კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სად გაქრა „სანდრას ავტობუსები“?

7 ოქტომბერი, 2010
ზვიად ხმალაძე მუნიციპალურ ტრანსპორტს ჰყიდის

საბა წიწიკაშვილი, გორი

შპს „გორტრანსავტო“, რომელიც თავის დროზე მის მფლობელს, გუჯა ბერიკაშვილს გამგეობამ წაართვა, დღეს აუქციონის წესით სასწრაფოდ იყიდება. რატომ იყიდება საწარმო, რომლის გარშემო სასამართლო პროცესები მისი ადრინდელი მფლობელის სასარგებლოდ გადაწყდა?! ამ საკითხზე გუჯა ბერიკაშვილს პოზიციის დაფიქსირება არ სურს. თუმცა, კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ შესაძლოა, ბერიკაშვილმა ამ აუქციონში მონაწილეობა მიიღოს. ფაქტობრივად, მას საწარმოს შესყიდვა მეორედ მოუწევს.

2010 წლის 20 სექტემბერს გორის საკრებულოს თავმჯდომარის #188 ბრძანება გამოდის, რითაც აუქციონზე გატანილი ქონების პრივატიზებისთვის დამატებითი პირობები, ბიჯი და ბილეთის ფასი განისაზღვრა. აღნიშნული ბრძანებით, აუქციონში გამარჯვებული დაავალდებულეს, რომ შპს „გორტრანსავტორს“ განუახლოს ან შეუნარჩუნოს პროფილი 5 წლის განმავლობაში. ასევე აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, განაახლოს ავტოპარკი მინიმუმ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალებით ყოველწლიურად.

ციტატა ბრძანებიდან: „აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, განაახლოს/ შეუნარჩუნოს შპს „გორტრანსავტოს“ არსებული პროფილი 5 წლის ვადით. პროფილის სავალდებულო წესით შენარჩუნების პერიოდში მგზავრობის ღირებულების დღეისთვის არსებულის ფასების გაზრდა, ასევე ახალი სატრანსპორტო ხაზების დამატება და მათზე მგზავრობის ღირებულების განსაზღვრა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდეს მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით“.

კომპანიის კაპიტალი 2004 წელს ჰოლანდიიდან ჩამოყვანილი ავტობუსებით გაამდიდრეს. 2004 წლის დეკემბერში ჩამოყვანილი ჰოლანდიური ავტობუსები იმდენ ხანს დადიოდნენ ქალაქში განუბაჟებლად, რომ 6 თვის შემდეგ საჯარიმო თანხამ 90 000 ლარს მიაღწია. აღნიშნული თანხა ადგილობრივმა ბიუჯეტმა „გადაიხადა“ სახელმწიფო ბიუჯეტში. 2007 წლის შემოდგომით კი თბილისის მერმა გიგი უგულავამ გორის მუნიციპალიტეტს ასევე გადასცა რამდენიმე ერთეული „დაფის“ ტიპის ავტობუსი. დღეს ეს 8 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ამოღებულია შპს „გორავტოტრანსის“ საწესდებო კაპიტალიდან. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება ჩვენს ხელთ არსებული აუდიტორული დასკვნებით.

2010 წლის 21 აგვისტოს შპს „გორტრანსავტოს“ აუდიტორული დასკვნა მომზადდა.

შპს „გორტრანსავტოს“ 100% წილის მფლობელი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაა. 2010 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, საწარმოს საწესდებო კაპიტალი შეადგენდა დაახლოებით 402 000 ლარს, ხოლო გაუნაწილებელი მოგება - 53 000 ლარს. საწარმოს შენობა-ნაგებობების ფასი დაახლოებით 213 000 ლარს შეადგენს. ავტომობილების და ავტობუსების საბაზრო ღირებულება მთლიანად 71 900 ლარია. ამათში შედის 7 იკარუსი, 25 პაზი, ერთი - ფორდი და ერთიც ,,ბმვ" ტიპის ავტობუსები, მიკროავტობუსები და მანქანები. საწარმოში 13 650 ლარის ავეჯი და ინვენტარია, მათ შორის 55-ლარიანი ტელეფონი და 800-ლარიანი „ნოუთბუქი“. საბოლოო ჯამში, აუდიტორის შეფასებით, შპს „გორტრანსავტოს“ 100% წილი თავისუფალი საბაზრო ფასებიდან გამომდინარე შეფასდა 420 667, 64 ლარად.

