კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამადლოდ დაბინავებულ დევნილებს ელექტროენერგიას გაუთიშეს და საცხოვრებლიდან გამოსახლებით ემუქრებიან

5 ოქტომბერი, 2010
ინგა გვასალია, სამეგრელო

ხელისუფლების სტრატეგიით, საცხოვრებელდაკარგულ დევნილებს ახალ საცხოვრებელ ადგილებში ათავსებენ. ამ მიზნით სპეციალური მრავალსართულიანი სახლები ფოთშიც შენდება. ახალი სახლების ექსპლუატაციაში შესვლამდე ქალაქის მთავრობამ რამდენიმე ოჯახს უკვე გამოუყო საცხოვრებელი ადგილი. ეს არის გორგასალის ქუჩაზე #5/38 –ში არსებული ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლი, რომლის აშენება ჯერ კიდევ  კომუნისტების პერიოდში დაიწყო და კოოპერატიული ბინა ერქვა. ხსენებული სახლი წლების განმავლობაში უპატრონოდ იყო დატოვებული კარკასის სახით. საბჭოთა ეპოქა ისე დამთავრდა, სახლს აშენება არ ეღირსა.

ბოლო დროს ფოთის ადმინისტრაციამ ეს სახლი გაარემონტა და მასში 37 დევნილი ოჯახი ისე შეასახლა, რომ არც ერთ კომპეტენტურ ორგანოს არ შეუსწავლია შენობის ვარგისიანობა. შესახლებული დევნილები უკმაყოფილონი არიან სახლის მდგომარეობით, რადგან ალაგ-ალაგ წყალი ჩამოდის და კედლები დამსკდარია.

დევნილთა ეს ოჯახები ადგილობრივი ხელისუფლების, სამეგრელოს რეგიონში დევნილთა და განსახლების სამინისტროსა  და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების მიერ შედგენილი სიების მიხედვით შეარჩიეს. როგორც ფოთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა თენგიზ შონიამ გვითხრა, მათ სიაში 22 დევნილი ოჯახი შეიყვანეს - მარჩენალდაკარგულები, ინვალიდები და ომის ვეტერანები, რომლებიც დღემდე ქირით ცხოვრობდნენ.

საერთოდ, აქ 45 ოჯახის შესახლებაა გათვალისწინებული. შენობაში მყოფ 6 ოჯახს ელექტროენერგიას არ აწვდიან. მიზეზად მათ უკანონოდ შესახლებას ასახელებენ. თავის დროზე, ანუ ორი თვის წინ, ყველა ოჯახი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე  დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. ახლა კი, ექვსი ოჯახის შესახლების კანონიერება კითხვის ქვეშ დადგა. ფოთის ახალი მერი ვახტანგ ლემონჯავა ამტკიცებს, რომ ამ ექვსი ოჯახის შესახლების გამო პრეტენზია სხვა დევნილებს გაუჩნდათ. როგორც ისინი ამბობენ, ამ ოჯახებს უკვე აქვთ საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები და ამ ეტაპისთვის ბინებით უზრუნველყოფას აღარ იმსახურებენ.

ხსენებული ექვსი ოჯახიდან ერთ-ერთი სამი შვილის დედა, 24 წლის ქეთი კიკალეიშვილი გახლავთ. ბინა მამას უნდა მიეღო, როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანს, მაგრამ სამწუხაროდ, მამა ბინის მიღებამდე რამდენიმე ხნით ადრე გარდაიცვალა  და როგორც ერთადერთ მემკვიდრეს, ამავე დროს მრავალშვილიან დედას, მამის ბინა მას მიაკუთვნეს. ამჟამად კი, გასახლების საშიშროების წინაშეა: „18 წელი ქირით ვცხოვრობდით. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ბინა გამოვიცვალეთ. მშობლები 4 თვის განმავლობაში დავკარგე. მამა, როგორც ომის ვეტერანი, იყო სიაში, ახლა კი მედავებიან. სამი შვილი მყავს, არსად ვმუშაობ. მეუღლესთან გაშორებული ვარ. არა მაქვს საშუალება, ისევ ქირით ვიცხოვრო და შვილები ვარჩინო. ჩემი ბრალი არ არის, რომ დღეს დევნილი ვარ და ასე მიწევს ცხოვრება. რა დავაშავეთ?! ამ ბინაშიც საშინელი მდგომარეობაა. დღესაც წვიმს და სინკარებიდან წყალი ჟონავს, კედლები დამსკდარია, მაგრამ სხვაგან მე ქირის გადახდა არ შემიძლია და ჩემთვის ეს ბინაც დიდი შეღავათია. რამდენი ხანია, შუქს არ გვირთავენ. ამ აუტანელ სიცხეებში საშინელ დღეში ვიყავით. მეცოდება ჩემი შვილები. ნორმალურად საჭმელს ვერ ვუკეთებ. დევნილი ვარ, ომის ვეტერანის მემკვიდრე და მრავალშვილიანი დედა, ნუთუ ასეთი ბინაც არ მეკუთვნის? არაფრით დავთმობ ამ ბინას! მე წასასვლელი არსად მაქვს“.

