კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რომან გვენცაძე: „ვანო მერაბიშვილი ძალიან მომწონს, მაგრამ გონივრული ეჭვის შინაარსი ვერ გავიგე“

7 ოქტომბერი, 2010
ლალი პაპასკირი, ჟურნალი „რეიტინგი“

„1990-იანი წლების შემდეგ საქართველოს ასეთი ძლიერი შს მინისტრი არ ჰყოლია. ვანო მერაბიშვილი ყველა მათგანზე, მათ შორის ჩემზე გონიერი და ძლიერი კადრია. ეს ერთხელ ვთქვი და ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა თქვა: რომან გვენცაძე იმიტომ აქებს მერაბიშვილს, შვილი დაუწინაურა და შვილიშვილი გაათავისუფლაო. ტყუილია, ჩემი ბიჭი ისევ იმ თანამდებობაზეა. შვილიშვილი კი სასჯელს იხდის“, - აცხადებს ყოფილი შს მინისტრი რომან გვენცაძე, რომლისთვისაც დღევანდელი ძალოვანი სისტემა მისაღებია, თუმცა არც ხარვეზების აღიარებას ერიდება.

„თუ რამეს დაამატებენ არ ვიცი, მაგრამ პოლიციის უფლებებში დღეისთვის გადაჭარბებული არაფერია. ხელის გულზეა ყველაფერი და ნათლად ჩანს, რომ დღეს ბევრად უკეთესი ვითარებაა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ქუჩაში უსაფრთხოდ გავლა და მანქანის გაჩერება შეიძლება. ადამიანებს არ იტაცებენ. ერთი სიტყვით, ყველანაირი დანაშაული შემცირებულია. ის უფლებები, რაც დღეს ძალოვანი უწყების თანამშრომლებს აქვთ, გადაჭარბებული კი არა, სავსებით სამართლიანია... ერთი პერიოდი პოლიცია სრულიად უუფლებო იყო და ამიტომაც დანაშაულების რაოდენობა ძალიან გაიზარდა. იმას არ ვამბობ, პოლიციას კანონის დარღვევის უფლება უნდა ჰქონდეს-მეთქი, მაგრამ ეს სისტემა თანდათან უკეთესობისკენ მიდის.

- შს სამინისტროში ვერ ვიტყვი, მაგრამ სხვა უწყებებში ახლაც ლაპარაკობენ კორუფციულ გარიგებებზე, ოღონდ მაღალ ეშელონებში...

- მიმაჩნია, რომ ამას ვიღაცები სიტყვის მასალად ამბობენ. თუ ქრთამს იღებენ, დაკავებებიც ხდება.

- საპროცესო გარიგებები იგივე კორუფცია არ არის? იმხელა თანხებია გადასახდელი!

- საპროცესო გარიგება ჩემს დროსვე შევცვალე საპროცესო შეთანხმებით... იცით, ერთ დღეში ყველაფერი ვერ მოგვარდება. თანდათან დამყარდება წესრიგი და ისეთი დრო დადგება, საპროცესო შეთანხმებაც არ იქნება და კანონებიც უფრო ლოიალური გახდება. დღეისთვის ეს ყველაფერი ამართლებს და ეფექტურია.

- სპეციალისტები ლაპარაკობენ, რომ ხშირ შემთხვევაში კანონი არასწორადაა შედგენილი, თუნდაც ახალი ინიციატივა, ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე ადამიანის ჩხრეკის უფლება...

- გონივრული ეჭვის საფუძველზე ადამიანის გაჩხრეკას მეც არ ვეთანხმები. მართალი გითხრათ, შინაარსიც კი ვერ გავიგე, რას ნიშნავს ეს "გონივრული ეჭვი"... ჩვენ დროს ასეთი რაღაცები არ იყო, მაგრამ თუ ვინმეს საეჭვოს დავინახავდით, ის უკვე ეჭვმიტანილი იყო და ამის ნიადაგზე ვაკავებდით... თუ დამნაშავე არ იქნებოდა, ბოდიშს მოვუხდიდით და გავუშვებდით... ახლა კი გამოდის, უნდა დაფიქრდეს სამართალდამცველი, გამვლელი დამნაშავე იქნება თუ არა და მერე იმოქმედოს?!. ბოლო დროს ნამდვილად არ ხდება იმ რაოდენობის დანაშაული, რომ პოლიციელს კიდევ დამატებითი უფლება მიენიჭოს. თუ ნარკომანი მიდის და პოლიციის თანამშრომელი ხედავს, რომ ის წაქცევაზეა, რად უნდა ფიქრი, აიყვანს და დისპანსერში წაიყვანს... ბოლო დროს, საბედნიეროდ, წესრიგი იმდენად არის დამყარებული, რომ ქუჩაში გამვლელის გაჩერება ნამდვილად არ არის საჭირო... კომუნისტების დროს რეიდებს ვაწყობდით, გადავკეტავდით მთელ ქალაქს და კაცს, ქალს, მანქანასა და ურემს - ყველაფერს ვჩხრეკდით. დღეს, დამატებითი კონტროლისთვის ახალი ბერკეტების შემოღების აუცილებლობას ვერ ვხედავ.

- როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდება ეს ხელისუფლებას? საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლებამ ბიუჯეტის შევსების ახალი მეთოდი მოიგონა...

- ვერ გეტყვით, ფაქტია, რომ ამის საჭიროება არ არის, ის, რაც საპატრულო პოლიციამ გააკეთა, მართლაც დასაფასებელია.

- თქვენ სამი პერიოდის საქართველოში მოგიხდათ ცხოვრება და მუშაობა, ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ დღეს დემოკრატიულის ნაცვლად პოლიციური სახელმწიფო ყალიბდება, რას იტყვით ამაზე?

- ეს ნამდვილად გაზვიადებულია. როცა ქვეყანაში რეფორმები მიმდინარეობს, ძალოვან სტრუქტურებში ცოტა სიმკაცრე უნდა იყოს. მოფერებითა და თავზე ხელის გადასმით შვილს ვერ გაზრდი, ხანდახან მასაც უნდა გაუწყრე. ასე რომ, თუ გვინდა, ქვეყანა ფეხზე დადგეს, ცოტა სიმკაცრე უნდა გამოიჩინონ, ოღონდ კანონის ფარგლებში.

- ბატონო რომან, არ მიგაჩნიათ, რომ ჯარიმის გადასახადები მაღალია, დღევანდელი მოსახლეობის შემოსავლების არაადეკვატურია, თუნდაც ავტომანქანის საჯარიმო სადგომის ფასი, რომელიც 50 ლარამდე გაიზარდა..

- გეთანხმებით, ამის წინააღმდეგიც ვარ, იმიტომ, რომ ხალხს უჭირს. საწვავიც ძვირია და ლამის შიმშილობს ხალხი და ასეთ რაღაცებს უნდა მოერიდოს ხელისუფლება... ასევე არ მომწონს ღვედები, შეიძლება, ღვედმა ადამიანი გადარჩენის ნაცვლად, დაღუპოს. ღმერთმა დაიფაროს და მანქანას ხანძარი რომ გაუჩნდეს, სანამ შეიხსნის, ჩაიწვება... თანაც ამდენი საცობია და დანიშნულ ადგილამდე მისვლას დიდი დრო სჭირდება, ქალაქში აწყვეტილი არავინ დადის...

- დღეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა შსს-თვის არის გამოყოფილი, თუმცა არსებობს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემებიც...

- დიახ, მესმის და ძალიანაც კარგია, რომ პოლიციის თანამშრომლებს მაღალი ხელფასები აქვთ. ამიტომაც არ არის ქრთამის აღების ფაქტები... მე რომ მუშაობა დავიწყე, 120 მანეთი მქონდა, მერე წოდება რომ მივიღე, 220 მანეთი დამინიშნეს, მაშინდელ მანეთს უფრო მაღალი კურსი ჰქონდა, მაგრამ ამ თანხით ოჯახს მაინც ვერ შეინახავდი. ჩემზე ვერავინ იტყვის, რომ ქრთამი ამიღია, მაგრამ პატრულის თანამშრომელს 100 ლარი რომ ჰქონდეს ხელფასი, ქრთამს აიღებს, აბა, რას იზამს და იქ მუშაობის სურვილიც არავის ექნება, ახლა კი ვიცი, რომ სერიოზული კონკურსია...

- მოსმენების თემაზეც მინდა გკითხოთ, თქვენს დროს არ იყო მოსმენები, ახლა კი ამ მექანიზმით საქმეები იხსნება და ხალხს მძიმე ბრალდებებსაც უყენებენ...

- ჩვენ დროს არ იყო მოსმენები, პოლიციას მოსმენა აკრძალული ჰქონდა, მაგრამ რაღაც შემთხვევებში ვაკეთებდით; მაშინ იყო „ლიტერი 1“, რაც ტელეფონის ჩართვას გულისხმობდა, „ლიტერი 2“ კი „ჟუჩოკის“ დაყენებას, მაგრამ ამის გასაკეთებლად ნებართვის თხოვნით მივმართავდით უშიშროებას... არც საკანში დამონტაჟების უფლება გვქონდა. იმავეს ვიტყვი ფარული ვიდეოკამარების დამონტაჟებაზე, მაგრამ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, კანონით დაშვებულია და ძალოვანებს მუშაობას უადვილებს.

- როგორ ფიქრობთ, პოლიციის მაშინდელი თანამშრომლების დონე რამდენად ახლოს არის დღევანდელთან?

- ახლა უფრო მაღალი დონის პოლიციის თანამშრომლები გვყავს, კომპიუტერი იციან, ინგლისურ ენასაც ფლობენ... მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მნიშვნელოვნად მაღალია. ლამის ყოველდღე იხსნება ახალი შენობები, მაშინ შენობის შეთეთრების საშუალება არ გვქონდა... ერთადერთი „დუბინკები“ დარჩა იგივე, მაგრამ ეს ნივთი იარსებებს მანამ, სანამ ადამიანი იქნება... ეს ხუმრობით.

ინტერვიუს სრული ვერსია, იხილეთ:
http://www.ambebi.ge/samartali/26632-qvano-merabishvili-dzalian-momtsons-magram-gonivruli-etcvis-shinaarsi-ver-gavigeq.html#ixzz11eUXWos

ახალი ამბები