ეს აუდიტორული დასკვნა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს 2010 წლის 25 აგვისტოს გადაუგზავნა. იმავე დღეს გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ გამოსცა #141 ბრძანება, რომლის მიხედვით გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 100% წილის შპს „გოტრანსავტოს“ ქონება აუქციონზე გასატანად გამზადდა.

ჩვენ ხელთ გვაქვს უფრო ადრინდელი აუდიტორული დასკვნა ქონების შეფასებაზე. ის 2010 წლის 25 ივნისით თარიღდება. აღნიშნული დასკვნიდან ვიგებთ, რომ საწარმოს ქონების შეფასება გამგებელმა 22 ივნისს მოითხოვა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, „ქ. გორში, თამარ მეფის ქ. #49-ში მდებარე შპს გორტრანსავტო-ს კუთვნილი ქონება, აუდიტორის შეხედულებით, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, აუდიტორულად შეფასდა 266 710 ლარად“. აქედან 187 900 ლარში შენობა-ნაგებობების ფასი შედის, ხოლო დანარჩენ 76 900 ლარში - ტექნიკა შედის. დაახლოებით ერთ თვეში, 2010 წლის 20 აგვისტოს ჩატარებული ახალი აუდიტორული დასკვნის მიხედვით, საწარმოს ქონების ფასი გაზრდილია და ხდება 212 900 ლარი, ხოლო ტექნიკის ფასი - 71 900 ლარამდე შემცირდა (5 000 ლარით ნაკლები).

მთავარი კითხვა, რომელიც ამ საქმეში აშკარად პასუხგაუცემელია: სად წავიდა 8 ერთეული „დაფის“ ტიპის ე.წ. სანდრას ავტობუსები? ან რატომ შეიცვალა ასე უცებ შენობა-ნაგებობების და ტექნიკის ფასი? საკრებულოს თავმჯდომარის, ზვიად ხმალაძის მიერ 2010 წლის 17 აგვისტოს გამოცემული #126 ბრძანების მიხედვით, „ამოღებულ იქნას შპს გორტრანსავტოს კაპიტალიდან 8 ერთეული „დაფ-სბ 220“ მარკის ავტობუსი. საწესდებო კაპიტალიდან აღნიშნული ქონების ამოღების შემდეგ, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შემცირდეს და ნაცვლად 385 250 ლარისა, განისაზღვროს 337 250 ლარით“.

ამ ბრძანების მიხედვით შევიტყვეთ, რომ შპს „გორტრანსავტოს“ საწესდებო კაპიტალი აგვისტოს დასაწყისში იყო 337 250 ლარი. სექტემბრის თვეში კაპიტალი 421 000 ლარამდე ავიდა. ორივე აუდიტი კი ერთი და იგივე ფირმამ ჩაატარა.

აუქციონის ჩასატარებლად თითქოს ყველაფერი „მზად“ იყო, მაგრამ მოულოდნელად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოცხადებული აუქციონი გააუქმა და ხელახალი აუქციონის მზადება დაიწყო.

„მოგეხსენებათ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აუქციონის წესი გარკვეულწილად შეიცვალა და შესაბამისად, საჭირო გახდა, ჩვენს მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილების ანოტაციაში ცვლილება შესულიყო. დანარჩენი, საწარმოს პრივატიზაციის პროცესი ჩვეულებრივ განხორციელდება“, - უთხრა ზვიად ხმალაძემ საკრებულოს წევრებს საკრებულოს სხდომაზე.

ზვიად ხმალაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ჰოლანდიური ავტობუსები თავის პატრონს დაუბრუნდა: „როგორც ვიცი, მუნიციპალიტეტის საკუთრება არ იყო. ვის გადაეცა, ეს ჩემთვის ცნობილი არ არის. რაც შეეხება იმას, რომ ქალაქი მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე რჩება, მოდით, შევხედოთ სიტუაციას. 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს“.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის გაზეთში „გორის მაცნე“ უკვე ხელმეორედ გამოქვეყნდა ცნობა, რომ „გორტრანსავტო“ იყიდება.

ახალი ამბები