კიკალეიშვილისგან განსხვავებით, ლემონჯავა ამტკიცებს, რომ იგი მეუღლესთან გაშორებული არ არის და მხოლოდ მეუღლის ნათესავებთან აქვს უკმაყოფილება. „ეს კი სულაც არის საკმარისი მიზეზი, რომ იგი დევნილებისთვის განკუთვნილ ბინაში შევასახლოთ“, - გვითხრა ფოთის მერმა.

მეორე დევნილი, რომელსაც გამოსახლება ემუქრება, თამაზ ნადარაია გახლავთ. იგი ამტკიცებს, რომ ქირით ცხოვრობს, მაგრამ მასაც არ უჯერებენ, რადგან იმ ბინაში, სადაც ქირით ცხოვრობს, რემონტს აკეთებს. ნადარაია ირწმუნება, რომ ბინას მეპატრონისათვის მისაცემი ფულით და მეპატრონისვე დავალებით აკეთებს: „ორი სტუდენტი შვილი მყავს თბილისში და ორივე ქირით ცხოვრობს ისევე, როგორც მე. ამის დამტკიცება საბანკო ამონაწერებით შემიძლია. ისე, არ ვიცი, შემთხვევითობაა თუ პროტესტს რომ გამოვთქვამ, იმიტომ ხდება, თბილისის ბინიდან ბავშვები უკვე გამომისახლა მეპატრონემ და სამსახურშიც დაუმსახურებელი საყვედური მივიღე უფროსისგან. ასეთი დამთხვევების ნამდვილად არ მჯერა. თუ არ მეკუთვნის, არც მინდა, მაგრამ მე უკვე მივმართე გენერალურ პროკურატურას, რათა შეისწავლონ ჩემი საკითხი“.

ვიოლეტა ჯღამაძე, ფოთის  ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის უფროსი: „ჩვენი სამსახური არ იყო ჩართული შესახლების პროცესში. ბინების დარიგების დღეს ვიცე-მერმა დამირეკა და ისე წავედი, არც კი ვიცოდი, რა საქმეზე მივდიოდი. ადგილზე ვნახე, რომ დევნილებს ბინებში ასახლებდნენ. ჩვენ სამინისტროს წარმომადგენლობას მივაწოდეთ ქირით მცხოვრები დევნილების სიები, მაგრამ დარიგების დღეს ჩვენი სია კორექტირებული აღმოჩნდა. ვერ გეტყვით, ვინ შეადგინა ახალი სია. ალბათ, კომისიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მთავრობის დადგენილებით, საცხოვრებელი ფართი ყველა დევნილს მიეცემა, მაგრამ ეს მოხდება ეტაპობრივად. რამდენადაც ვიცი, აღნიშნულ სახლში 5 დევნილი ოჯახი თვითნებურად არის შესახლებული. მათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მეშვეობით გამოასახლებენ“.

გამოსახლების საფრთხის წინაშე მყოფი დევნილები ვარაუდობენ,  რომ მათი გამოსახლება დევნილთა სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობას შორის არსებული  დაპირისპირების შედეგია. ამ ორ უწყებას „საკუთარი დევნილები“ ჰყავთ და თავიანთი ფავორიტების პირველ რიგში დაკმაყოფილებას ცდილობენ. სწორედ ისეა,  როგორც ანდაზა ამბობს - ორი ძიძის ხელში ბავშვი გაიჭყლიტაო.

ახალი ამბები