კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოცხოეწერის მდგმურები შველას ითხოვენ

7 ოქტომბერი, 2010
სალომე აჩბა

აფხაზეთიდან დევნილი მადონა ვეკუა თბილისში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების შენობაში ცხოვრობდა. ორი თვის წინ ის კიდევ ერთხელ იქცა დევნილად - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ე.წ. „ზაკვოს“ შენობიდან სამეგრელოში ფოცხოეწერის დასახლებაში გადაასახლა. მადონა ვეკუა ჯანმრთელობას უჩივის. ფოცხოეწერში კი მკურნალობის არანაირი პირობა არ არსებობს. იქ საავადმყოფოც კი არ არის.

ფოცხოეწერის დასახლება ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა. შენობები, რომელშიც თბილისიდან გადასახლებული დევნილები ჩაასახლეს, კომუნისტების დროს, ენგურჰესსზე მომუშავეთათვის აშენდა. ხელისუფლებამ კორპუსები გაარემონტა და იქ საცხოვრებლად მეტ-ნაკლებად ნორმალური პირობებია. თუმცა, დევნილებისთვის მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ფოცხოეწერში რთული კლიმატური პირობების გამო, მიწა უნაყოფოა. დასახლებაში არც რაიმე სახის საწარმო და მომსახურების ობიექტებია. თბილისდიან გადასახლებული დევნილები სამუშაოს გარეშე დარჩნენ და მათი ერთადერთი  შემოსავალი 22-ლარიანი ყოველთვიური სოციალური დახმარებაა.

Humanrights.ge ფოცხოეწერის მდგმურების პრობლემებზე ერთი თვის წინ წერდა (იხ.: http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=12205&lang=geo  ). მადონა ვეკუა გვიამბობს, ამ დასახლებაში გადასახლებულ დევნილთა პრობლემებს, რომლებმაც შემდეგ დღეებში იჩინა თავი. 

„გადმოსახლების დღეებში „წითელი ჯვარი“ დაგვეხმარა და კვების პროდუქტები  დაგვირიგა. დღეისთვის კი ყველანაირი მარაგი ამოგვეწურა და აღარ ვიცი, ბავშვები რითი გამოვკვებო“, - აცხადებს მადონა ვეკუა.

იგი თბილისში ელიავას ბაზრობაზე, მისი ვაჟი კი - მშენებლობაზე იყო დასაქმებული. ამ გზით მიღებული შემოსავლით არჩენდნენ ოჯახს, რომელშიც მათ გარდა ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ფეხმძიმე რძალია. ფოცხოეწერში გადასახლებისას, ბუნებრივია, მათ ავტომატურად დაკარგეს სამუშაო ადგილი და საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ.

ფოცხოეწერში არ არსებობს სამედიცინო პუნქტი. მადონა ვეკუას კი საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი აქვს და საჭიროებს მუდმივ სამედიცინო გამოკვლევებს, რისთვისაც ზუგდიდში ჩასვლა უწევს. ბუნებრივია, ასეთი მძიმე ავადმყოფისთვის, ყოველი სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად ზუგდიდში ჩასვლა რთულია.

დევნილების გარდა, ფოცხოეწერში კიდევ ხუთასი ადგილობრივი მოსახლე და ძველად განსახლებული დევნილები ცხოვრობენ. მადონა ვეკუას თქმით, მათი მდგომარეობა შედარებით უკეთესია. მათ მიწები აქვთ გალში, აბარებენ თხილს, ჰყავთ საქონელი და საკვების პრობლემა მაინც არა აქვთ. ჩვენ კი არაფერი გაგვაჩნია,  საცხოვრებლის გარდა“, - მადონა ვეკუა. 

ფაქტობრივად ორგზის დევნილ 12 ოჯახს ხელმეორედ მოუწია ცხოვრების ნულიდან დაწყება. ფოცხოეწერში ჩასხლებულები, გადაცემული შენობის ნაცვლად, ფულად კომპენსაციას, ან თბილისთან ახლოს, საცხოვრებელ ფართს ითხოვენ: „თბილისში სამუშაო მაინც გქვონდა და ოჯახს ამით ვარჩენდით. ფოცხოეწერში კი არ ვიცით, რა ვაკეთოთ, თავი რითი ვირჩინოთ“.

სახელმწიფოს, დევნილების გამოსახლების დროს, მათთვის გარდა ფოცხოეწერში ჩასახლბისა, სხვა ალტერნატივა არ შეუთავაზებია: „ასე გვითხრეს, ან ფოცხოეწერში წადით, ან ბინა იქირავეთო. ბინის ქირას ვერაფრით გადავიხდიდით. სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს, შეგვეშინდა - ის ოთახებიც არ დაგვეკარგა და ამიტომაც ფოცხოეწერში გადავსახლდით“.

დევნილებმა სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, ალტერნატიული ფართის, ან კუთვნილი ფულადი კომპენსაციის მიღების თაობაზე. თუმცა, სამინისტროს დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ქმედითი ნაბიჯები დღემდე არ გადაუდგამს.

დევნილების შესახებ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის მეოთხე ნაწილით, დევნილების საცხოვრებელი ადგილიდან გასახლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუკი ახალი საცხოვრებელი ფართი აუმჯობესებს დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებს.  ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილები მიიჩნევენ, რომ მათი მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა.

ახალი ამბები