კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სეპარატისტებმა ახალგორში ხელმოწერები ჟენევის მოლაპარაკებებზე წარსადგენად მოაგროვეს

13 ოქტომბერი, 2010
მარი ოთარაშვილი, ახალგორი-თბილისი

ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციამ ჟენევის დისკუსიებზე წარსადგენად ახალგორელთა ხელმოწერები 8-9 ოქტომბერს შეაგროვა. როგორც დე ფაქტო ადმინისტრაციის ერთ-ერთი ჩინოვნიკი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ხელმოწერები „ჟენევიდან მოითხოვეს“. თანაც, ეს ხელმოწერები თან უნდა დაერთოთ განცხადებას, რომლითაც ახალგორელები საქართველოს მთავრობის გაზის მიწოდების განახლებას მოითხოვენ. მიმართვას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სელისუფლება საქართველოს, აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებს, ასევე, ედუარდ კოკოითის და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს გაუგზავნის.
 
თავად ახალგორელები კი ამბობენ, რომ ხელმოწერების შეგროვების რეალური მიზეზი სულ სხვაა. „გაზი კი არა, აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი, თორემ განა ამ ადმინისტრაციამ არ იცის, რომ ხელმოწერებს ქართული მხარე ზედაც არ დახედავს, გინდ თბილისში ჩაუტანე, გინდ ჟენევაში. თუკი მართლა გაზის მოწოდებას ეხებოდა, მაშ, რატომ იწყებოდა განცხადების ტექსტი სიტყვებით - „ლენინგორის რაიონი 18 წლის განმავლობაში ოკუპირებული იყო...“ ამას შემდეგ მოსდევდა გაზის მოთხოვნის ტექსტი. ოსები ამ ოკუპაციაში გულისხმობენ იმას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან აგვისტოს ომამდე საქართველოს „ოსეთის მიწა“ – ლენინგორი ოკუპირებული ჰქონდა და აგვისტოს შემდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას დაუბრუნდა. მე, პირადად, ამას ხელი არ მოვაწერე. სხვებმა რას ქნეს, არ ვიცი. ისე კი, ზოგიერთმა ხელი ამას მოაწერა, რადგან ყველა ვერ უძლებს ზეწოლას - ხელმოწერების შეგროვებისას თვითონ ადმინისტრაციის უფროსი ალან ჯუსოევი და მისი მოადგილე ალექსანდრე ბარათაშვილი დადიოდნენ“, - გვითხრა ერთ-ერთმა ახალგორელმა.

„არ დაიჯეროთ!.. ხელმოწერების შეგროვება იმიტომ დავიწყეთ, რომ თვითონ ჟენევიდან მოვიდა მოთხოვნა“, – განაცხადა ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციიდან დე ფაქტო პროკურატურის უფროსმა გამომძიებელმა დავით გურწიევმა და დასძინა: „ჩვენ მართლაც ვთვლით, რომ ლენინგორი საქართველოს ოკუპირებული ჰქონდა და ახლა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას დაუბრუნდა, მაგრამ ამის აღიარებაზე ეს ხელმოწერები ნამდვილად არ ყოფილა; ხელმოწერები შევაგროვეთ ჟენევაში (იქიდან იყო მოთხოვნა) გასაგზავნად იმისათვის, რომ საქართველომ ლენინგორს გაზის მოწოდება აღუდგინოს. აქაურებმა ეს არასწორად გაიგეს და ძალიან სამწუხაროა“.

ცნობისათვის, რუსული გაზის გიგანტი „გაზპრომი“, საქართველოსგან უკითხავად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორგანიზაცია „გაზპრომი – სამხრეთ ოსეთის“ ამოქმედებას იწყებს. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ტერიტორიის მოსახლეობა უახლეს დროში გაზმომარაგებით დაკმაყოფილდება. „ეს არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა კიდევ უფრო ღრმად მოხვდეს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის  ტერიტორიის ინტეგრირება ერთიან რუსულ სივრცეში“, – ასე აფასებს აღნიშნულს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი.

„დიახ, ლენინგორი გაზს ცხინვალიდან მიიღებს, მაგრამ ეს ტექნიკური მიზეზების გამო მომავალ წლამდე ვერ მოხერხდება. ამიტომაც გვინდა ცოტა ხნით მაინც ეს ზამთარი საქართველომ გადაგვატანინოს“, – აცხადებენ ახალგორელი დე ფაქტო ჩინოვნიკები.

გაჭრის თუ არა ეს ხელმოწერები ქართულ მხარესთან და  მიიღებს თუ არა ამ გზით ახალგორი გაზს?

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, აღნიშნული ხელმოწერებით ქართული მხარე გაზს არ ჩართავს. ოსურ მხარეს კი ეს ხელმოწერები უცხოელებთან აპილირებისთვის მხოლოდ შირმად სჭირდება.

პაატა ზაქარეიშვილი: „სააკაშვილმა ახალგორელების ხელმოწერები კი არა, 100 000 კაცი იყო ქუჩაში გამოსული და ისინი არ ჩააგდო არაფრად. ანუ სააკაშვილს ასეთი ხელმოწერები სულ არ ადარდებს. ეს კარგად იციან ოსებმაც. ჩემი აზრით, ეს ხელმოწერები მათ სჭირდებათ არა ქართული მხარისთვის, არამედ დასავლეთისთვის, ამერიკისთვის. უცხოელები ამ ხელმოწერებს რომ დახედავენ, სააკაშვილს ჰკითხავენ: რა არის, რას მიჰქარავთ, რას უშვრებით ამ ხალხს, რატომ არ აძლევთ გაზს?! დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკვე გაჭრის. ანუ  ეს ხელმოწერები შირმაა იმისათვის, რომ უცხოელებმა დაინახონ, სააკაშვილი ახალგორელებს გაზს როგორ უბლოკავს“.

ზაქარეიშვილის თქმით, ამავე დროს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ოსური მხარის მოთხოვნა „18-წლიან ოკუპაციის აღიარებაზე“: „განცხადების ტექტი მე არ მინახავს და ამიტომაც მიჭირს თქმა, ნამდვილად ასე ეწერა თუ არა. როგორც პრესაში გავრცელდა, ტექსტი იწყებოდა ისე, თითქოს ახალგორელებისგან საქართველოს მხრიდან ახალგორის „18-წლიანი ოკუპაციის“ აღიარებას მოითხოვდნენ. ეს აბსურდი და აბსოლუტური სისულელეა. თუ ოსებს უნდათ ადგილობრივ ქართველებთან ურთიერთობა, ამგვარი საქციელი არანაირ ლოგიკასა და კეთილგანწყობაში არ ჯდება.”

„საქართველოს მიერ ახალგორის ოკუპაციაზე საუბარი სრული აბსურდია. ეს განცხადება ცხინვალის რეჟიმის მორიგი ბლეფია. ჩვენ გვესმის იმ ადამიანების, ვისაც ხელი მოაწერინეს და ისიც გასაგებია, როგორ მოაწერინებდნენ ხელს. რა თქმა უნდა, ამ განცხადებას სერიოზულად არც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები მიიღებენ“, - ამბობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი. 

უტიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 14 ოქტომბრის რაუნდზე ქართული დელეგაცია კონფლიქტის ზონებიდან დევნილი მოსახლეობისთვის მტკივნეულ საკითხებს დააყენებს და ეცდება, დევნილების დაბრუნების შესახებ დოკუმენტის შემუშავებაში მიაღწიოს პროგრესს.

ახალი ამბები