კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეჭმიტანილი და გამომძიებელი ერთ უწყებაში - ჰამარბერგის კომისია გამოძიების უმოქმედობით გაოცებულია

12 ოქტომბერი, 2010
თეა თოფურია

ალან ხაჩიროვი, ასლან ხუგაევი და სოლტან პლიევი ბოლოს 2008 წლის 13 ოქტომბერს  ნახეს. ამ სამი პიროვნების გატაცებაში ოსური მხარე ბრალს საქართველოს ხელისუფლებას  სდებს. გამოძიება უკვე ორი წელია მიმდინარეობს. ადამიანის უფლებების საკითხებში, ევროსაბჭოს უმაღლესი კომისრის, თომას ჰამარბერგის კომისიის დასკვნით, საქართველოს ხელისუფლება გამოძიებას სრულფასოვნად არ ატარებს. ამასთან, დარღვეულია მთავარი პრინციპი – გამოძიება ისევ იმ უწყებას ევალება, რომელიც გატაცენაში თავადაა ეჭვმიტანილი.

ეთნიკურად ოსი სამი ახალგაზრდის (15, 19 და 25 წლის) გაუჩინარებაზე პირველად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ომბუდსმენმა დავით სანაკოევმა გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ისინი ქართულმა ფორმირებებმა უკანონოდ დააპატიმრეს. ამ ფატს საქართველოს ხელისუფლება დღემდე უარყოფს.

მოგვიანებით, 2009 წლის მარტში ინტერნეტ საიტზე www.osinform,ru  გაჩნდა ვიდეომასალა, რომელზედაც ეს სამი ადამიანი იყო ასახული. მათ შეშინებული და დათრგუნული გამომეტყველება ჰქონდათ. ადამიანებს, რომლებიც მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებენ, სამხედრო ფორმები აცვიათ და ქართულად საუბრობენ. თუ სად იყვნენ ეს პირები და ვინ იყვნენ, არ ჩანს. მოგვიანებით, ჰამარბერგის კომისიის მიერ მოძიებული მონაცემებით, იმ პირებისათვის, რომლებსაც სამი ოსი ახალგაზრდა ჰყავდათ დატყვევეული, ქართული ენა მშობლიური უნდა ყოფილიყო.

ჰამარბერგის კომისიის ექსპერტები საქმეში წელიწადნახევრის შემდეგ ჩაერთნენ და აღმოაჩინეს, რომ გამოძიებას თითქმის არაფერი ჰქონდა გაკეთებული. კერძოდ: 2009 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ხაჩიროვის, ხუგაევისა და პლიევის უკანონოდ დაპატიმრების მუხლით. საქმის მასალები სულ 44 გვერდს შეიცავდა. მისი დიდი ნაწილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და საქართველოს სახალხო დამცველთან მიმოწერა იყო. მოწმეთა ყველა ჩვენება უარყოფით ხასიათს ატარებდა, ანუ საუბრობდნენ მხოლოდ იმაზე, თუ რა არ უნახავთ და რა არ გაუგიათ დაკარგულების შესახებ, მაგალითად: „არ მახსოვს, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი 2008 წლის 13 ოქტომბერს...“ საქმის მასალები არ შეიცავს ინფორმაციას, თუ როგორ აღმოაჩინეს ეს მოწმეები, ან რატომ ჩამოერთვათ მათ ჩვენენები მომხდარიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ.

ექსპერტებს ასევე აცნობეს არაოფიციალური გამოძიების შესახებ. კერძოდ, ამ გამოძიების თანახმად, შიდა ქართლის პოლიციის ხელმძღვანელობა ერგნეთში რუსულ ადმინისტრაციას შეხვდა, სადაც დაკარგულებზეც ისაუბრეს. შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი ვიდეომასალისა და პოლიციის იმ ოფიცერთა საუბრების ექსპერტიზისთვის, რომლებიც იმ მომენტისთვის სოფლების: კორკულასა და ხელჩუასთან მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მუშაობდნენ. შედეგად შიდა ქართლის პოლიციის ხელმძღვანელობამ განაცხადა: „ვიდეოზე გამოსახული გამომძიებელი ოსი უნდა იყოს. ყოველივე ამის შემდეგ ოსური მხარე ჩვენ გვდებს ბრალს...“

იმ ბრალდების საპასუხოდ კი, თითქოს აღნიშნული პირები მერეთისა ან დიცის პოლიციის განყოფილებებში იყვნენ ჩამწყვდეული – ქართულმა მხარემ შემდეგი არგუმენტი მოიყვანა – იმ დროისთვის იქ პოლიციის განყოფილებები საერთოდ არ არსებობდა. თუმცა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულის ანგარიშებიდან ირკვევა, რომ  2008 წლის ოქტომბერში ამ სოფლებში ქართული პოლიციის განყოფილებები ნამდვილად იყო.

საბოლოო ანგარიშში ექსპერტები განსაკუთრებით ერთ ფაქტზე მიუთითებენ. მიუხედავად იმ ეჭვისა, რომ ახალგაზრდები ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს, გამოძიება დამოუკიდებლად არ ჩატარებულა. ამასთან, არ არსებობდა ახლომახლო მცხოვრებთა დაკითხვის წერილობითი დოკუმენტები. არ იყო გაშიფრული ვიდეომასალა (ფაქტობრივად ერთადერთი ხელჩასაჭიდი დოკუმენტი), ასევე არავის უცდია იმ პირის ვინაობა დაედგინა, რომელმაც ეს მასალა ინტერნეტში დადო. გარდა ამისა, ექსპერტები გაოცებულები დარჩნენ იმ ფაქტით, რომ შიდა ქართლის პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის გარდა, პოლიციის თანამშრომლებმა დაკარგულების შესახებ არაფერი იცოდნენ და არც ფოტოებიც ჰქონდათ ნანახი.

ჰამარბერგის კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოძიება არ იყო ეფექტური და ქართულ მხარეს არ განუხორციელებია მთელი რიგი ღონისძიებებისა, რაც აუცილებელია მსგავსი ფაქტის გამოსაძიებლად.

გამოძიების გასაგრძელებლად კომისია რამდენიმე  რეკომენდაციას აძლევს ხელისუფლებას, მათგან პირველი და უმთავრესია, რომ  გამოძიების ხელმძღვანელობა რაიონულ პროკურტურას ჩამოერთვას, რათა გამოძიების მწარმოებელი პირები სრულიად დამოუკიდებელნი  იყვნენ იმ უწყებისგან, რომლის თანამშრომლებიც დანაშაულის თანამონაწილეობაში შესაძლო ეჭვმიტანილები არიან.

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „იძულებით გაუჩინარების ფაქტების გამოძიება საქართველოში“,  რომელსაც აფინანსებს  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ”საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება”. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია „ადამიანის უფლებათა ცენტრი."

ახალი ამბები