კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სად ვიცხოვროთ? - ახალგორელების დილემა

5 ოქტომბერი, 2010
შორენა ლათათია

ახალგორის რაიონში 2008 წლის აგვისტოს ომამდე დაახლოებით 7700 ადამიანი ცხოვრობდა. საომარი მოქმედებების შედეგად რაიონი რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დაიკავეს, თუმცა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის სხვა რაიონებისგან განსხვავებით, ახალგორში მასობრივი ეთნიკური წმენდა არ მომხდარა. ამჟამად ახალგორზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი“ ვრცელდება და კანონის მოქმედების ვადით იქ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმია გამოცხადებული. 

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონის მიმართ არა ეთნიკური წმენდის, არამედ  ქართველების რეინტეგრაციის პოლიტიკა აირჩია, რაც პროპაგანდისტული ამოცანებითაა განპირობებული და მიზნად  საერთაშორისო საზოგადოების კეთილგანწყობას ისახავს: „მოცემულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას  ორი არჩევანი ქონდა - ან ხელი შეეწყო რუსული პროპაგანდისათვის და მოსახლეობისაგან არ დაეცალა ახალგორი (რაც სამომავლოდ მომგებიანი იქნებოდა), ან ხელი შეეშალა აღნიშნული პროპაგანდისათვის და ყველანაერი ზომები ეხმარა, რათა ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას იქ დარჩენის  სურვილი დაკარგვოდა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ეს უკანასკნელი აირჩია“.
 
დღესდღეობით დევნილის სტატუსით ყველაზე მეტი ახალგორელი (4 416 სული)  წეროვანშია ჩასახლებული, ნაწილი ასევე ცხოვრობს ფრეზეთსა (840 სული) და წილკანში (1188 სული). 730 ოჯახმა კი კოტეჯის სანაცვლოდ ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია (10 000 დოლარი) აირჩია რომელთაგან ახალგორის გამგებლის მოადგილის გია წითურის თქმით მხოლოდ 51 ოჯახია დაკმაყოფილებული.

„თუკი წეროვანში რაიმე საწარმო გაიხსნება, ჯერ ახალგორელებს ასაქმებენ და შემდეგ ჩვენ. ზოგი მათგანი „დაჩნიკია“ - წეროვანში კოტეჯი აქვთ აღებული, ძირითადად კი მაინც ახალგორში ცხოვრობენ, მხოლოდ ზამთრობით ჩამოდიან. დახმარებებს, რა თქმა უნდა, ისინიც ჩვენნაირად იღებენ“, - განაცხადა „ადამიანის უფებათა ცენტრთან“ საუბრისას სოფელ ლიახვის ხეობიდან დევნილმა ქალბატონმა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებისას ანონიმურობის დაცვა გვთხოვა.  

ახალგორის გამგებლის მოადგილის გია წითურის თქმით, წეროვანში საჯარო სამსახურებში 460 ახალგორელი დევნილია დასაქმებული. მისთვის უცნობია, რამდენი ახალგორელი  მუშაობს კერძო სექტორში. თუმცა, ამბობს, რომ ასეთები ბევრნი არიან.

პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, „ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. პირადი სიმპატია-ანტიპატიების მიხედვით გაიცემა დახმარებები, რაც კანონისა და კონსტიტუციის უხეში დარღვევაა“.

82 წლის  ირაკლი ქენქაძე 2008 წლის მოვლენებამდე ინვალიდ მეუღლესთან ერთად სოფელ ლარგვისში ცხოვრობდა: „თავიდანვე კომპენსაციაზე ვიყავი ჩაწერილი. მპირდებოდნენ, რომ უახლოეს მომავალში მივიღებდი. დღეს კი სამინისტროში მითხრეს, რომ რახან ჩემს შვილს კომპენსაცია უკვე აღებული აქვს, შემიძლია, მასთან წავიდე და იქ ვიცხოვრო. არადა, მე საკუთარი სახლი მქონდა და ცალკე კომპენსაცია მეკუთვნის“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი შენგელიამ „ადამიანის უფლებათ ცენტრთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ქენქაძეს და მის ვაჟიშვილს ერთი სახლი ჰქონდათ გაყოფილი  და ამ ეტაპზე პრიორიტეულია  იმ დევნილების დახმარებაა, ვისაც ცალკე სახლი ქონდათ და დახმარებები არ მიუღიათ. 

