03:47, Sunday, 12.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„მოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, თქვენ უფლება გაქვთ, ფლობდეთ მას!“

11.10.2010

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

გასულ კვირას მსოფლიომ ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღნიშნა. უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც, აღინიშნა ეს დღე საქართველოშიც. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი აღნიშნულ თარიღს ანგარიშით შეხვდა. საია ლამის ერთადერთი ორგანიზაციაა ქუთაისში, რომელსაც სხვადასხვა უწყებიდან ინფორმაციის გამოთხოვისთვის დახმარების გასაწევად მოქალაქეები ხშირად მიმართავენ.

„მოგვმართავენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვისთვის დახმარებას გვთხოვენ. თუმცა, ეს შემთხვევები დღეს უკვე არცთუ ხშირია. მოქალაქეების მხრიდან გასულ წლებში უფრო იყო დაინტერესება. ამაზე მეტყველებს სასამართლო პროცესების პროცენტული მაჩვენებელიც. საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით 2000-2002 წლებში გაცილებით მეტი სასამართლო პროცესები გვხვდება, ვიდრე ბოლო წლებში. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ამ მხრივ საზოგადოების მხრიდან ინტერესმა იკლო, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან ცუდია“, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გამოკითხვამ ცხადყო, რომ საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით მოქალაქეების ინტერესი მართლაც ნაკლებია. გამოკითხულთა უმრავლესობა არც ერთხელ დაინტერესებულა იმ ორგანიზაციის ბიუჯეტით, სადაც მუშაობს. მიზეზი, სხვადასხვაგვარია. ნაწილი ფიქრობს, რომ ვერ ხედავს ამის საჭიროებას, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ამას არავითარი აზრი არა აქვს - ინფორმაციას მაინც ვერ მიიღებს.

მანანა ჩაფიძე ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოს თანამშრომელია. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეკითხვაზე, დაინტერესებულა თუ არა იგი ორგანიზაციის ბიუჯეტით, უპასუხა, რომ არა. მიზეზი კი შემდეგნაირად განმარტა: „ვფიქრობ, რომ ამ კითხვის დასმასაც კი არავითარი აზრი არა აქვს. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. ხელფასსაც კი, რომელიც კვირაობით, ზოგჯერ კი თვეობითაც იგვიანებდა ხოლმე, ჩვენ ვერასდროს ვითხოვდით. საავადმყოფოს ბიუჯეტში ჩვენ ვინ ჩაგვახედებს. კი, ბატონო, აუცილებლად მოვითხოვთ და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ“.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერ პირს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოებში ამის გაგება უჭირთ. საია-ში აცხადებენ, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევა ხდება საჭირო.

„ხშირია შემთხვევები, როცა ადმინისტრაციული ორგანოები უარით ისტუმრებენ მოქალაქეებს. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განაცხადსაც კი არ იტოვებენ. ალბათ, ამიტომაც არის, რომ მოქალაქეების მხრიდან ინტერესი დღითიდღე იკლებს. ფიქრობენ, რომ ინფორმაციას მაინც ვერ მიიღებენ. გვიწევს ხოლმე ჩარევა. ჩვენი ჩარევის შემდეგ კი, ყველაფერი გვარდება. იყო შემთხვევა, როცა საჯარი ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით ქუთაისის მერიაში ჩვენი ორგანიზაციის სტაჟიორი (სტუდენტი) მივიდა. იგი უარით გამოისტუმრეს. მივიდა მეორედ, ოღონდ, ამჯერად დაასახელა, რომელ ორგანიზაციასაც წარმოადგენდა. რა თქმა უნდა,  მიმართვა მაშინვე დაიტოვეს. თან უთხრეს, აქამდე ვერ თქვი, საიდანაც იყავიო. მე მგონი, არაფრის დამატება არაა საჭირო, ეს ფაქტი ყველაფრის მთქმელია“, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ადვოკატი თამარ ფაჩულია.

მიმდინარე წლის სექტემბრის დასასრულს აღნიშნულმა ორგანიზაციამ ქუთაისის მერიის აპარატს რამდენიმე შეკითხვით მიმართა. შესაბამისად, მოითხოვა ინფორმაცია, 2009 წლის სექტემბრიდან 2010 წლის სექტემბრამდე რამდენმა მოქალაქემ მიმართა მერიას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით. აქედან რამდენი მოქალაქე დაკმაყოფილდა, რამდენს განემარტა, რომ გამოთხოვილი ინფორმაციის მისაღებად სხვა საჯარო დაწესებულებისთვის მიემართა. ასევე, გაცემულ იქნა თუ არა ინფორმაცია ვადის დარღვევით.

პასუხად, რომელსაც ქუთაისის მერიის აპარატის უფროსი თენგიზ თოფურიძე აწერს ხელს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეცნობა, რომ მიღებულია 215 განცხადება, მათ შორის - მოქალაქის 52. ყველა მათგანს ვადის ფარგლებში გაეცა პასუხი და ყველას მერიაშივე.

პარალელისთვის: რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გასული წლის ოქტომბერში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან  მე-40 მუხლი ამობეჭდეს და ქუთაისის მერიის კედლებზე გააკრეს. ამ აქციით მათ ადგილობრივი ჩინოვნიკების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება გააპროტესტეს. როგორც „რესპუბლიკელები“ აცხადებდნენ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მათ ქუთაისის მერის თუ სხვა თანამდებობის პირთაგან გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი ვერ მიიღეს.

„რესპუბლიკელებმა“ მაშინ ქალაქის მერიიდან მერიის სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული თანხის შესახებ (ასევე, თანამდებობის პირთა სახელფასო დანამატებზე)  გამოითხოვეს ინფორმაცია. მათ ჰქონდათ ეჭვი, რომ ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯებოდა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC