადვოკატები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ახალგაზრდები იმ ე. წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლებია, ატარებს.

უჩა ნანუაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ეს საქმე არის ხელისუფლების, სასამართლო სისტემის ტესტი. აქ კარგად ჩანს ისეთი დარღვევები, როგორიც დამახასიათებელია სასამართლო ხელისუფლებისთვის. ამ საქმემ წარმოაჩინა ქართული სასამართლოს მრავალი უარყოფითი მხარე, რამაც ბოლო წლების განმავლობაში იჩინა თავი და რასაც მრავალი არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაცია ხშირად აპროტესტებს ხოლმე. ეს ახალგაზრდები არიან სახელმწიფოს მიერ გატარებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის მსხვერლნი. გარდა ამისა, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს „შერჩევით სამართალთან“. ადამიანებს, რომლებსაც არ მიუძღვით მძიმე დანაშაული, გამოუტანეს განსაკუთრებით მკაცრი და არაჰუმანური სასჯელი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ეს მაშინ, როცა მაგალითად, ქუჩაში დახვრეტილი ბუტა რობაქიძის საქმეზე გასამართლებულ პოლიციელს მხოლოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 2 წელიწადში გაათავისუფლეს. ხოლო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 4 წელზე ნაკლებ ხანს იმყოფებოდნენ. ეს ფაქტები მეტყველებს, რომ ქვეყანაში „შერჩევითი სამართალი“ მოქმედებს - მკაცრად ისჯებიან ისინი, ვის მიმართაც გარკვეული სახის ინტერესი არსებობს, ხოლო მაგალითად, ზემოხსენებულ სამართალდამცავებს, რომლებსაც გაცილებით სერიოზული, მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, შედარებით მსუბუქი სასჯელი გამოუტანეს. სამწუხაროდ, ამ ახალგაზრდების საქმე არ არის ერთადერთი. არის კიდევ მრავალი მსგავსი საქმე, სადაც სასამართლოს განსაკუთრებით მძიმე, შეუფერებელი და არაადეკვატური სასჯელი გამოაქვს“.
   
დაცვის მხარის ადვოკატებმა ისაუბრეს იმ შემამსუბუქებელ გარემოებებზე, რაც საქმეში არსებობდა - ახალგაზრდები დაზარალებულნი არიან, რაც იმავე სასამართლოს მიერ იმავე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენით არის დადგენილი; მათ არა აქვთ ნასამართლეობა; არიან სტუდენტები და ინციდენტის დროს დაჭრის გამო, შეერყათ ჯანმრთელობა; ამიტომ იმყოფებიან მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში. საქმეში არსებული მრავალი შემამსუბუქებელი გარემოების მიუხედავად, სასამართლომ მაინც მკაცრი გადაწყვეტილება გამოიტანა.

„დანაშაული რომ გეღიარებინათ, სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლებდით“, - უთხრა მოსამართლე კოჭლამაზაშვილმა მსჯავრდებულებს და ურჩია, სააპელაციო სასამართლოში აღიარონ  დანაშაული, იმის მიუხედვად ჩაიდინეს თუ არა იგი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებით, კოჭლამაზაშვილის განაჩენმა წარმოაჩინა, რომ „სასჯელის ლიბერალიზაცია“, რაზეც ხელისუფლება საერთაშორისო დამკვირვებლებთან იწონებს ხოლმე თავს, მხოლოდ მითია. სინამდვილეში სასამართლოები კვლავ აგრძელებენ არაჰუმანური და უაზროდ მკაცრი სესჯელების გამოტანას, რის გამოც საპატიმროები გადავსებულია არაადეკვატურად დასჯილი მოქალაქეებით.

ახალი ამბები