ინფორმაციის დასაზუსტებლად ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ახალგორის გამგებლის მოადგილეს გია წითურს დაუკავშირდა, რომელმაც  ცალსახად დაგვიდასტურა, რომ ირაკლი ქენქაძე მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ლარგვისში მდებარე საკუთარ სახლში და რომ მისი შვილი უკვე წლებია კილომეტრობით დაშორებულ საკუთარ სახლში ცხოვრობს და შვილის მიერ აღებულ კომპენსაცია ქენქაძის კომპენსაციაზე ზეგავლენა არ უნდა მოეხდინა“.

ქენქაძის მსგავსად, სტატუსისა და კომპენსაციის გარეშეა დარჩენილი, სხვა უამრავი ახალგორელიც. „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ თუ 3 000 დოლარს გადაიხდის, კომპენსაციას უპრობლემოდ მისცემენ. „მაგრამ მე წინასწარ გადასახდელი არც 3 000 დოლარი  მაქვს და არც იმის სურვილი, რომ კანონით კუთვნილი კომპენსაცია ვინმეს გავუყო“, – გვითხრა კომპენსაციის მომლოდინე ახალგორელმა.

კომპენსაციის მინიჭების თარიღის დაზუსტების  მიზნით „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ახალგორის გამგეობას დაუკავშირდა, რომელთაც მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ ამა თუ იმ პირს ნამდვილად ეკუთვნის კომპენსაცია, ხოლო თუ როდის მიიღებენ ეს პირები კუთვნილ კომპენსაციას, მათთვის უცნობია.

კომპენსაციის მინიჭება-არმინიჭების საკითხს საბოლოოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ტოლვილთა სამინისტროში შექმნილი კომისია წყვეტს, თუმცა „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ვერც ამ კომისიის წევრებთან საუბრისას დაადგინა, კონკრეტულად როდისთვის მიიღებენ ეს ადამიანები კომპენსაციას.

„კომპენსაციაზე შემოსული განაცხადების განხილვა მიმდინარეობს  და ვერ გეტყვით კონკრეტულად როდის დასრულდება ეს როცესი“, - განაცხადა კომისიის წევრმა გიორგი შენგელიამ.

„უკვე მეათეჯერ ჩამოვდივარ თბილისში და სამინისტროში ერთხელაც ვერ გამცეს ნორმალური პასუხი, თუ როდის მომცენ კომპენსაციას. ყოველი მგზავრობა 10 ლარი მიჯდება, შედეგი კი ჯერ არ მინახავს“, - განაცხადა ახალგორელმა ფირუზი ოღაძემ.    

ეთნიკურად ქართველი მოქალაქეები ახალგორში ამჟამად რუსულად ნათარგმნი პირადობის მოწმობებით გადაადგილდებიან, თუმცა ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების პასპორტების დარიგება დაიწყება.

„სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების პასპორტს არავითარ შემთხვევაში არ ავიღებ. თუკი თბილისში მცხოვრები შვილებს და შვილიშვილებს ვეღარ ჩამოვაკითხავ, ჩემ ცხოვრებას რაღა აზრი ექნება? თუმცა, ახალგორში ჩემი მამა-პაპაა დაკრძალული და არც მათი საფლავების მიტოვება იქნება ადვილი“, - ამბობს, ამჟამად ახალგორში მცხოვრები, ირაკლი ქენქაძე.  თუმცა არიან ისეთებიც რომელთაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, აიღებენ თუ არა დეფაქტო ხელისუფლების პასპორტებს.

ახალი ამბები