კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩავლილი მატარებლის მგზავრები

11 ოქტომბერი, 2010
დებატები „ბიოლის ფონდში“ საქართველოს ახალი კოსტიტუციის პროექტზე

შორენა ლათათია

6 ოქტომბერს ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე - „მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში“, მოდერატორმა მინდია უგრეხელიძემ რიტორიკული კითხვით დაიწყო: „თუკი მოქმედი კონსტიტუცია ცუდია და იგი ახლით შეიცვალა, მაშასადამე, ის უნდა შეცვლილიყო უკეთესით და თუკი უკეთესით შეიცვალა, მის ძალაში შესავლას რატომ ველოდებით 2013 წლის დადგომას?! და თუ 2013 წელს შედის კონსტიტუცია ძალაში, რატომ გვინდა მისი დაჩქარებული წესით მიღება?!“

„ამასთან დაკავშირებით, მე მაქვს ჩემი დასაბუთებული ეჭვი. პირველი ის, რომ ახლა პოლიტიკურად მყიფე პერიოდია და ეს ვადა სიტუაციის დასასტაბილურებლად სჭირდებათ. მეორე - ის რაც არ იყო დასაბუთებული, იქნებ ამ დროში დასაბუთდეს“, - განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. 

განსაკუთერებით შემაშფოთებელი აღმოჩნდა საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომელიც არსებულ კონსტიტუციასა და მისი რეფორმების პროცესზე ჩატარდა. როგორც ჰოლანდიის მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, „კვლევის შედეგებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს მწირი წარმოდგენა აქვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ძირითადი უფლებებისა და ინსტიტუტების შესახებ. გამოკითხულთა მხოლოდ ერთი პროცენტი ფიქრობს, რომ კონსტიტუციას კარგად იცნობს. ამასთან, სოფლის მცხოვრებთა პასუხი „არ ვიცი“ სჭარბობდა ქალაქში გამოკითხულთა იდენტურ პასუხს“.

ამჟამინდელი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორის, ვახტანგ ხმალაძის აზრით, „გამოკითხვის ჩატარებას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა, ვინაიდან იგი კლიმატურად ყველაზე ცხელ, ხოლო - პოლიტიკურად ყველაზე გრილ პერიოდში - ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში, ჩატარდა“.

ორგანიზატორების მიპატიჟების მიუხედავად დებატებში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს საპარლამენტო უმრავლესობის  წარმომადგენელმა, რის გამოც დარბაზში ცალკეულ კითხვებს პასუხი ვერ გაეცა. მაგალითად კითხვაზე, თუ რატომ ვიღებთ კონსტიტუციას ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის წარდგენამდე და რატომ არ გაითვალისწინა პარლამენტმა კომისიის რეკომენდაცია მოსამართლეთათვის სამწლიანი საცდელი ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით წინადადების ამოღებაზე.

დარბაზში ასევე გამოითქვა აზრი, რომ ახალი კოსტიტუციით პარლამენტი არასაკმარისად არის გაძლიერებული, რის საპირისპიროდაც მთელი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის ხელშია მოქცეული. განასაკუთრებით შემაშფოთებელი აღმოჩნდა პარლამენტის როლის უგულებელყოფა პრემიერის მიერ მთავრობის სრული შემადგენლობის შეცვლის უფლებამოსილებისას.

უნდობლობის გამოცხადების გართულებული და დროში გაწელილი პროცედურა მიუღებელი აღმოჩნდა საკონსტიტუციო კომისიის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარისთვისაც... „მაგრამ უმრავლესობამ ასე გადაწყვიტა“, - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა. 

„მატარებელმა უკვე ჩაიარა, ჩვენ აქ ისეთ რამეზე ვკამათობთ, რაც ვეღარ შეიცვლება, რადგან პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო კონსტიტუცია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ, რომელმაც ასევე დასძინა, რომ ამის მიუხედავად, მსგავსი დებატები, თუნდაც - დაგვიანებული, მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის წარმდგენამდე, ახალი კონსტიტუციის კანონპროექტი, დაჩქარებული წესით,  მეორე მოსმენით უკვე განიხილა და  უახლოეს დღეებში გაიმართება მესამე მოსმენაც, სადაც მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა იქნება შესაძლებელი. 

ახალი ამბები