კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალური საცხოვრისის მიღმა დარჩენილმა ოჯახმა თავშესაფარი რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა

12 ოქტომბერი, 2010
სალომე აჩბა

პროექტი „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში“ –სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კეთილმოწყობილი, ევროპული ტიპის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას გულისხმობს. ამ ეტაპზე თბილისში საცხოვრებლით 52 ოჯახია დაკმაყოფილებული. „რჩეულთა სიის“ მიღმა დარჩენილი ზოგიერთი ბენეფიციარი მიიჩნევს, რომ სახლები უსამართლოდ გადანაწილდა. კუპრავების ოჯახმა კი უკმაყოფილება პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატა - რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან მჯდომარე აქცია მოაწყო და თავშესაფარი რუსეთის მთავრობას  სთხოვა.

პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და თბილისის მერიის ორგანიზებით 2007 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მსგავსი პროექტი საქართველოს გარდა სერბეთსა და სომხეთშიც განახორციელა. თავდაპირველად საცხოვრებლებით მხოლოდ დევნილთა დაკმაყოფილება იყო დაგეგმილი. თბილისში აშენებულ თავშესაფრებში დევნილებთან ერთად სხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახებიც შეასახლეს.

„ჩვენ, დონორ ორგანიზაციებს  კვოტების დადგენა შევთავაზეთ. ჩვენი შეთავაზება გულისხმობდა სახლების 60 პროცენტის დევნილი ოჯახებისთვის, 40 პროცენტისა კი არადევნილი ოჯახებისთვის გადაცემას. ამ კომპრომისზე ეს ორგანიზაციები წამოვიდნენ. აქედან გამომდინარე, დევნილი და არადევნილი ოჯახები, არჩევის პოცესში ერთმანეთის კონკურენტები არ ყოფილან, რადგანც ისინი წინასწარ განსაზღვრული კვოტების მიხედვით შეირჩნენ“, - აცხადებს გია მამრიკიშვილი, მერიის სოციალური მომსახურებისა კულტურის საქალაქო სამსახურის სოციალური მომსახურებისა და ჯანდაცვის განყოფილების უფროსი.

პირველ ეტაპზე 28 ოჯახი შეირჩა, მეორე ეტაპზე კი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლებით კიდევ 10 ადგილობრივი და 14 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. სახლები შესახლებული ოჯახების მფლობელობაში მანამ იქნება, სანამ მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი ექნებათ.

კრიტერიუმები, რის მიხედვითაც  ოჯახების შერჩევა მოხდა, შევიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდმა „საქართველოს სოც. მუშაკთა ასოციაციასთან“ ერთად შეიმუშავა.

„ბენეფიციართა შეფასების პროცესში უშუალოდ ჩართული იყო ჩვენი სააგენტო. ჩვენი ორგანიზაციის სახელით პროექტის დანარჩენ პარტნიორებთან ერთად შეფასების ვიზიტებზე დადიოდნენ საგანგებოდ დაქირავებული და გამოცდილი სოციალური მუშაკები, რომლებიც ადგენდნენ კონკრეტული ოჯახების წაყენებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის საკითხს. შემუშავდა 3 ძირითადი კრიტერიუმი: ოჯახი უნდა ყოფილიყო თბილისში რეგისტრირებული,  სოციალურად დაუცველი და არ უნდა ჰქონოდა საკუთრებაში საცხოვრებელი“, – ამბობს თამარ  წივწივაძე, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ჰუმანიტარული პროგრამების უფროსი კოორდინატორი.

პრობლემამ მაშინ იჩინა თავი, როცა აღმოჩნდა, რომ პირველ ეტაპზე შერჩეულ ბენეფიციართა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა სახლების რაოდენობას.  საკითხი კენჭისყრამ გადაწყვიტა და ათასზე მეტი  ბენეფიციარიდან, ათი  ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა: „ეს ოჯახები, თავიანთი  მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით ფაქტობრივად არ განირჩეოდნენ ერთმანეთისგან. ამიტომ იძულებულნი გავხდით, საბოლოო არჩევანი კენჭისყრის პრინციპით გაგვეკეთებინა“, - ამბობს გია მამრიკიშვილი.

იმ ოჯახების ნაწილი, რომელიც ბენფიციართა სიაში იყო, მაგრამ საბოლოოდ შერჩეულ 52 ოჯახს შორის ვერ მოხვდა, უკმაყოფილებას გამოხატავს. კუპრავების ოჯახიც ერთ-ერთი მათგანია. კუპრავები მიიჩნევენ , რომ სახელმწიფო არ ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და თავშესაფარს რუსეთს სთხოვენ.

„ჩვენმა სახელმწიფომ ფაქტობრივად გაგვწირა, ზურგი შეგვაქცია. ჩვენ თხოვნით მივმართეთ თბილისის მერიას, რომ თავშესაფრით დავეკმაყოფილებინეთ. შეგვპირდნენ, თავშესაფარს მოგცემთო, მაგრამ არ დაგვაკმაყოფილეს. იძულებულნი ვართ, თავშესაფარი რუსეთს ვთხოვოთ“, - ამბობს გიორგი კუპრავა და გვეკითხება მის მიერ გაგზავნილ წერილს პრეზიდენტი მედვედევი ან პრემიერი პუტინი თუ წაიკითხავს.

22 დღის განმავლობაში კუპრავების ოჯახი ღია ცის ქვეშ, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან ცხოვრობდა. ისინი ამბობდნენ, რომ ქირის გადახდა აღარ შეუძლიათ და წასასვლელი არსად აქვთ. ამიტომ ქუჩაში იქნებოდნენ მანამ, სანამ სახელმწიფო საცხოვრებლით არ დააკმაყოფილებდა.

როგროც ჩანს, კუპრავებმა მძიმე პირობებს დიდხანს ვერ გაუძლეს და რაკი არც საქართველოს და არც რუსეთის ხელისუფლებიდან ყურადღება არავინ მიაქცია, სხვა გამოსავალი იპოვეს - პენსიები ავანსად გამოიტანეს და ისევ ბინა იქირავეს. ბუნებრივია, ავანსად გამოტანილი თანხა მალევე ამოიწურება და კუპრავების ოჯახს კვლავ ქუჩაში, ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება.

თბილისის მერია იმ ოჯახებს, რომლებიც პროექტში მონაწილეობდნენ, მაგრამ სახლებში არ შეასახლეს, პროექტის მომდევნო ეტაპამდე მოცდას ურჩევს.  მომდევნო ეტაპი კი, სავარაუდოდ  წლის ბოლოს დაიწყება.

ახალი ამბები